„ლიტერატურული გაჩერება“ უკვე ბათუმშია. ღონისძიებები ბათუმელი მკითხველისათვის 14 აგვისტოდან დაიწყო და 16 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. 14 აგვისტოს 13:00 საათიდან 18:00 საათამდე ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში აბარებდნენ მსურველები უსარგებლო მაკულატურას, რომელსაც სრულიად ახალ, სასურველ წიგნებში ცვლიდნენ. აქვე გაიმართა გამოფენა-გაყიდვაც, სადაც 300-მდე დასახელების წიგნის 50%-მდე ფასდაკლებით შეძენაა შესაძლებელი.
ასევე, 14 აგვისტოს „შერატონ ბათუმში“ გაიმართა პროექტ „ლურჯი ოკეანის“ ღონისძიება „ფეხებზე დაკიდების ხელოვნება“. სპიკერები იყვნენ დავით ჩიკვაიძე („საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტის” დამფუძნებელი და ტრენერი), ანდრო დგებუაძე (ტრენერი, ბლოგერი) და რევაზ კოპალაძე (Caucasus Online-ის გენერალური დირექტორი).
აღნიშნულ ღონისძიებაზე გაიმართა მარკ მენსონის წიგნის "ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნების" პრეზენტაცია. წარდგენა აუდიტორიის მაქსიმალური ჩართულობით მიმდინარებოდა, სპიკერების გარდა, მონაწილეებს საკუთარი ისტორიები რამდენიმე სტუმარმაც გაუზიარა. გაიმართა, ასევე, გათამაშებაც, რომლის გამარჯვებულებიც ბიზნესლიტერატურით დასაჩუქრდნენ.
„მაკულიტერატურის“ აქცია, რომლის ფაგრლებშიც, 1 კგ მაკულატურა = 1 ლარის ღირებულების წიგნს და გამოფენა-გაყიდვა 15 და 16 აგვისტოს საზღვაო აკადემიაში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე გაიმართება.
რაც შეეხება ღონისძიებებს: 15 აგვისტოს 19:00 საათზე „ბიბლუსი გალერეაში“ ბათუმელ მკითხველს „გახდი ბესტსელერის ავტორი 2019-ის“ გამარჯვებული თინათინ ბერიძე და „გახდი ბესტსელერის ავტორი 2020-ის“ გამარჯვებულები: ქარდა ქარდუხი და დავით ჩომახიძე შეხვდებიან.
16 აგვისტოს კი იმავე დროსა და ადგილას მკითხველს ინტერაქციული წიგნის „ფენიქსის“ ავტორები: ტორესა მოსი, თეა ინასარიძე, ელის დოჯსონი და ნიკოლას მაჩაბელი შეხვდებიან. „ლიტერატურული გაჩერება“ 17 აგვისტოს ოზრგეთში გადაინაცვლებს.