მესამე დღეა ბელორუსის დედაქალაქ მინსკში პროტესტი არ წყდება. პროტესტანტებმა ცენტრიდან, რომელიც სრულად არის სამართალდამცავთა მიერ ბლოკირებული, მოშორებულ რაიონებში გადაინაცვლეს. წუხელ აქციის მონაწილეებმა ბარიკადების აღმართვაც სცადეს, თუმცა ომონმა მათ ამის საშუალება არ მისცა, შედეგად აქციის მონაწილეებს და სამართალდამცავებს შორის შეხლა-შემოხლა კვლავ გაგრძელდა.
ბოლო მონაცემებით დასტრუდება, რომ საპროტესტო აქციებისას ერთი ადამიანი გარდაიცვალა. არიან დაშავებულები. არაოფიციალური ცნობებით კი გარდაცვლილთა რაოდენობა მეტია. მოსახლეობა საპროტესტო აქციების განახლებას დღესაც გეგმავს.
ბელორუსის საგამოძიებო კომიტეტმა სამართალდამცველთა წინააღმდეგ ძალის გამოყენებისა და მასიური არეულობის ორგანიზების მუხლით საქმე აღძრა. აქციის მონაწილეებს, რომლებსაც პოლიციის წინააღმდეგ ძალის გამოყენება დაუდასტურდებათ, 8 წლით, ხოლო ორგანიზატორებს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
მოგეხსენებათ, პროტესტი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს მოჰყვა. 9 აგვისტოს, ბელორუსში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში, ხმის თითქმის 80%-ით გამარჯვებული ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო გამოცხადდა. "ბატკა" ბელორუსს 1994 წლიდან მართავს.
შედეგების გამოცხადების შემდეგ ამომრჩევლებმა უბნებში დაიწყეს შეკრება, რაც მოგვიანებით მშვიდობიან აქციაში გადაიზარდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ აქცია უკონტროლო გახდა. სამართალდამცველებმა მომიტინგეების დარბევა დაიწყეს. გამარჯვებულთა გამზირზე "ომონის" ხუთი ავტობუსი გამოვიდა. პროტესტის პირველივე დღეს დააკავეს რამდენიმე ათეული ადამიანი, ამ დროისთვის კი 3 ათასამდე პროტესტანტია დაკავებული. ლუკაშენკომ განაცხადა, რომ პროცესები უცხოეთიდან არის მართული და რომ ის ბელორუსში "მაიდანს" არ დაუშვებს.
11 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ არჩევნებში ალექსანდრე ლუკაშენკოს მთავარმა კონკურენტმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ბელორუსი დატოვა და ის ლიეტუვაში იმყოფება. მისი კამპანიის წევრების თქმით, ყოფილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა ქვეყანა საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, ოფიციალურ პირთა ზეწოლით დატოვა, მისი შტაბის უფროსის, მარია მოროზის გათავისუფლების სანაცვლოდ. მოროზი არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე დააკავეს.
გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ტიხანოვსკაია ამბობდა, რომ მისთვის რთული გადაწყვეტილება იყო ბელორუსის დატოვება და იცის, რომ ამის გამო არაერთი "დაგმობს" ან "შეიძულებს". მისი თქმით, გადაწყვეტილება შვილების გამო მიიღო.
სვეტლანა ტიხანოვსკაია მხარდამჭერებს პროტესტის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. მიმართვა ერთ-ერთმა პროსახელისუფლებო ტელეგრამ-გვერდმა გაავრცელა.
უცნობია, როდის და სად ჩაიწერა აღნიშნული ვიდეო, ან წაიკითხა თუ არა ტიხანოვსკაიამ განცხადება საკუთარი ნებით. თუმცა, როგორც "მედუზა" წერს, გამომძიებელმა ჟურნალისტებმა ვიდეოს ფონით დაადგინეს, რომ მიმართვა ბელორუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის, ლიდია იერმოშინას ოფისშია ჩაწერილი. ტიხანოვსკაია ტექსტს ფურცლიდან კითხულობს და კამერას არ უყურებს.
"მეგონა, რომ ამ კამპანიის დროს იმდენად ძლიერი გავხდი, რომ ყველაფერს გავუძლებდი, მაგრამ, ალბათ, ისევ ის სუსტი ქალი ვარ. მივიღე ძალიან რთული გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება მე დამოუკიდებლად მივიღე, მეგობრებსა და ოჯახის წევრებს ჩემზე გავლენა არ მოუხდენიათ. ვიცი, რომ ბევრი გამიგებს, ბევრი გამაკრიტიკებს, ზოგიერთი კი შემიძულებს, მაგრამ არავის ვუსურვებდი ასეთი არჩევანის წინაშე ყოფნას. გაუფრთხილდით საკუთარ თავს, არც ერთი სიცოცხლე არ ღირს იმის ფასად, რაც ახლა ხდება. ბავშვები ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე მთავარი რამაა", - განაცხადა ტიხანოვსკაიამ ვიდეომიმართვაში.
ალექსანდრე ლუკაშენკოს ერთ-ერთი მთავარი მეტოქე პოპულარული ბლოგერი სერგეი ტიხანოვსკი იყო, რომელიც ხელისუფლებამ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე დააპატიმრა. სერგეის მეუღლემ, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ გადაწყვიტა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიეღო, საარჩევნო კომისიამ იგი პრეზიდენტობის კანდიდატად დაარეგისტრირა, რასაც საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სვეტლანას გარშემო სხვა დაურეგისტრირებელი ოპოზიციური კანდიდატების შტაბებიც გაერთიანდნენ.
არჩევნებმა დაძაბულ ვითარებაში ჩაიარა. სამართალდამცველებმა ბელორუსის დედაქალაქში "დოჟდის" 2 ჟურნალისტი, ვლადიმერ რომენსკი და ვასილი პოლონსკი, ასევე ოპერატორი ნიკოლაი ანტიპოვი დააკავეს.
რით დასრულდება პროცესები ბელორუსში, რთულად სათქმელია - შერჩება ლუკაშენკოს მე-6 ვადით პრეზიდენტობა სისხლიანი რეპრესიების საშუალებით თუ ბოლოს და ბოლოს დასრულდება ევროპის ერთ-ერთი ბოლო დიქტატორის მმართველობა.
ავტორი: თეონა რამაზაშვილი