საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, საქართველო-ბელარუსს შორის ჩარტერული რეისები პერიოდულად სრულდება.
როგორც თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის გაუგებარია, რა მიზანს ისახავდა თბილისი-მინსკს შორის 16 აგვისტოს განხორციელებულ ფრენაზე გამოხმაურებები.
"თბილისსა და მინსკს შორის ამ თვეში პერიოდულად ხორციელდება ჩარტერული რეისები. (თქვენი ტერმინით ეს სპეციალური რეისია, მაგრამ ეს არის ჩვეულებრივი ჩარტერული რეისი). ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება უკვე გააკეთა. ჩვენი ელჩი ბრუნდებოდა ბელარუსში თავის დანიშნულების ადგილზე, რაც სრულად ბუნებრივია. საერთოდ არ მესმის ამ საკითხის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი რა მიზანს ისახავდა", - განაცხადა ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ვალერი კვარაცხელია 6 აგვისტოდან იმყოფებოდა საქართველოში და ბოლო დღეებში ბელარუსში განვითარებული მოვლენების გამო საჭირო გახდა მისი მყისიერი დაბრუნება მინსკში.
"გამომდინარე იქიდან, რომ ბელარუსთან შეზღუდულია საჰაერო მიმოსვლა და ელჩი საჭიროებდა მოკლე დროში მინსკში ჩასვლას, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მისი სამთავრობო თვითმფრინავით გამგზავრების შესახებ", - აცხადებენ საგარეო უწყებაში.
შეგახსენებთ, გუშინ ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თითქოს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გაფრინდა ბელარუსში, რაც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გუშინვე უარყო.