გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მთავარი სამეცნიერო მრჩეველი სერ პატრიკ ვოლანსი აცხადებს, რომ ახალი შეზღუდვების დაწესების გარეშე ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის ქვეყანაში, ყოველდღიურად კორონავირუსის 50 000-მდე ახალი შემთხვევის დაფიქსირებაა მოსალოდნელი.
მისივე თქმით, გაიზრდება ფატალური შემთხვევების რაოდენობაც და შესაძლოა, ყოველდღიურად 200 ადამიანი დაიღუპოს.
"ამ დროისთვის ვფიქრობთ, რომ ეპიდემია ყოველ შვიდ დღეში დაახლოებით ორმაგდება და ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, მაგრამ თუ ის შენარჩუნდება, ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის ყოველდღიურად 50 000-მდე შემთხვევა გვექნება, რაც, ერთ თვეში, ანუ ნოემბრის შუა რიცხვებისთვის, ყოველ დღე გარდაცვალების 200-მდე ფაქტს გამოიწვევს“, - აღნიშნა სერ პატრიკ ვოლანსმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, აუცილებელია ეს მაჩვენებელი შეიცვალოს და ინფექცია ყოველ 7 დღეში არ ორმაგდებოდეს.
შეგახსენებთ, გაერთიანებულ სამეფოში გუშინ კორონავირუსის 3 899 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 18 ადამიანი გარდაიცვალა. მედიის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი შექმნილი მდგომარეობის გამო, ინგლისში კარანტინის ხელახალ გამოცხადებას არ გამორიცხავს.