შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული და სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, წარსულში ნასამართლევი პირები: 1992 წელს დაბადებული გ.გ., 1980 წელს დაბადებული კ.ს., 1990 წელს დაბადებული გ.გ., 1981 წელს დაბადებული გ.ქ. და 1984 წელს დაბადებული ა.მ. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს.
ამის შესასხებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ 1992 წელს დაბადებულმა გ.გ-მ, კ.ს- სთან და გ.გ-სთან ერთად, წარსულში არსებული უთანხმოების გამო, შურისძიების მოტივით, 1983 წელს დაბადებულ ო.კ - ს, თბილისში, მისსავე დროებით საცხოვრებელ სახლში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც აღნიშნულმა პირებმა ცივი იარაღის მუქარით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს ო.კ.-ს და ა.მ.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით ქობულეთში ჩაიყვანეს.
ამის შემდეგ, ბრალდებულებმა ო.კ. გადასვეს გ.ქ.-ს მფლობელობაში არსებულ ავტომობილში და ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეს მიმართულებით წაიყვანეს, რა დროსაც აღნიშნული ავტომობილი სამართალდამცველებმა შეაჩერეს. პოლიციამ დანაშაულში მონაწილე ოთხი პირი - გ.გ., კ.ს., გ.ქ. და გ.გ. ადგილზე, ხოლო ა.მ. რამდენიმე საათში დააკავა.
სამართალდამცველებმა ორივე ავტომობილი, ასევე დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით ჩადენილ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.