ავტორი:

"მერე განსაკუთრებულად მძიმეა, როცა შვილები მშობლების გარეშე რჩებიან" - ბასა ფოცხიშვილი მამაზე და მისდამი მიძღვნილ ახალ პროექტზე

"მერე განსაკუთრებულად მძიმეა, როცა შვილები მშობლების გარეშე რჩებიან" - ბასა ფოცხიშვილი მამაზე და მისდამი მიძღვნილ ახალ პროექტზე

წელს, 11 ივნისს, პოეტ მორის ფოცხიშვილს 90 წელი შუსრულდებოდა. მისი შვილები - თამრიკო და ბასა ფოცხიშვილები ამ დღის გრანდიოზულ აღნიშვნას აპირებდნენ, მაგრამ პანდემიამ, როგორც ყველას, მათაც ჩაუშალა გეგმები. სამაგიეროდ, ამ შეზღუდვების ფონზე ბასა ფოცხიშვილს მოულოდნელად მამის გენიალურ ლექსებზე კლიპის გადაღების იდეა გაუჩნდა. ვიდეოს სახელად "სსუ!" დაარქვა, პოეტის 1979 წელს დაწერილი ლექსის სახელწოდება, - ამ ლექსს კლიპში თავად კითხულობს. ისე, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც თავის გადაღებულ ვიდეოში მონაწილეობს. მასთან ერთად, მონაწილეობენ - მისი და, თამრიკო ფოცხიშვილი და ჩვენი ცნობილი ხელოვანები. ისინი პოეტის ლექსებს მართლაც გამორჩეულად კითხულობენ. თითოეულს კი დღევანდელი ჩვენი ცხოვრების თანმდევი ატრიბუტი - პირბადე უკეთია...

- "ლექსი "სსუ!" 70-იან წლებში სხვა თემაზე დაიწერა, მაგრამ ახლაც სხვადასხვა მიზეზით გარინდულია სამყარო, ბევრი რამ ფაქტობრივად, გაჩერებულია... მოკლედ, როცა წარმოვიდგინე, რომ მორისის იუბილე იქნებოდა და ამ დღისთვის ვერაფერს გავაკეთებდი, გონება უცებ გამომინათდა, ამ კლიპის გადაღების იდეა მომივიდა. ვფიქრობ, რომ ამაზე უკეთესს მართლა ვერაფერს გავაკეთებდი. მამას ეს ნამუშვარი რომ ენახა, ძალიან მოეწონებოდა, გაგიჟდებოდა...

მერე თავად ფაქტი, რომ გადაღება ჩვენს სახლში გვქონდა, ძალიან მნიშვნელოვანია. გამოვიდა, რომ მისი იუბილე სწორედ სახლში აღინიშნა და არა რომელიმე დარბაზში გრანდიოზულად და პომპეზურად, როგორითაც კეთდება ხოლმე ხსოვნის საღამოები. თუმცა ასეთი პომპეზურობით მის სიცოცხლეში მისი საღამოები არასდროს გამართულა. ამიტომ ის, რაც გადავიღეთ, ზუსტად მორისის სტილისტიკაა და ჩვენი სწორი გადაწყვეტილება...

ვინც ლექსებს კითხულობდა, თითოეულმა თავისი, პიროვნული ისტორია დაამატა და მგონი, მაყურებელს ამიტომაც მოეწონა. ამასთანავე, საოცრად კითხულობენ. ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, სენტიმენტიც ახლდა, რაც მამისთვის შვილის გაკეთებულს თან ახლავს ხოლმე (ნამუშვარში რაც არ უნდა პროფესიონალური სიმკაცრე ჩამედო, მაინც სენტიმენტალურ გრძნობას ვერ ავცდებოდი). ეს გრძნობა განსაკუთრებულად მძაფრია მაშინ, როცა მშობელი ამქვეყნად აღარ არის, თორემ ეს ბავშვობაში ბუნებრივად ვთვლით და თითქოს არაფრად მიგვაჩნია. მერე კი მისი წასვლით ხვდები, რომ სერიოზული ნაწილი გაკლდება...

- მამა 63 წლის ასაკში გარდაიცვალა, არადა, კიდევ რამდენი კარგი სტრიქონის შექმნას შეძლებდა... როგორი იყო მის გვერდით ცხოვრება და შემდგომ მის გარეშე განვლილი წლები...

- კი, 63-ის ხდებოდა... ახლა რაღაც არქივს ვათვალიერებდი და ვნახე, - "პირველ არხს" გარდაცვალებამდე მასზე სიუჟეტი მოუმზადებია, რაც საკმაოდ გულისამაჩუყებელია... თვითონაც იცოდა და მის გარშემო ყველამ, რომ მიდიოდა... მორისის გვერდით ცხოვრება ძალიან საინტერესო იყო და ამასთანავე, შთაბეჭდილებებით, ხალხით დატვირთული, რაღაც ზღაპარს ჰგავდა, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ტკივილიც იყო, ბევრი პრობლემა და დარდი.

