შატილის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, წინასწარი ინფორმაციით, 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 3 ადამიანი კი მძიმედ დაშავდა.
შსს-ს ინფორმაციით, მიკროავტობუსი კლდოვან ფერდობზე, დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.
"112"-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოს სიახლოვეს, შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც მიკროავტობუსი გადავარდა კლდოვან ფერდობზე, დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან.
შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ მოხდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფის მობილიზება. ადგილზე იმყოფებიან საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები და სამაშველო ტექნიკა. ადგილზე, ასევე, იმყოფებიან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებიც.
სამაშველო სამუშაოები უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით მიმდინარეობს. სამაშველო ჯგუფები რთული რელიეფური და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, სამაშველო ოპერაციას უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ" - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
AMBEBI.GE-ს შატილის მკვიდრი, მიხეილ ჭინჭარაული უყვება, რომ სამარშრუტო მიკროავტობუსში 15 მგზავრი იჯდა და სავარაუდოდ, არც ერთი არ გადარჩენილა.
"მიკროავტობუსი ნაწვიმარზე მოსრიალებულა და ხევში გადავარდნილა. სოფელ ბისოს რომ გაცდები, იქ ძალიან სახიფათო მოსახვევია, მძღოლს ვერ მოუხვევია და პირდაპირ ხევში, დაახლოებით 100 მეტრის სიმაღლიდან გადაჩეხილან.
ამბობენ, რომ მგზავრები ექსკურსიაზე ყოფილან შატილში. ჯერ ზუსტად არავინ იცის და არაა დადგენილი, ვინ არიან მიკროავტობუსის მგზავრები" - ამბობს ჭინჭარაული.