გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის ზ.ხ-ს მამის, თამაზ ხომასურიძის განცხადებით, პროკურატურაში შეხვედრისას მას უთხრეს, რომ მისი შვილის, ზ.ხ.-ს ინტერებიდან გამომდინარე, მან მედიასთან კავშირი უნდა შეწყვიტოს.
თამაზ ხომასურიძის განცხადებით, როგორც მას უწყებაში განუმარტეს, მედიასთან ურთიერთობისას, მისი შვილის უფლებები დაირღვევა.
"გენერალურ პროკურატურაში შეხვედრაზე ამიხსნეს, რომ მედიასთან კავშირი უნდა შევწყვიტო, ისევ ჩემი შვილის ინტერესების გამო. 2 თვის განმავლობაში, როდესაც ჩემი შვილი არასრულწლოვანი იყო, ხომ მიდიოდა საუბარი ტელევიზიაში ჩემს შვილზე. ახლა, ბოლო წამებში აღარ შეიძლება, უკვე საუბარი?! ვერ ვხვდები", - განაცხადა ხომასურიძემ.
მისივე თქმით, მას ხვალიდან ყველა იმ არასრულწლოვნის მშობელი შეუერთდება, ვინც „ტოიოტა ქამრის" მარკის ავტომობილში იჯდა.
„3 დღე ჩვეულებრივ ვიშიმშილებ, სამი დღის შემდეგ მშრალ შიმშილობაზე გადავდივარ. ხვალ ყველა სხვა მშობელი შემოგვიერთდება", - განაცხადა თამაზ ხომასურიძემ.
ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.
აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია 17 პირი, მათგან 6 არასრულწლოვანია.
პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე „ტოიოტა ქამრის“ მგზავრების - 5 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის დაიწყო, რაც განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნულ საქმეზე ბრალი ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არასრულწლოვნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს დაუმძიმდათ.