მოკლედ, ყოველთვის ამაღლებული და ლამაზი იყო, როგორც ალბათ, ყველა პოეტის ოჯახში, იქვე მოულოდნელობებით აღსავსე. თავიდანვე ჩვენ ოთხის - მამა, დედა, მე და თამრიკოს ურთიერთობა იყო ერთიანი, მთელი, ერთი სხეული ვიყავით და იყო დიდი სიყვარული... ასე მორისის შემდეგაც გაგრძელდა, რადგანაც უკვე სამს - იქიდანაც ყოველთვის ყველაფერში გვეხმარებოდა. ისეთი გრძნობა მქონდა, რომ ის ერთიანობა არც დარღვეულა. თან, როდესაც დედა რჩება, თითქოს ეს ყველაფერი სიმყარეს ინარჩუნებს. მერე უკვე განსაკუთრებულად მძიმეა, როცა შვილები მარტო, მშობლების გარეშე რჩებიან...

მაგრამ მშობელი აქაც და იქიდანაც გვიცავს და გვეხმარება...

- მორის ფოცხიშვილი სამთავროს დედათა მონასტრის ეზოშია დაკრძალული და არა რომელიმე პანთეონში. ეს მისი ანდერძის თანახმად მოხდა?

- საერთოდ, მორისს უნდოდა, არა პანთეონში, არამედ ჩვეულებრივ სასაფლაოზე დაკრძალულიყო. ოღონდ, ძალიან უნდოდა ეს ადგილი მცხეთაშის სასაფლაო ყოფილიყო, რადგანაც მცხეთა ძალიან უყვარდა, იქაურობაზე გიჟდებოდა. ამბობდა, იქიდან ჯვარი ჩანს, წმინდა ადგილიაო... მისი გარდაცვალებაც იმდენად ამაღლებული იყო, რომ ასეთ ადგილას მოხვდა. სამთავროს ეზოში უწმინდესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაიკრძალა. საოცარი და წარმოუდგენელი გრძნობაა, სიტყვებით ვერ გადმოვცემ, როდესაც სამთავროს დედათა მონასტერში შედიხარ და იქ მამას საფლავია. საერთოდ, საოცარია მცხეთა, სხვა სული ტრიალებს. სამთავრო უკვე ჩვენი ოჯახია, ის არაჩვეულებრივი დედები, გამორჩეული ადამიანები ჩემი ოჯახის წევრებად მიმაჩნია.

- შვილებს როგორ გზრდიდათ მამა?

- მამა თავისუფალი არჩევანის უფლებას გვაძლევდა. რის გაკეთებაც გვინდოდა, იმაში საერთოდ, მშობლები არ გვზღუდავდნენ. არც არასდროს დაუძალებიათ ისეთი რამის გაკეთება, რისი გაკეთებაც პატარებსაც არ გვინდოდა. მამასთან მეგობრული, თბილი ურთიერთობა გვქონდა. ოღონდ, მოფერება დიდად არ იცოდა. "ბასიი" რომ დამიძახებდა, მიაყოლებდა ხოლმე, - "არვინა მყავს შენი ფასი" - ეს იყო მისი ყველაზე დიდი მოფერება... რასაც ვთხოვდი, მისრულებდა, მაგალითად, სადღაც წასვლა მინდოდა და გვიანი იყო, ან პატარა ასაკში მარტოს მინდოდა დასასვენებლად წასვლა, ამის უფლებას მაძლევდა, ხელს მიწყობდა...

- რეჟისორობა რომ გადაწყვიტეთ, მოგიწონათ?

- ხელი არ შეუშლია. როგორც გინდა, - თუ გინდა, გახდი რეჟისორი, ოღონდ, კარგი რეჟისორი უნდა იყო, თუ საშუალო იქნები, მაშინ არ გახდეო...

- მორის ფოცხიშვილის არაერთი ლექსია ამღერებული. ეს როგორ ხდებოდა?

- ესეც, ალბათ, მისი პროფესიონალიზმის ნიშანი იყო. გარდა იმისა, რომ პოეტი იყო, ჰქონდა უნარი, რომ 5 წუთში ნებისმიერ მუსიკაზე ლექსი დაეწერა. კომპოზიტორებთან ერთად მუშაობდა. ყოველთვის ერჩივნა, სიმღერისთვის ლექსი დაეწერა, ვიდრე მისი უკვე დაწერილი ლექსი ამღერებულიყო. ამბობდა, - სასიმღერო სტრიქონები აბსოლუტურად სხვაა, ხოლო თავად ლექსი ლექსია და ის ისევე უნდა დარჩეს. სასიმღეროდ დაწერილს სხვა სიმსუბუქე უნდა ჰქონდეს, ყველა სიტყვა არ იმღერებაო. ამიტომ, სულ მახსოვს, რომ ის სხვანაირი უნდა იყოს, ჰაეროვანი, მსუბუქი, მაგალითად, "ჭალაში ბალანაშლილი თეთრი სეტერი ქრის", - ეს არ იმღერება...

- ბევრი წლის წინ მისმა ცნობილმა ლექსმა "ტიტები" ჯემალ სეფიაშვილის მუსიკაზე ქართველი ერი გააერთიანა. როგორ შეიქმნა?

