გორში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ძაღლმა გამვლელი არასრულწლოვანი დაკბინა. დაშავებული 17 წლის გოგო სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანა. კლინიკაში აცხადებენ, რომ პაციენტს ამბულატორიული მკურნალობა გაეწია, მოხდა ჭრილობის დამუშავება, ჩაუტარდა შესაბამისი აცრა და გაეწერა ბინაზე.
დაშავებულის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ძაღლი მიუსაფარი არ არის და იგი მათ მეზობელს ეკუთვნის. როდესაც შემთხვევა მოხდა, სწორედ აღნიშნული მეზობლები ასეირნებდნენ ძაღლს ქუჩაში.
"შეუძლებელი გახდა აქ ცხოვრება, საერთო ეზოა და სახლიდან ვეღარ გამოვდივართ. 70 კილოგრამიანი ძაღლია, ჯერ ჩემს მეუღლეს უკბინა, შემდეგ სხვა მეზობლის ბავშვს, ახლა - ჩემს შვილიშვილს. ორჯერ მივმართეთ სასამართლოს, გამოიტანეს დადგენილება, რომლითაც მეზობელს აეკრძალა ძაღლის ქუჩაში გამოყვანა საბელისა და ალიკაპის გარეშე, მაგრამ არ ასრულებენ ამ გადაწყვეტილებას", - განაცხადა დაშავებული მოზარდის პაპამ, ავთო ღონღაძემ.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან.