ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა და გადაცემის სიხშირე ახალგაზრდებში მაღალი იყო.
მისი თქმით, დაზუსტებული მონაცემების თანახმად, კორონავირუსით ინფიცირებულების 44% -ის ასაკი 40 წელზე ნაკლებია.
"ჯანმო-ს მაღალჩინოსანს, ტაკეში კასაის აქცენტი არ გაუკეთებია 20, 30 და 40 წლის ახალგაზრდებში ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატებაზე. მან თქვა, რომ 20, 30 და 40 წლის ახალგაზრდებში უფრო მსუბუქად მიმდინარეობს ახალი კორონავირუსი. მეტი შანსია, მათ არ იცოდნენ კორონავირუსის დაავადების შესახებ და დაასნებოვნონ უფრო ასაკოვანი ადამიანები.
ამდენად, მათ განცხადებაში ორი რამ იყო გაცხადებული: პირველი ის რომ ახალგაზრდებში ახალი კორონავირუსი ხშირად გვხვდება, ის არ არის მარტო ასაკოვანი ადამიანების დაავადება; მეორე არის ის რომ, ახალგაზრდების მიერ ინფექციის გავრცელების რისკი მეტია, ვინაიდან, მათთან მეტია მსუბუქი და უსიმპოტომო შემთხვევები, შესაბამისად, ზოგმა არც კი იცის და კორონავირუსს უფრო იოლად ავრცელებს.
საქართველოსთვის არაფერი ახალი არ არის. დაზუსტებული მონაცემების თანახმად, კორონავირუსით ინფიცირებულების 44% არის 40 წელზე ქვემოთ პაციენტი. 12.7 % არიან 18 წლამდე პაციენტები. 19-40 წლამდე ინფიცირებულები კი 31.2%-ია. ჯამში 40 წლამდე ასაკის ქვემოთ მოდის ინფიცირებულების 44%, ნახევარზე ცოტა ნაკლები.
ეს სრულ შესაბამისობაშია, იმასთან, რაც ჯანმო-ს მაღალჩინოსანმა თქვა. საქართველოშიც ასეთი სიტუაციაა არაფერი არ არის ახალი. ასე იყო აქამდეც, ახალგაზრდებში ახალი კორონავირუსის შემთხვევების დიდი რაოდენობა იყო, შესაბამისად გადაცემაც“, -განაცხადა ცერცვაძემ.
შეგახსენებთ, ჯანმო-ს ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა 20, 30 და 40 წლის ახალგაზრდებში მნიშვნელოვნად მოიმატა. ბევრმა მათგანმა არ იცის, რომ დაინფიცირებულია და უფროსი ასაკის ადამიანებს უქმნის საფრთხეს.