"მთავრობის ეს დადგენილება მეცნიერებისთვის არის საკონტროლო გასროლა და სხვა არაფერი," - ასე აფასებს მეცნიერთა ნაწილი სამეცნიერო ინსტიტუტების უმრავლესობის უმაღლეს სასწავლებლებთან მიერთებას. ეჭვობენ, რომ ასეთი შეერთებით აღნიშნული სამეცნიერო დაწესებულებების გაუქმება-ლიკვიდაცია გარდაუვალია.
მთავრობის დადგენილებით, თსუ-ს თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტი და ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტი შეუერთდება.
ტექნიკური უნივერსიტეტი ინსტიტუტ "ტალღასა" და საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელ ცენტრს შეიერთებს.
სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის შემადგენლობაში მეცხოველეობისა და საკვებწარმოების ინსტიტუტი შევა; ლევან ყანჩაველის მცენარეთა დაცვისა და მეფუტკრეობის ინსტიტუტებს კი სამედიცინო უნივერსიტეტის სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტს შეუერთებენ.
რეორგანიზაცია 2011 წლის 1 იანვრამდე უნდა დასრულდეს.
მთავრობის მიერ სამეცნიერო ინსტიტუტების მიერთება უნივერსიტეტებთან პროფესორ მერაბ ჯიბლაძის თვალსაზრისით გარდაუვალი პროცესი იყო, რასაც, მისივე თქმით, მეცნიერებათა აკადემიის გაუქმება და საბოლოოდ მეცნიერების გარდაცვალება მოჰყვება.
"ამ შეერთებით მეცნიერები თავისუფლებას მთლიანად კარგავენ და შედიან იმ უნივერსიტეტების განკარგულებაში, რომლებსაც, ფაქტობრივად, სამეცნიერო სექტორი არ აქვთ," - ამბობს ჯიბლაძე. " - ეს შეერთებები, რომლებიც ინსტიტუტების გაუქმება-ლიკვიდაციის ტოლფასია, ბოლო ნაბიჯია იმისათვის, რომ საქართველოში მეცნიერება მთლიანად მოკვდეს. ეს ყველაფერი ისედაც მოსალოდნელი იყო, რადგან განვითარებად ქვეყნებში არსად არ არის სამეცნიერო ინსტიტუტები. ამას ძალიან მალე მეცნიერებათა აკადემიის გაუქმებაც მოჰყვება. რა საჭიროა მეცნიერებათა აკადემია მაშინ, როცა მას არავითარი ინსტიტუტი აღარ აქვს?! აქ საგულისხმოა ის, რომ სამეცნიერო ინსტიტუტები უნივერსიტეტის შემადგენლობაში გაურკვეველი სტატუსით შედიან. მეორეც - უნივერსიტეტი ინსტიტუტის სამეცნიერო ნაწილს არ დააფინანსებს. ინსტიტუტის სამეცნიერო ნაწილმა თავად უნდა მოიპოვოს გრანტები, მაგრამ გრანტებს როგორღა მიიღებენ მაშინ, როცა ისინი იურიდიულ პირებად აღარ ითვლებიან?! ამიტომაც ამ შემთხვევაში საზღვარგარეთის გრანტებზე საუბარი ზედმეტია, საქართველოს სამეცნიერო გრანტები კი, მოგეხსენებათ, გააუქმეს. აქედან გამომდინარე, ინსტიტუტების უნივერსიტეტებთან შეერთება მათ ლიკვიდაციას ნიშნავს."
ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სრული პროფესორი დიანა ძიძიგური "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ სამეცნიერო ინსტიტუტების უნივერსიტეტებთან შეერთებაში ცუდს ვერაფერს ხედავს. მეცნიერების ლიკვიდაცია კი, მისივე მოსაზრებით, ეს გაერთიანებები რომც არა, ისედაც მოხდება.
დიანა ძიძიგური: "აქ მთავარი ის არის, რამდენად ითვალისწინებენ შეერთებისას თავად ინსტიტუტების თანამშრომელთა სურვილს. როგორც ვიცი, ამის გათვალისიწინება ყველგან არ ხდება. მაგალითად, ბოტანიკის ინსტიტუტს (რომელსაც მემორანდუმი თსუ-სთან ჰქონდა და რატომღაც ილიას უნივერსიტეტს შეუერთეს) არ უნდოდა რომელიმე უმაღლეს სასწავლებელთან მიერთება. ეს რომ მხოლოდ პრემიერ-მინისტრის ხელმოწერით ხდება და ინსტიტუტის თანამშრომელთა ინტერესებს არ ითვალისწინებენ, ჩემთვის მიუღებელია. თუკი ქვეყანას სტრატეგია აქვს იმისა, რომ გაამსხვილოს მეცნიერება, სხვა ამბავია, მაგრამ თავად ამის ფორმაა ცუდი.
