უკრაინამ მის ტერიტორიაზე შემსვლელი საკუთარი მოქალაქეებისთვის და უცხოელებისთვის ახალი წესები აამოქმედა - საქართველო ე.წ. „წითელი“ ზონის ქვეყნების ჩამონათვალში მოხვდა.
კონკრეტულად კი, უკრაინაში პირველი აგვისტოდან „მწვანე“ და „წითელი“ ზონის ქვეყნების კლასიფიცირების ახალი სისტემა ამოქმედდა. „ევროპეისკაია პრავდას“ ინფორმაციით, ამიერიდან უკრაინა „წითელი ზონის“ ქვეყნების ჩამონათვალში სვამს იმ სახლმწიფოებს, სადაც ბოლო 14 დღის განმავლობაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი ყოველ 100 000 მოსახლეზე აჭარბებს უკრაინის ანალოგიურ მონაცემს, ან თუ გასული 14 დღის განმავლობაში ინფიცირების ახალი შემთხვევების ზრდის მაჩვენებელი 30%-ს აღემატება. მანამდე უკრაინა სხვა ქვეყნებში ყოველ 100 000 მოსახლეზე აქტიური შემთხვევების რაოდენობით ხელმძღვანელობდა.
სააგენტო Unian-ის ცნობით, როგორც უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვიქტორ ლიაშკომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ახალი წესების თანახმად, ე.წ. მწვანე ზონის ქვეყნებიდან უკრაინაში ჩამსვლელმა მგზავრებმა თან უნდა იქონიონ სამედიცინო დაზღვევის პოლისი და ისინი თვითიზოლაციისა და კორონავირუსზე ტესტის ჩატარების გარეშე შეძლებენ ქვეყანაში შესვლას. ხოლო ის უკრაინელები და უცხოელები, რომლებიც ე.წ. წითელი ზონის ქვეყნებიდან ჩადიან, 14 დღიანი იზოლაციის პერიოდი უნდა გაიარონ ან ერთი დღე-ღამის განმავლობაში „პისიარ“ ტესტი ჩაიტარონ, ან უკრაინის ტერიტორიაზე უკვე ტესტის გამზადებული პასუხებით შევიდნენ, რომელიც საზღვრის გადაკვეთამდე არა უმეტეს 48 საათის განმავლობაში იქნება ჩატარებული.
ამჯერად, უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული „მწვანე“ და „წითელი“ ზონის ქვეყნების ჩამონათვალში, საქართველო „წითელ“ ზონაშია მოხვედრილი. ამავე სიაში შედიან აშშ, ისრაელი, ბრაზილია, რუმინეთი, მექსიკა, აზერბაიჯანი, ალბანეთი, ავსტრია, შვეიცარია, გერმანია, კანადა, საფრანგეთი, ნორვეგია, ფინეთი და სხვა.
ე.წ. „მწვანე ზონის“ ქვეყნებში მოხვდნენ შვედეთი, პორტუგალია, ხორვატია, თურქეთი, დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი, ირლანდია და სხვა.
უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო ქვეყნების სიას ყოველ 7 დღეში ერთხელ განაახლებს.