გაყიდვების გარეშე 21-ე საუკუნის ცხოვრება წარმოუდგენელია. ეს ტრადიციული საქმიანობა, რომელსაც საფუძველი უძველესმა ადამიანებმა ჩაუყარეს, თავის ტრადიციულ ფორმებს დიდი ხანია, გასცდა და ყოველგვარ მასშტაბს გადააჭარბა. დღეს გაყიდვების მრავალგვარი ხერხი არსებობს და თითოეულ მათგანს თავისი მიმდევრებიც ჰყავს. გაყიდვები ისწავლება არაერთ უნივერსიტეტსა თუ სასწავლებელში და მრავლად შეხვდებით გაყიდვების მოკლე სალექციო კურსებსაც.
ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც სპეციალისტებს გამოცდილებამ დაანახა, იყო ის, რომ გაყიდვების სტილი და გზები უნდა მოარგო ადგილობრივ საზოგადოებას, მის მოთხოვნებსა და ინტერესებს. მაგალითად, თუ ერთი ტიპის საზოგადოებაში გაყიდვების აგრესიული მეთოდები გამართლებულია, სხვაგან ის სრულიად მიუღებელია.
დავით ჩიკვაიძე, რომელიც „საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტის“ დამფუძნებელი და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ტრენერია, გაყიდვების მიმართულებით, აღნიშნავს, რომ მისმა პრაქტიკამ ერთ საინტერესო დასკვნამდე მიიყვანა.
„ზოგადად, გაყიდვებს მკაცრად ჩამოყალიბებული წესები არ აქვს. როდესაც ჩვენ ვასწავლით, თუ როგორ უნდა გაყიდონ, შეიძლება ვფიქრობთ, რომ ამით იმასაც ხვდებიან, თუ როგორ არ უნდა გაყიდონ. თუმცა მე ვფიქრობ, რომ დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ადამიანებს ვასწავლოთ, რა არ მუშაობს გაყიდვებში, რათა უკეთ გაიგონ, თუ რა მუშაობს მასში. ამ დასკვნამდე ერთმა საინტერესო შემთხვევამ და ადამიანმა მიმიყვანა. მან ასეთი რაღაც მითხრა - თუ მასწავლი, რა მუშაობს გაყიდვებში, მაგრამ არ მეუბნები, რა არ იმუშავებს, რომელია ის შეცდომები, რომელიც არ უნდა დავუშვა, მე როგორც მესმენელი, უბრალოდ შენგან ვიღებ ცოდნას და ჩემს გამოცდილებაზე ვაწებებ. მაგრამ ეს ცოდნა შეიძლება მალევე ჩამოიშალოს. სწორედ ამიტომ, ხომ არ აჯობებს, ადამიანებს ის გაუზიარო, რაც არ მუშაობს, რათა მერე უფრო მარტივად ისწავლონ, რა მუშაობს გაყიდვებში“, - განმარტავს დავით ჩიკვაიძე.
როგორც ჩიკვაიძე აღნიშნავს, ამ შემთხვევამ ის ღრმად დააფიქრა და მალევე გადაწყვიტა, გაყიდვების სასწავლო პროგრამა სრულად ამოეტრიალებინა. მალევე კი დაიწყო მუშაობა წიგნზე „ანტიგაყიდვები“.
„პროგრამა უკუღმა დავალაგე. თემა იწყებოდა იმის გარკვევით, თუ რა არ მუშაობდა გაყიდვებში და მხოლოდ ამის შემდეგ ვადგენდით, რა მუშაობდა. სწავლების დასასრულს რადიკალურად გაუმჯობესებული შედეგები მივიღეთ,“ - იხსენებს დავით ჩიკვაიძე.
2019 წელს კი დავით ჩიკვაიძემ გამომცემლობა „პალიტრა L-თან“ თანამშრომლობით, გამოსცა წიგნი „ანტიგაყიდვები“, რომელიც სრულად იმ მოდელზეა მორგებული, თუ როგორ არ უნდა გავყიდოთ. გამოცემა გაყიდვების სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის მეტად საინტერესო აღმოჩნდა და დღეს ბევრი ადამიანი თავის საქმიანობაში მიყვება პრინციპს, თუ როგორ არ უნდა გაყიდოს პროდუქტი და ცდილობს, გაარკვიოს, თუ რა არ მუშაობს მის გაყიდვებში. შედეგად კი, მნიშვნელოვნად გაზრდილ გაყიდვებს იღებენ.