"მაინც მგონია, რომ ასეთი საქმე ინსტიტუტებთან შეთანხმებით უნდა ხდებოდეს. მიმაჩნია, რომ თუ სამეცნიერო ინსტიტუტები უნივერსიტეტებს შეუერთდება, ამაში ცუდი არაფერია. თუმცაღა შესაძლებელია რაღაცა კონფლიქტური სიტუაციები შეიქმნას საათების მოთხოვნასთან დაკავშირებით. იმედია, ეს საკითხი კონფლიქტამდე არ მივა და დადებითად გადაწყდება. ამ მხრივ, როგორც გითხარით, მნიშვნელოვნად ვთვლი, სად გადადის მეცნიერთა კოლექტივი და რომელ ინსტიტუტს უერთდება - ამის შეთანხმება წინასწარ უნდა ხდებოდეს. რაც შეეხება იმას, ხდება თუ არა ამ დაწესებულებების ლიკვიდაცია, ესეც რომ არა, იმდენად მცირეა მეცნიერების დაფინანსება და კვლევითი ინსტიტუტების მიმართ იმდენად არის თაობებისგან ინტერესი დაკარგული, რომ მაქსიმუმ 20 წელიწადში თავისთავად მოხდება მათი ლიკვიდაცია. საერთოდ, საქართველოში მეცნიერებით ძალიან ცოტა ადამიანი კავდება, რადგან დაფინანსება მიზერულია. ყველა გარბის უცხოეთში, სადაც ეს სისტემა აწყობილია, და სადაც ჩვენი პერსპექტიული ახალგაზრდები დაქირავებული მუშები ხდებიან."
ყოველივე ამას დაემატა ისიც, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ეროვნული სამეცნიერო ფონდის ლიკვიდაცია მოახდინა და რუსთაველის ფონდს შეუერთა. ესეც მეცნიერებს აფიქრებინებს, რომ საქართველოში მეცნიერება უპერსპექტივოა, თაობები კი - დეგრადირებული.
დიანა ძიძიგური: "მგონია, რომ ფონდების გაერთიანება იმიტომაც მოხდა, რომ შემცირდა მეცნიერების დაფინანსება. ჩვენს ქვეყანაში მეცნიერება პრიორიტეტული აღარ არის, ეს ცხადზე უცხადესია! პრიორიტეტი არის სრულიად სხვა, რასაც ყოველდღე ვუყურებთ ტელევიზიით: დღეს ხდება ბარში სიგარეტითა და სასმელით ხელში ახალგაზრდების დილამდე ჯაყჯაყის კულტივირება - ეს არის თაობის სრული დაღუპვა. ადამიანი 5 საათით კი არა, ერთი საათითაც რომ ხტუნავს, იმის თავში ხმაურის მეტი არაფერი შედის. ასეთ ადამიანს (ამას როგორც ბიოლოგი, ისე გეუბნებით) შეუძლებელია ნორმალური ფსიქიკა ჰქონდეს.
"საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია საბუნებისმეტყველო მეცნიერება. არადა ამ სამეცნიერო დარგებზე - ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია - შენდება მთელი განათლება. ამ დარგის ფაკულტეტის წარმომადგენელი ვარ და კარგად ვხედავ, რაც ხდება. ფაკულტეტზე დღეს პრაქტიკულად აღარავინ მოდის. მხოლოდ პროგრამირება, კომპიუტერი! - აი, ეს აინტერესებთ, რაც საბოლოოდ ზომბირებულ თაობებს მოგვცემს."
სამეცნიერო ინსტიტუტების უმაღლეს სასწავლებლებთან მიერთება მათ ლიკვიდაციას რომ ნიშნავს, ამას ცალსახად აღნიშნავს აკადემიკოსი, ა/ო "სოლიდარობა განათლებული საქართველოსთვის" გამგეობის თამვჯდომარე, თენგიზ სანაძე.
"ფიზიკის, ქიმიისა და გეოლოგიის ინსტიტუტებიღა დარჩათ გასაუქმებლად. ეს ყველა ინსტიტუტი გაერთიანებული იყო მეცნიერებათა აკადემიის შემადგენლობაში. ინსტიტუტების უნივერსიტეტებთან მიერთება ნიშნავს მეცნიერების საბოლოოდ ძირს დაცემას, შენობებს კი სარფიანად გაყიდიან. მთავრობის ეს დადგენილება მეცნიერებისთვის არის საკონტროლო გასროლა და სხვა არაფერი."
მარი ოთარაშვილი