ავტორი:

"გული მწყდება, რომ ჩვენი მისამართით ბევრი ტალახი ისროლეს" - რას ჰყვება ქალი, რომელსაც სვანეთში ვირუსის გავრცელების წყაროდ მიიჩნევენ

"გული მწყდება, რომ ჩვენი მისამართით ბევრი ტალახი ისროლეს" - რას ჰყვება ქალი, რომელსაც სვანეთში ვირუსის გავრცელების წყაროდ მიიჩნევენ

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს 10 აგვისტოს გადაწყვეტილების საფუძველზე, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო შეიზღუდა შესვლა-გამოსვლა მესტიის მუნიციპალიტეტში: დაბა მესტიის, ბეჩოს, ეცერის, იდლიანის, იფარის, კალას, ლატალის, ლახამულის, ლენჯერის, მულახის, ნაკრას, უშგულის, ფარის, ცხუმარის, წვირმის, ჭუბერის და ხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში.

ადგილზე მიმდინარეობს ღრმა ეპიდკვლევა. არსებული ინფორმაციით, სვანეთში კორონავირუსით აფეთქების მიზეზი თბილისიდან ჩასული ორსული ქალბატონი გახდა.

სწორედ აღნიშნულ ქალბატონთან ინტერვიუს ავრცელებს "სვანეთინიუსი".

თაია არღვლიანი:

- ლენჯერში თბილისიდან ჩამოსვლის შემდეგ 2 დღეში მომცა 38° ტემპერატურა, მაგრამ არ ჩავწოლილვარ. სახლის საქმეებით ვიყავი დაკავებული. მეორე და მესამე დღეს კი თავს უბრალოდ მოთენთილად ვგრძნობდი. სიმპტომები უბრალო გაციებას დავაბრალე, რადგან მესტიამდე მგზავრობის დროს მთელი გზა ავტომობილში კონდიციონერი მქონდა ჩართული. გავიდა დაახლოებით ერთი კვირა და უკვე 27 ივლისს ჩემმა დედამთილმა გამოიძახა სასწრაფო.

არითმია ჰქონდა. მისი ეს ქცევა არ გაგვიკვირდა, რადგან მას აქვს ასთმა, C ჰეპატიტი და სხვა მძიმე დაავადებები... ამის შემდეგ უკვე 28 ივლისს ჩემს მეუღლეს, მამუკა ილდანსაც აუწია სიცხემ. მითხრა მაციებსო და ჩაწვა, რომ ემკურნალა. მოუგონეს, რომ თითქოს ის ამას მალავდა, დადიოდა და არაფერს ამბობდაო. არა და ეს პერიოდი სულ იწვა და არსად გასულა. არც ჭკადუას გასვენებაში, არც წერედიანის-ლატალში. ბოდიშიც კი შევუთვალეთ. არც კვირიკობაზე წასულა და არც ადიშობაზე. იწვა 4 დღე, რადგან თავს შეუძლოდ გრძნობდა. დედამთილზე ვღელავდი და დავურეკე ახლობელ ექიმს პირად ნომერზე, მაგრამ რადგან ჩვენთან არ არის ცხელების ცენტრი, ექიმმა მითხრა, რომ ვერ მიიღებდნენ საავადმყოფოში.

დავუწყე დედამთილს სახლში მკურნალობა ექიმის დანიშნულებით, გავუკეთეთ ანტიბიოტიკები და გადასხმები. რამდენიმე ანტიბიოტიკის ინექციის შემდეგ ისევ 38° გახდა ტემპერატურა, საკვებსაც ცოტას იღებდა. შემეშინდა და ისევ ექიმს დავურეკე, მან კი დაგვიბარა მესტიაში და გვითხრა, რომ "ცხელების ცენტრიდან" რეანომობილი ჰყავდა გამოძახებული და მათ ჩემი დედამთილი ქუთაისში უნდა გადაეყვანათ.

ვიცავდით ყველანაირი ჰიგიენის წესებს, ვიყავით პირბადით-ექიმები კი სპეციალური ხალათებით, ხელთათმანებით და პირბადეებით.წაიყვანეს ჩემი დედამთილი რეანომობილით, ჩემი მეუღლე კი უკან გაჰყვა ავტომობილით. მას ახლდა პიროვნება, რომელიც მთელი ეს პერიოდი ჩემს მეუღლეს გვერდიდან არ მოშორებია და ახლა კარანტინშია, მაგრამ არც კორონავირუსი დაუდგინდა და არც არანაირი სიმპტომი არ აღენიშნება. ასევე ვინც სახლში გვსტუმრობდა და გადასხმებს აკეთებდა-არც იმას.

-თქვენ როგორ გრძნობთ თავს? სუნთქვა ხომ არ გიჭირდათ?

