ავტორი:

იაშვილის კლინიკაში ნაწლავური ინფექციით 10 ბავშვი მკურნალობს, ყველა დასასვენებლად იყო ბათუმში - დაბინძურებულია თუ არა წყალი საზღვაო ქალაქში

იაშვილის კლინიკაში ნაწლავური ინფექციით 10 ბავშვი მკურნალობს, ყველა დასასვენებლად იყო ბათუმში - დაბინძურებულია თუ არა წყალი საზღვაო ქალაქში

იაშვილის კლინიკაში ბათუმიდან გადმოყვანილი 9 და ახალციხიდან გადმოყვანილი 1 მოზარდი ნაწლავური ინფექციის გართულების დიაგნოზით მკურნალობენ. პაციენტების მშობლების განცხადებით, ყველა მათგანი დასასვენებლად ბათუმში იმყოფებოდა.

რა შეიძლებოდა გამხდარიყო მოზარდების ინფიცირების წყარო - ამ კითხვაზე პასუხის გაცემა იაშვილის კლინკაში უჭირთ. როგორც სამედიცინო დაწესებულებაში AMBEBI.GE-ს განუცხადეს, ინფექციის წყაროს დასადგენად ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაშია გაგზავნილი და პასუხები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

"ჩვენთან ამ ეტაპზე მკურნალობს ბათუმიდან გადმოყვანილი 9 ბავშვი. მათგან ორის მდგომარეობა საყურადღებოა. აქვთ თირკმელთან დაკავშირებული გართულებები. ანალიზები გადაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში. ინფექციის წყაროს დადგენაში ჩართულია როგორც ჯანდაცვის სამინისტრო, ისე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი", - აცხადებენ იაშვილის კლინიკაში.

ბავშვების ინფიცირების სავარაუდო წყაროსთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" მომხმარებელმა პაატა შარაშენიძემ პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ უცნობი ინფექციის წყარო შესაძლოა სასმელი წყალი გამხდარიყო.

"გუშინ დავბრუნდი იაშვილის კლინიკიდან, სადაც 17 მცირეწლოვანი ბავშვი წევს, საიდანაც 4 უმძიმეს მდგომარეობაშია - გაჩერებული აქვთ ორივე თირკმელი, უკეთებენ დიალეზს ყოველდღიურად, მაღალი სიცხეები, რომელსაც ვერ არეგულირებენ ანტიბიოტიკებით, სხვა სირთულეებთან ერთად. ყველა ბავშვი ან ბათუმის მკვიდრია ან მშობლებთან ერთად დასასვენებლად იყო ბათუმში. ყველას ორგანიზმშია ნაწლავური ჩხირი Escherichia coli. როგორც ლუგარის ლაბორატორიიდან მოვიდა პასუხი - ეს ჩხირი ბავშვების ორგანიზმში წყლის საშუალებით შევიდა, ზღვა თუ დასალევი წყალი, ეს არ ვიცით.

ბავშვები 3 წლიდან 11 წლამდეა და, მართალია, იაშვილის კლინიკაში ყველაფერს აკეთებენ ამ ბავშვებისათვის და მათი ორგანიზმიდან ბაქტერიის გამოსადევნად, მაგრამ ჯერჯერობით ამაოდ. ეს ბავშვები ექიმებთან ერთად ყოველ წუთს ებრძვიან ამ საშინელ ჩხირს, რომ იცოცხლონ.

17 ბავშვიდან 1 ჩემი დეიდაშვილის შვილია 3 წლის ალეკუნა, მე არ გთხოვთ დახმარებას ფინანსურად, მხოლოდ იმას გთხოვთ, რომ გააზიაროთ პოსტი, რომ სხვა ბავშვები, რომლებიც ბათუმში ცხოვრობენ ან დასასვენებლად იმყოფებიან ან ჩავლენ, მოარიდონ დასალევ წყალს ყველა გზით, რომ ისინი მაინც ავაცილოთ ამ საშინელ ვირუსს თუ ჩხირს, აღარ ვიცი რა დავარქვა.

