ლევან თოფაძის დაჭრაში ბრალდებული ბუსა ჟვანია, სამართალდამცავებმა ხეჩინაშვილის კლინიკიდან წაიყვანეს.
კლინიკის დატოვებისას ბუსა ჟვანიას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
ხეჩინაშვილის კლინიკის კლინიკური მენეჯერის, ანესთეზიოლოგიისა და რეანიმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ნიკოლოზ კვაჭაძის განცხადებით, ლევან თოფაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და რეანიმაციული განყოფილებიდან დღეს ქირურგიულ განყოფილებაში გადაიყვანენ.
მისივე თქმით, ვიდრე პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია, მისი დაკითხვა ვერ მოხერხდება.
„გიდასტურებთ, რომ ორი პაციენტიდან ერთ-ერთმა კლინიკა დატოვა, მეორე პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესებულია და დღეს გადაიყვანენ ქირურგიულ განყოფილებაში. პაციენტი სანამ რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, მისი დაკითხვა ვერ განხორციელდება. დანარჩენი დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობაზე და იმ ვითარებაზე, რა ვითარებაც იქნება",-განაცხადა ნიკოლოზ კვაჭაძემ.
ცნობისთვის, თბილისში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია. დაჭრილი იყო თავად ჟვანიაც.
ბესარიონ (ბუსა) ჟვანიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.