ავტორი:

"ინფიცირებული მედიკოსი რამდენიმე კლინიკაში მუშაობდა" - ამირან გამყრელიძე Covid-19-ის ახალ შემთხვევბსა და რეგულაციების გამკაცრებაზე

"ინფიცირებული მედიკოსი რამდენიმე კლინიკაში მუშაობდა" - ამირან გამყრელიძე Covid-19-ის ახალ შემთხვევბსა და რეგულაციების გამკაცრებაზე

დავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევიდან ერთის წყარო უცნობია. როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ აღნიშნა, ინფიცირებულთაგან ორი სამედიცინო პერსონალია.

“დღევანდელი ახალი შემთხვევების წყაროები ცნობილია. ერთ შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს ჩაღმავებული ეპიდემიოლოგიური კვლევა, დანარჩენი შემთხვევების წყაროები ცნობილია.

დღეს 9 ახალი შემთვევაა, აქედან ერთი არის „გაჩიანის კლასტერიდან“, სადაც ინტენსიური კვლევები მიმდინარეობს. გუშინ 700-მდე ნიმუში გამოვიკვლიეთ, დღესაც მიმდინარეობს ინტენსიური კვლევები და ამ ეტაპზე ერთი შემთხვევაა დადებითი. 3 შემთხვევა წინა დღეებში დაინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტს უკავშირდება, 2 არის სამედიცინო პერსონალი და 2 იმპორტირებული შემთხვევა, აქედან ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლია. ერთ შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა. დარწმუნებული ვარ, დღეს თუ არა, ხვალ გვეცოდინება ინფიცირების წყარო“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, ერთ-ერთი სამედიცინო პერსონალი, რომელიც კორონავირუსით დღეს დაინფიცირდა, ერთდროულად რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობდა.

როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ განმარტა, მიუხედავად ჯანდაცვის სამინისტროს მოწოდებისა, რომ სამედიცინო პერსონალს ერთდროულად რამდენიმე ადგილზე არ ემუშავა, ეს წესი მაინც დაირღვა.

„სამინისტროდან რამდენჯერმე უკვე იყო მითითება სამედიცინო დაწესებულებებისადმი, რომ სამედიცინო პერსონალის ორ ან მეტ სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის ფაქტები არ ყოფილიყო. ამის მიუხედავად, სამწუხაროდ, მაინც გვაქვს ასეთი ფაქტი. ერთ-ერთი სამედიცინო პერსონალი, რომელიც დღეს არის დაინფიცირებული, სწორედ რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობდა უმცროს სამედიცინო პერსონალად. ამიტომ, კიდევ ერთხელ უნდა მოვუწოდოთ სამედიცინო დაწესებულებებს, რომ კორონავირუსული ინფექციის ეპიდემიის პერიოდში სამედიცინო პერსონალის რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობა დაუშვებელია, ეს ინფექციის გავრცელების რისკს ზრდის“,-განაცხადა გამყრელიძემ.

მისი განმარტებით, იმ სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც აღნიშნული პიროვნება მუშაობდა, ჩაღრმავებული ეპიდემიოლოგიური კვლევა და კონტაქტების გამოვლენა მიმდინარეობს.

„მიმდინარეობს ჩაღრმავებული ეპიდემიოლოგიური კვლევა, კონტაქტების გამოვლენა და მათი იზოლირება“, - განმარტა გამყრელიძემ.

„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, ხომ არ იგეგმება სამედიცინო დაწესებულებებში ზომების გამკაცრება, ამირან გამყრელიძემ განმარტა, რომ რადგან მედიკოსების მხრიდან რამდენიმე ადგილზე მუშაობის წესი ირღვევა, შესაძლოა, ამ მხრივ რეგულაციები გამკაცრდეს.

„ზომები უკვე გამკაცრებულია. ჯანდაცვის სამინისტრომ რამდენჯერმე მოუწოდა სამედიცინო დაწესებულებებს, რომ არ არის დასაშვები სამედიცინო პერსონალის ერთდროულად რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობდეს. ამის მიუხედავად, მაინც ირღვევა ეს წესი და დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო გამკაცრდება ამ მხრივ რეგულაციები“, - განმარტა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1225-მდე გაიზარდა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 4-ით გაიზარდა და 1000-ს შეადგენს.

საერთაშორისო  რეგულარულ საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვა  30 სექტემბრამდე გახანგრძლივდა

"შესაძლოა მცირე წვიმა და ელჭექი" - უახლოესი დღეები ამინდის პროგნოზი

თბილისში "ევექსის“ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა