პოლიციამ დღეს დილით, შუახევში, სოფელ ჩანჩხალოში მომხდარი ყაჩაღოიბის ფაქტზე 2 პირი დააკავა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შუახევისა და ქედის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული, ამჟამად ძარცვისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ა.დ. და 1996 წელს დაბადებული ხ.ც. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანჩხალოში ყაჩაღურად თავს დაესხნენ "ლიბერთი ბანკის" გამსვლელ მოლარე-ოპერატორს - 1956 წელს დაბადებულ ნ.დ.-ს. თავდამსხმელები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ და ცივი იარაღის მუქარით გასტაცეს პენსიონერებისთვის გადასაცემი თანხა - 7000-მდე ლარი, რის შემდეგაც ორივე ბრალდებული ხ.ც.-ს დროებით მფლობელობაში არსებული ავტომობილით შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებული მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.სამართალდამცველებმა ა.დ. და ხ.ც. ქედის მუნიციპალიტეტში, ცხელ კვალზე, იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი ყაჩაღურად დაუფლებულ თანხასთან ერთად მიმალვას ცდილობდნენ.პოლიციამ, ხ.ც.-ს დროებით მფლობელობაში არსებული ავტომობილიდან, გატაცებული თანხა ნივთმტკიცების სახით, სრულად ამოიღო. ასევე, ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა.ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს", - ნათქვამია უწყების ინფორმციაში.