"მთავარი არხი" თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ახალ ფიგურანტზე ავრცელებს ინფორმაციას, რომელიც ტელეკომპანიის ცნობით გამოძიებამ უკვე გამოკითხა.
მათი თქმით, საუბარია თემურ ჭანუყვაძეზე, რომელიც 23 წლის პროგრამისტის შეყვარებული იყო.
აღნიშნულ ფაქტს "მთავარ არხთან" საუბრისას ადასტურებს თამარ ბაჩალიაშვილის დედაც. თეონა თამაზაშვილის თქმით, არსებობს ფოტოალბომი, სადაც თემურის და თამარის ერთობლივი ფოტოებია შენახული.
როგორც პროგრამისტის დედა აღნიშნავს, აღნიშნული ფოტოალბომი პროკურატურას აქვს ამოღებული.
"თემური ჭანუყვაძე იყო ჩემი შვილის ცხოვრებაში. უაღრესად კარგი პიროვნებაა, მე ბედნიერი ვიქნებოდი, რომ თამუნა და თემური ერთად ყოფილიყვნენ, მაგრამ თამუნამ აირჩია კარიერა. არსებობს ერთი ალბომი, სადაც მათი ერთად გადაღებული ფოტოებია.
ეს ალბომი პროკურატურაშია. მე წავიკითხე თემურის ჩვენება, ის ღირსეული ადამიანია და ღირსეულად მოიხსენიებს თამუნას ჩვენებებში" - აღნიშნა თეონა თამაზაშვილმა.
ჟურნალისტი გიორგი კაპანაძე ამბობს, რომ აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმაცია და ფოტომტკიცებულებები მასაც აქვს. მისი თქმით, მას აქვს ინფორმაცია, რომ თემურ ჭანუყვაძემ თამარ ბაჩალიაშვილს პარიზში სწავლის პერიოდშიც ჩააკითხა.
"ჭანუყვაძეს ჰქონდა ახლო ურთერთობა თამარ ბაჩალიაშვილთან. როდესაც თამარი სასწავლებლად პარიზში იყო წასული, მან იქ ჩააკითხა, ამის ფოტომტკიცებულებეი არსებობს. ეს ამბავი ოჯახისთვის ცნობილია" - აღნიშნა კაპანაძემ.