პანდემიის დროს გაჩენილი იდეა 7 აგვისტოს რეალობად იქცევა. Eclectik Space ბაზარზე ახალი ნიშის დასაკავებლად შემოდის. თემატიკა იგივეა: გართობა ზაფხულში ღია ცის ქვეშ. განსხვავება მისი ტერიტორიული მდებარეობა და პირობებია: ლისის ტბის სიახლოვეს, შეზღუდული სტუმრების რაოდენობით, თავისუფალი სივრცით.
“თბილისში უამრავი ადამიანია, ვინც კვირის მანძილზე დატვირთული გრაფიკით მუშაობს, შაბათ-კვირას გასართობად უნდა წასვლა, მაგრამ არ უყვარს ათასობით ადამიანს შორის ყოფნა, ზუსტად მათთვის შეიქმნა Eclectik Space. ეს არაა გრანდიოზული ტერიტორია, ტევადობიდან და უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, ჯამში 800-მდე სტუმარს ვუმასპინძლებთ”,- ამბობს Eclectik-ის თანადამფუძნებელი რომა ცირეკიძე.
ტერიტორიაზე მუშაობა თითქმის დასრულებულია: სცენა, ჰამაკებითა და პუფებით სავსე მოხატული ტერიტორია და 6 ქართველი არტისტი 7 აგვისტოს 23 საათიდან უმასპინძლებენ სტუმრებს: Pasha, Gio Shengelia, Autumn Tree, Yanamaste, Papuna, Hemp Hops (Ultraviolet Radiation) სხვადასხვა ჟანრის მუსიკოსები არიან.
“პირველი ივენთი 23 საათზე დაიწყება და მომდევნო დღის ბოლომდე გაგრძელდება. ღამის სტუმრების გარდა დილით გვესტუმრებიან სხვადასხვა კლუბებიდან afterparty-ზე, ვისაც ღამის თენება არ უყვარს, შუადღეს ამოვა და დღისით გაერთობა”,-ამბობენ ფესტივალის დამფუძნებლები მარიტა ჭანტურია და რომა ცირეკიძე.
ღონისძიება სახელმწიფო რეგულაციებისა და რეკომენდაციების სრული დაცვით ჩატარდება, რის გამოც ბილეთები შეზღუდული რაოდენობით გაიყიდება, მოსულ სტუმრებს მოუწევთ ტემპერატურის შემოწმება, ხელების სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება და რიგში დგომისას 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა.
ივენთის სანახავად, გადადით ბმულზე