საწყისი სიმპტომებია - მუცლის ღრუში ტკივილი, დიარეა და სიცხე. ამ სიმპტომების დროს ნუ ენდობით ექიმს, რომელიც გეტყვით, რომ უბრალო გადასხმით განკურნავს ბავშვს, გთხოვთ მაშინვე მიმართეთ იაშვილის კლინიკას, რადგან ყველა გასული დღე ამძიმებს ბავშვის მდგომარეობას და ხელს უწყობს ვირუსული ჩხირის განვითარებას", - წერს პაატა შარაშენიძე.

შარაშენიძის მიერ გამოთქმულ ვარაუდს ბათუმში სასმელი წყლის დაბინძურებასთან დაკავშირებით, გამოეხმაურა "ბათუმის წყალი".

"სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ნაწლავური ჩხირი Escherichia coli ბათუმში სასმელი წყლისგან გავრცელდა, არ შეესაბამება სიმართლეს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ბათუმის წყალიდან" აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, "ბათუმის წყლის" მიერ მოსახლეობისთვის მიწოდებული სასმელი წყლის თვისებები სრულად შეესაბამება სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ ნორმატივებს.

"ბათუმის წყალს" აქვს ულტრა თანამედროვე ლაბორატორია, რომლის მეშვეობით მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს წყლის ხარისხის კონტროლი და მონიტორინგი. წყლის ხარისხის უწყვეტ რეჟიმში მონიტორინგს ლაბორატორია სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი ქიმიური და მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების შესაბამისად ახორციელებს. ხარისხის კონტროლი სათაო ნაგებობებზე, რეზერვუარებში და ქალაქის წყალსადენის ქსელში ყოველდღიურად ხორციელდება. ონკანებთან მისვლამდე სასმელი წყალი დამუშავების რამდენიმე ეტაპს გადის. წყალმიმღებიდან აღებული წყალი გადის ორჯერად ქლორირებას, იფილტრება და მხოლოდ ამის შემდეგ გადადის წყალგაყვანილობის სისტემაში.

"ბათუმის წყლის" ლაბორატორია ტექნიკური აღჭურვილობისა და თანამედროვე სტანდარტებზე ორიენტირების თვალსაზრისით, ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოში. საქართველოს აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრი, "ბათუმის წყლის" ლაბორატორიაში ყოველწლიურად გეგმიური მონიტორინგის სამუშაოებს ახორციელებს.

ლაბორატორია უახლესი აპარატურითაა აღჭურვილი, სასმელი წყლის ხარისხის კონტროლი უახლესი გერმანული და ამერიკული (HACH და IDEXX) მეთოდით ტარდება, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, უმოკლეს ვადაში დავადგინოთ სასმელი წყლის ხარისხი. ეს მეთოდები საქართველოში პირველად ჩვენ დავნერგეთ.

ინფორმაცია სასმელი წყლის ხარისხის შესახებ სრულიად გამჭვირვალეა და საზოგადოებას მედიის საშუალებით პერმანენტულად ვაწვდით.

კომპანია "ბათუმის წყლის" ლაბორატორია ISO 17025-ის 2017:2018 მფლობელია. ISO სტანდარტის და აკრეტიდაციის დაცვა უმკაცრესი მოთხოვნების შესრულებას ნიშნავს. ზემოაღნიშნულის საფუძველზე, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ "ბათუმის წყალის" მიერ მოსახლეობისთვის მიწოდებული სასმელი წყლის თვისებები სრულად შეესაბამება სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ ნორმატივებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ქობულეთში, ერთ-ერთი სასტუმროს მეპატრონეს კორონავირუსი დაუდგინდა

გადაუღებელი წვიმა, გარესამყაროს მოწყვეტილი ადამიანები, დაზიანებული გზები და ხიდები - ლენტეხი სტიქიას ებრძვის (ფოტო და ვიდეომასალა სტიქიის  ზონიდან)

საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 20-ით გაიზარდა