ავტორი:

"ადამიანების კატეგორიაა, ვინც მიიჩნევს, რომ დაჩიპავენ... მაინტერესებს, რუსულ ვაქცინაში ბილ გეითსი როგორ ჩადგამს თავის ჩიპებს?!" - იმნაძე

"ადამიანების კატეგორიაა, ვინც მიიჩნევს, რომ დაჩიპავენ... მაინტერესებს, რუსულ ვაქცინაში ბილ გეითსი როგორ ჩადგამს თავის ჩიპებს?!" - იმნაძე

აქ ხომ არის გარკვეული კატეგორია ადამიანების, ვინც მიიჩნევს, რომ დაჩიპავენ და ბილ გეითსმა უნდა დაჩიპოს. ახლა ძალიან მაინტერესებს რუსულ ვაქცინაში ბილ გეითსი როგორ ჩადგამს თავის ჩიპებს, რომ დაჩიპოს, - ასე გამოეხმაურა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე რუსეთში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის შექმნასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას. მისი განმარტებით, რუსეთში ვაქცინის გამოცდა ძალიან დაჩქარებული ტემპებით მიმდინარეობდა და სანამ არ გამოქვეყნდება ვაქცინასთან დაკავშირებული ზუსტი მონაცემები, კონკრეტულად არაფრის თქმა არ არის შესაძლებელი.

„ახლა ძალიან მაინტერესებს რუსულ ვაქცინაში ბილ გეითსი როგორ ჩადგამს თავის ჩიპებს რომ დაჩიპოს და სერიოზულად თუ გიპასუხებთ, მაშინ ვერ გეტყვით ვერაფერს, იმიტომ რომ ძალიან დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობდა ამ ვაქცინის გამოცდა და მის ხარისხზე სანამ არ გამოქვეყნდება ზუსტი მონაცემები, კვლევის შდეგებზე, ფაზებზე, რამდენ ადამიანზე იყო, რა შედეგები იყო, სამწუხაროდ, მე მეტს ვერაფერს გეტყვით,“ - განაცხადა პაატა იმნაძემ.

რუსეთში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის შექმნასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძეც გამოეხმაურა. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი პრეპარატი, რომელსაც კორონავირუსის წინააღმდეგ შექმნიან, გამყარებული იყოს კვლევებით.

მინისტრის თქმით, საქართველო დაელოდება კვლევების მონაცემებს და შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას.

„მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი პრეპარატი, იქნება ეს მედიკამენტი თუ ვაქცინა, იყოს გამყარებული საჭირო კვლევებით და ჩვენ ჯერ დაველოდებით ამ კვლევის მონაცემებს და შემდეგ უკვე ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მივიღებთ დამატებით გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ცნობისთვის, გუშინ რუსეთმა გამალეიას ინსტიტუტის მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა - "სპუტნიკ -V"- ოფიციალურად დაამტკიცა.

გუშინვე Dailymail-მა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, "რუსეთი პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც COVID19-ის ვაქცინა ფართო მოხმარებაში შემოიტანა".

"ვადასტურებ, რომ ვაქცინა ეფექტურია, აძლიერებს იმუნიტეტს. მან ყველანაირი ტესტირება დამაკმაყოფილებლად გაიარა. ვაქცინის ფართომასშტაბიან წარმოებას მალე დავიწყებთ“ - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

სამთავრობო შეხვედრაზე, სადაც მედიაც მიწვეული იყო, პუტინმა განმარტა, რომ რუსეთის სახელმწიფო კვლევითი დაწესებულება - გამალეიას ინსტიტუტი შედეგებით კმაყოფილია. აქამდე მეცნიერები და მედიკოსები აღნიშნული ვაქცინით იცრებოდნენ, თუმცა ფართო მასშტაბით გამოყენებისგან თავს იკავებდნენ.

პროტოკოლი ტესტირების მესამე ეტაპის დაწყებას ითვალისწინებს. რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრო ათასობით მოხალისეს აცრის.

მსოფლიოში COVID19-ის საწინააღმდეგო 10-ზე მეტი ვაქცინის ტესტირება ჩატარდა. საბოლოო შედეგით, ყველაზე ეფექტური ოთხი მათგანი აღმოჩნდა, რომელთა გამოცდა ჯერ არ დასრულებულა.

აღსანიშნავია ისიც, რომ რუსეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც კორონას ვაქცინის შექმნის შესახებ განცხადება გააკეთა.

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ენტონი ფაუჩის განცხადებით, მას ეეჭვება, რომ რუსეთმა ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტურობა დაამტკიცა.

„იმედი მაქვს, რუსებმა რეალურად, საბოლოოდ დაამტკიცეს, რომ ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია, თუმცა სერიოზულად მეეჭვება, რომ მათ ეს გააკეთეს,” - განაცხადა ფაუჩიმ ABC News-სთან ინტერვიუში.

მისივე თქმით, ორი სხვადასხვა რამ არის, გქონდეს ვაქცინა და დაამტკიცო უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა.

ფაუჩიმ აღნიშნა, რომ როცა ამერიკელები მოისმენენ განცხადებებს ვაქცინის შექმნის შესახებ ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა რუსეთი ან ჩინეთი, უნდა ახსოვდეთ, რომ შეერთებულ შტატებს აქვს უსაფრთხოების და ეფექტურობის გარკვეული სტანდარტები.

"რუსული ვაქცინის შემქმნელებს კი ადამიანებზე ჩატარებული ცდების მონაცემები ჯერ არ გამოუქვეყნებიათ", - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ჩინეთში ახალი კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

როგორ მიმდინარეობს სწავლება ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტში - KIU - ადგილი, სადაც ცოდნა ქმნის მომავალს!

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 33 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსის 3120 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - გამოჯანმრთელდა 2358 პაციენტი