ავტორი:

გორში, კორონავირუსით ინფიცირებულ ექიმთან და მედდასთან კონტაქტში მყოფი 78 პირი თვითიზოლაციაში გადავიდა

გორში, კორონავირუსით ინფიცირებულ ექიმთან და მედდასთან კონტაქტში მყოფი 78 პირი თვითიზოლაციაში გადავიდა

გორში, კორონავირუსით ინფიცირებულ ექიმთან და მედდასთან კონტაქტში მყოფი 78 პირი თვითიზოლაციაში გადავიდა, ლუგარის ცენტრში კი დამატებით 60 ნიმუში გაიგზავნა, - აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთლობის ეროვნული ცენტრის რეგიონული მართვის დეპარტამენტის შიდა ქართლის განყოფილების უფროსმა, ეკა ქორჩაშვილმა განაცხადა.

ეკა ქორჩაშვილის ინფორმაციით, კოვიდინფიცირებული ექიმის და მედდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ორივე მათგანს მკურნალობა გორში, სამხედრო ჰოსპიტალის კოვიდკლინიკაში უტარდება.

„როგორც მოგეხსენებათ, გეგმური შემოწმების შედეგად, ორი დღის წინ, კოვიდი დაუდასტრურდა სამედიცინო პერსონალს, კერძოდ ექიმს. მოხდა მისი კონტაქტების გამოკვლევა, აღებული იქნა ნიმუშები და 27 ნიმუში გადავაგზავნეთ ლუგარის ლაბორატორიაში, პასუხების თანახმად, 27 ნიმუშიდან ერთი დადასტურდა - ინფიცირება ერთ-ერთ მედდას დაუდასტურდა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ მედდის ინფიცირების წყარო ჯერჯერობით დადგენილი არ არის და მიმდინარეობს ღრმა ეპიდკვლევა. როგორც ცნობილია, ინფიცირებული ექიმი რამდენიმე კლინიკაში მუშაობდა, ამიტომ გაძლიერებულია ინფექციის კონტროლი აღნიშნულ საავადმყოფოებში, შესაბამისად, გაცემულია დამატებითი რეკომენდაციები აღნიშნული სამედიცინო დაწესებულებებისთვის“, - განაცხადა ეკა ქორჩაშვილმა.

გორიდან დამატებით გაგზავილი 60 ნიმუშის პასუხი კი დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.

„მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ამ წუთებშიც გრძელდება ღრმა ეპიდკვლევა, გორის მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში 78 მოქალაქე იმყოფება. ამ დროისთვის, 60 ნიმუშია ლუგარის ლაბორატორიაში გადაგზავნილი და სავარაუდოდ, პასუხები დღის ბოლომდე იქნება ცნობილი“, - განაცხადა ეკა ქორჩაშვილმა.

შეგახსენებთ, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტში ორი შემთხვევა დადასტურდა, აქედან ერთი ინფიცირებული ექიმი, მეორე კი - მედდაა.

შიდა ქართლში, მთლიანობაში, კორონავირუსით ინფიცირების 23 შემთხვევაა დადასტურებული.

საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევაა, 44 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა

ბათუმი-ჩაქვის გზაზე ავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 1 არასრულწლოვანი

25 ახალი ინფიცირებული და 10 განკურნებული - კორონავირუსის შემთხვევების განახლებული მონაცემები