საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ოკუპაცია ქართული სახელმწიფოებრიობის ყველაზე დიდი გამოწვევაა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა, სადაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. მისი თქმით, საქართველოს ყველა მოქალაქის ვალია ემსახუროს ქვეყანას, რათა საბოლოო მიზანს, ქვეყნის დეოკუპაციას მივაღწიოთ.
„უაღრესად მძიმე დღეა საქართველოს უახლოს ისტორიაში, მაგრამ ჩვენი ვალია ყველაფრის მიუხედავად პატივი მივაგოთ ყოველ დღე, არა მხოლოდ 8 აგვისტოს, ყოველ წუთს, გვახსოვდეს ეს ხალხი, გმირები. საქართველომ ამ ომში ასობით მოქალაქე და ჯარისკაცი დაკარგა. ოკუპირებული გახდა საქართველოს ტერიტორიების 20%. ეს არის დღეს ქართული სახელმწიფოებრიობის ყველაზე დიდი გამოწვევა.
თითოეული ჩვენგანის მოვალეობა და ვალია, გვახსოვდეს ყველა ეს ადამიანი, ყველა დაღუპული და ვემსახუროთ ქვეყანას, მოვუაროთ ამ ქვეყანას იმისთვის, რომ მივაღწიოთ საბოლოო მიზანს - ქვეყნის დეოკუპაციას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და ეს იქნება თითოეული ქართველის მიზანი გამარჯვებამდე",- განაცხადა გახარიამ.
ამასთან, პრემიერის განცხადებით, საქართველომ აგვისტოს ომის შედეგად არა მხოლოდ მიწა დაკარგა, არამედ ადამიანები და განვითარების შესაძლებლობა.
მისი თქმით, მშვიდობიანი და გონივრული პოლიტიკა არის ერთადერთი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ქვეყანა განვითარდეს.
"აგვისტოში რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გადმოლახეს საქართველოს საზღვარი და სრულმასშტაბიანი აგრესია განახორციელეს. ასე დაიწყო ომი საქართველოში.
ამ ომის შედეგად დღეს უკვე ოკუპირებულია ქვეყნის ტერიტორიის 20%, ასობით ჩვენი მოაქალაქე დავკარგეთ, ქვეყნის განვითარების პერსპექტივა დავკარგეთ, როდესაც ქვეყნის 20%-ის ოკუპირებაზე ვსაუბრობთ, ხომ არ გგონიათ მხოლოდ მიწაზეა საუბარი? ადამიანებზეა საუბარი. ომის შემდეგ გვყავს 30 ათასი ადამიანი საკუთარი სახლიდან დევნილი. ეს არის ამ ომის შედეგი.
მშვიდობა და მშვიდობიანი ქმედებები, მშვიდობიანი და გონივრული პოლიტიკა არის ერთადერთი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ქვეყანაში მოხდეს განვითარება, მშვიდობა ნებისმიერი განვითარების უპირობო და აუცილებელი პირობაა", - განაცხადა გახარიამ.
ჟურნალისტის კითხვაზე, "რატომ არ ახსენებს საკუთარ განცხადებებში ვლადიმერ პუტინს", გახარიამ განაცხადა, რომ "რუსეთის ჯარი შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე მაშინდელი რუსეთის ხელმძღვანელობის, მათ შორის ვლადიმერ პუტინის დავალებით",- განაცხადა გახარიამ.