ავტორი:

"თავიდან მესმოდა საუბრები, ასეთი ახალგაზრდა ქუჩებს რატომ უნდა გვიდესო..." - 22 წლის აფხაზეთიდან დევნილი ბიჭი, რომელიც თბილისის სისუფთავეზე ზრუნავს

"თავიდან მესმოდა საუბრები, ასეთი ახალგაზრდა ქუჩებს რატომ უნდა გვიდესო..." - 22 წლის აფხაზეთიდან დევნილი ბიჭი, რომელიც თბილისის სისუფთავეზე ზრუნავს

დილაობით თბილისის დასუფთავებულ ქუჩებში რომ მივაბიჯებთ, ალბათ ცოტას თუ გვიფიქრია იმაზე, თუ რამდენი საინტერესო ადამიანი და ისტორია დგას ამ შრომის უკან.

AMBEBI.GE -გაგაცნობთ 22 წლის მათე ჯანაშიას, რომელიც უკვე ერთი წელია მუშაობს იმისთვის, რომ დედაქალაქის მცხოვრებლებს სუფთა გარემო შეუქმნას. მათე დაოჯახებულია, ჰყავს 19 წლის მეუღლე და რვა თვის გოგონა.

ოჯახი თბილისში ქირით ცხოვრობს. მან "თბილსერვის ჯგუფში" მუშაობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ოჯახს მოეკიდა. ჯანაშიების ოჯახი აფხაზეთიდან დევნილია. თავად მათეს არასოდეს უნახავს მშობლიური აჩიგვარა. მაგრამ ოჯახის წევრები ხშირად უყვებიან ისტორიებს აფხაზური ცხოვრების შესახებ.

- როგორია თქვენი სამუშაო დღე?

- დილას შვიდ საათზე ვიწყებ მუშაობს. ვგვი თბილისის ქუჩებს და სამსახურს სამის ნახევარზე ვამთავრებ. დაახლოებით ერთი წელია ვმუშაობ "თბილერვის ჯგუფში". ეს ჩემი მეხუთე სამსახურია 15 წლიდან დასაქმებული ვარ. აქ ყველაზე კარგი პირობები მაქვს, სადაც კი აქამდე მიმუშავია.

ისეთი გრაფიკი მაქვს, დრო ოჯახისთვისაც მრჩება. მაქვს ასევე მეორე სამსახურიც. ფოტოგრაფი ვარ და შეკვეთით დავდივარ წვეულებების გადასაღებად. ჩემი ნამუშვერბეიც მაქვს და ვფიქრობ, გამოფენაზე გავიტანო. თუმცა ეს ძირითად შემოსავლის წყარო ვერ იქნება. უბრალოდ ხელფასს რომ ემატება, რაღაც პერიოდში გვეხმარება.

- ხომ არ გიჭირთ მუშაობა? შრომატევადი იქნება...

- ვერ ვიტყვი რომ მიჭირს, ან ძნელია. ფიზიკურ შრომას ბავშობიდან მიჩვეული ვარ. მძიმე და წელმოსაწყვეტი საქმე ნამდვილად არ არის. ვისაც ცოცხით დიდი ტერიტორია არ დაუგვია, ის ვერ მიხვდება, მაგრამ განსაკუთრებული სიძნელე არ არის.

- 21-ე საუკუნეში ალბათ ამაზე ხაზგასმა უხერხულია, მაგრამ თუ გქონიათ შემთხვევა, რომ გარშემომყოფებს არასწორი დამოკიდებულება გამოეხატათ იმ საქმიანობის გამო, რომელსაც თქვენ ეწევით?

- თავიდან სიმართლე გითხრათ, ასე თუ ისე არც მე მსიამოვნებდა და თვს უხერხულადაც კი ვგრძნობდი, პირველი რამდენიმე კვირა ამ მხრივ ცოტა გამიჭირდა. თან ირგვლივ მესმოდა, ახალგაზრდა ბიჭი ნაგავში რატომ უნდა იქექებოდეს, ქუჩებს რატომ უნდა გვიდეს, სხვა ვერაფერი იშოვნაო.

თავიდან იყო ეს განწყობა, მაგრამ სწორედ ის ადამიანები, ვინც ამას მეუბნეოდნენ, შემდეგ მე მთხოვდნენ სამსახური დაგვაწყებინეო შენთანო. თუმცა ადამიანების უმრავლესობას ძალიან კარგი და პოზიტიური დამოკიდებულება ჰქონდა. ყოჩაღ, როგორი მშრომელი ბიჭი ხარო, შემაქებდნენ ხოლმე და მეც სტიმული მეძლეოდა. რამდენიმემ ბოდიშც მომიხადა, რომ მივხდა არასწორად მომმართა.

- აფხაზეთი თქვენ ალბათ არ გემახსოვრებათ. ოჯახის წევრები გიყვებიან მის შესახებ?

- დიახ, მე სენაკში დავიბადე და აფხაზეთში არასოდეს ვყოფილვარ. ოჯახში კი სულ არის ამაზე საუბარი. ბებია ხშირად მიყვება ამბებს, თუ როგორ ბედნიერად ცხოვრობდნენ გალში. ვერ ინლებს. რა სამშობლო და სახლ-კარი დავკარგეთო, ამბობს.

მამაჩემი აფხაზეთის ომში იბრძოდა, ტანკისტი იყო. გასახსენებელი ალბათ, მასაც ბევრი აქვს, მაგრამ ამ თემაზე არ საუბრობს ხოლმე.

- აფხაზეთთან დაკავშირებული რა ისტორია ჩაგრჩათ ყველაზე მეტად მეხსიერებაში?

- ჩემს ოჯახს საკუთარი ხელოვნური ტბა ჰქონდა, რკინიგზის სადგურთან ახლოს და ერთხელ დაუჭერიათ ორი 50 კილოიანი თევზი. ორ ადამიანს ეჭირა იმხელა იყო. სულ ეს ისტორია მახსენდება ხოლმე. ისეთი შეგრძნებებით მიყვებოდა მამაჩემი. ფოტოც გვქონდა, ამ თევზების დაჭერის ამსახველი, მაგრამ სადღაც დაიკარგა...

- რა მიზნები და გეგმები გაქვს სამომავლოდ?

- ჩემი ერთადერთი ოცნება და მიზანია, ჩემს პატარა გოგოს უზრუნველი ცხოვრება შევუქმნა. მინდა განათლება მივცე, რაც მე ვერ მივიღე თავის დროზე და ძალიან მწყდება გული. ხუთი დედმამიშვილი ვართ და ვერ მოხერხდა , რომ უნივერსიტეტში მესწავლა.