-კარგად. მხოლოდ პირველი ორი დღე მქონდა 38° ტემპერატურა, შემდეგ კი უბრალოდ მოთენთილი ვიყავი რამდენიმე დღე. ახლა მე და ჩემი მეუღლე ინტენსიურში, ბოქსირებულ განყოფილებაში ორ ბავშვთან ერთად ვიმყოფებით, ასევე აქვეა ძმის შვილიც. ბავშვებს არანაირი ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომი არ აღენიშნებათ. ყველას გაგვიკეთეს ანალიზი და სისხლში არაფერი გვაქვს, ფილტვები სუფთაა, წამლებსაც არაფერს გვასმევენ. ტესტის პასუხი კი -"სუსტი დადებითი" მოვიდა. მხოლოდ ჩემს მეუღლეს გაუკეთეს გეპარინი, სისხლი გაქვს ცოტა შესქელებულიო და ანტივირუსული წამალი დაალევინეს რაღაც. ეს არის და ეს...

-რას გეუბნებიან ექიმები?

-გვითხრეს, რომ ჩვენ დავამარცხეთ კორონა და განმეორებითი ტესტი როცა უარყოფითი მოვა, გაგვწერენ. ოთხი დღეა აქ ვართ და უბრალოდ ველოდებით როდის დაგვტოვებს ვირუსი.

-რას ფიქრობთ, როგორ შეგხვდათ კოვიდ-19?

-თავდაპირველი სიმპტომების მიუხედავად ეჭვიც კი არ მქონია, რომ მე კოვიდ-19-ით ინფიცირებული ვიყავი. თბილისიდან უსიმპტომოდ ჩამოვედი. თბილისში კი ვისთანაც შეხება მქონია, ყველას პასუხი უარყოფითია. ასევე ბავშვები მთელი დღე ვისთან ერთადაც თამაშობდნენ და საერთოდ, ყველა თბილისის ჩვენი კონტაქტი უარყოფითია.

ამიტომ, როცა მეკითხებიან პირველადი წყაროს დასადგენად ვისთან მქონდა კონტაქტი თბილისში, ვეუბნები რომ იქ ნუ ეძებენ... მე ვფიქრობ, რომ ვირუსი თბილისში არ შემხვდა. სვანეთში კი სიცხე რომ ჰქონიათ და აქვთ - არ ამბობენ, - ერთ ამბავს ტეხავენო... ცხელების ცენტრიც არაა, რომ მიმართონ და ცდილობენ თავად იმკურნალონ. ჩვენც რომ დაგვემალა ეს ამბავი, ისე ჩაივლიდა-ვერავინ ვერაფერს გაიგებდა და ასე გადავიდოდა სხვაზე...

- თქვენი დედამთილი როგორ გრძნობს თავს?

- კარგად. სადაც ის, ამდენი დაავადების მქონე ადამიანი დაუსხლტა ამ ვირუსს, სხვა ხომ თავისთავად მარტივად გადაიტანს, როგორც მე მაგალითად... მაგრამ გული მწყდება, რომ ჩვენი მისამართით ძალიან ბევრი ტალახი ისროლეს, გეგონება მე ჩინეთში წავედი, ვიყიდე ვირუსი და ჩამოვიტანე. ადამიანს გარეგნულად არ ეტყობა, რომ ვირუსის მატარებელია და როგორ უნდა მიხვდე?! დარწმუნებული ვარ ბევრმა გადაიტანა უკვე, როგორც მე გადავიტანე და გადაიტანს კიდეც. აქ საგანგაშო და ამდენი სალაპარაკო არაფერია..

-თქვენი დედამთილი ახლაც ქუთაისშია?

-დიახ, მას მეორე დღესვე აღარ ჰქონდა სიცხე.თავიდან რომ გაუკეთეს ანალიზი, დღენახევარი პასუხი არ ვიცოდით, ძალიან ვინერვიულე... შემდეგ კი, როცა პასუხი მოვიდა, საგონებელში ვიყავი ჩავარდნილი. იქ სოფელია, სახლია, ეზო... პირუტყვი ჰყავთ ადგილობრივებს და ვერ დატოვებ უპატრონოდ. ამ ეტაპზე ძალიან ცუდი სიტუაციაა ლენჯერში. იქნებ დატოვონ ეს ხალხი თვითიზოლაციაში, რომ მიხედონ სახლ-კარს... ჩემი ოჯახის მდგომარეობას კი კიდევ ხალხის მიერ აგორებული ჭორები ემატება. სირცხვილია ხალხნო, ნუ იგონებთ ამდენ ტყუილს!. არავინ იცის ხვალ და ზეგ ვინ რა სიტუაციაში მოხვდებით...ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ

წყარო: სვანეთინიუსი

თბილისის მეტროპოლიტენის საბურთალოს ხაზზე მოძრაობა აღდგა

დაკვამლიანება თბილისის მეტროში - საბურთალოს ხაზზე მოძრაობა შეწყდა

ჯანეტ ქერდიყოშვილისა და ნოე სულაბერიძის ულამაზესი ქალიშვილი (ფოტო)