- ჯემალმა და მორისმა ეგ სიმღერა ერთად შექმნეს...ის მჭიდროდ მუშაობდა კომპოზიტორებთან - გოგი ცაბაძესთან, ბუთხუზ ბასილაიასთან ერთად... მუშაობდნენ, ქმნიდნენ და იყვნენ მეგობრები...

- მის რომელ ლექსზე შექმნილი სიმღერა გიყვართ?

- ხან რომელი, ხან - რომელი, ხასიათს გააჩნია... "ვერის უბნის მელოდიები" რომ არ აღვნიშნო, არ შემიძლია. მაგ ჟანრში სერიოზული ნამუშევარია... მოკლედ, ხან ეს მომწონს - "მრუდე თუ გაქვს ხელი, კეთილს ნუღარ ელი", ხან ეს - "ერია თუ ბერია, ყველა დასაჭერია", ხანაც ეს - "ერთად გვირბენია, ერთად გვიკრეფია ია ენძელა და შროშანი, მაგრამ ახლა ყველაფერი შორს არის" - ხასიათს გააჩნია...

- თავად მისი პოეზია როგორც მკითხველს, პოეზიის მოყვარულს, რას გაძლევთ?

- უპირველესად სიამოვნებაა, მელოდიაა, წავალ-წამოვალ და რაღაც ფრაზები თავისით მოდის ხოლმე. მახსენდება არა მარტო მორისის პოეზია, სხვა ფანტასტიკური პოეტების ფრაზები - ხან ერთი, ხან - მეორე. მიუხედავად იმისა, რომ კარგი სწავლით არასოდეს გამოვირჩეოდი, ლექსები სულ ზეპირად ვიცი და არა მარტო მორისის. დათო გურგულია, ჩემი დისშვილიც ასეა, ყველა ლექსი იცის... ჩვენთან სახლშიც ასე იყო სულ, რაღაც ფრაზებით ვსაუბრობდით, ეს ყოველთვის რაღაც სიტყვას მოჰყვებოდა ხოლმე. რომელიმე ჩვენგანი იმ სიტყვას სხვადასხვა სტრიქონით აგრძელებდა. მოკლედ, როცა სახლში დადიხარ და რაღაცას წაიმღერებ, ნახატი, ან ფილმი გახსენდება, ასევეა პოეზიაც, - სიამოვნებაა, სხვა რამ არის...

- მათ, ვინც მორის ფოცხიშვილს ახლოს არ იცნობდა, როგორ გააცნობდით?

- სილამაზის დანახვის საოცარი უნარი ჰქონდა და სიყვარულით და სინანულით სავსე იყო. დიდბუნებოვანი გახლდათ - ეს უკვე მისი პიროვნული შტრიხია. ცუდს არც დაინახავდა, ამბობდა, - იმდენად ბევრი რამ არის ცხოვრებაში კარგი, ცუდზე რატომ უნდა გაჩერდეს შენი თვალიო?!

- შესანიშნავად ხატავდა. ამ ორ მუზას ერთდროულად როგორ ემსახურებოდა?

- თუ არ წერდა, ხატავდა... ცოტა ხანში მორისის ოთხტომეული გამოვა, "მაგთი" გამოსცემს, ეს იქნება მისი ნახატებით გაფორმებული. სხვათა შორის, წლების წინ, შვეიცარიაში, გერმანულ ენაზე მისი წიგნი მისივე ნახატებით გაფორმებული გამოიცა. თავად იმ გამომცემელს ძალიან მოეწონა და მისი ინიციატივით, მორისის გრაფიკით დაბეჭდა. ახლა სპეციალურ ქაღალდს ველოდებით, გაუმჭვირვალეს, ჯერ მსგავსზე საქართველოში წიგნი არ დაბეჭდილა. საინტერესო ნამუშევარი გამოვა და ამასთანავე, პირველად მინდა, მისი ნამუშევრების გამოფენის მოწყობა, სწორედ ამ წიგნის პრეზენტაციაზე მოხდეს.

- რას ეტყოდით მამას 90 წლის იუბილეზე?

- რაც მინდოდა მეთქვა, ამ კლიპით ვუთხარი და, როგორც უკვე აღვნიშნე, ეს მორისს მოეწონებოდა, გაგიჟდებოდა. ამიტომ მადლობა ყველას - იმ საოცარ ადამიანებს, ვინც იმ ლექსებს კითხულობდნენ, მთელ ჯგუფს - ოპერატორს, მემონტაჟეს, გამნათებელს, ხმის რეჟისორს, ჩემს ჯგუფს და იმათაც, ვისაც შემდგომ ეს ნამუშევარი მოეწონა!

"5-6 თვის წინ თამარმა მამამისს სთხოვა, ელექტროშოკი მიშოვეო" - გარდაცვლილი პროგრამისტის დედა

"საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს ენგურსა და ენგურჰესზეც" - რა ინფორმაცია მიაწოდეს შს მინისტრის მოადგილეებმა გაუჩინარებული მოზარდის მშობლებს

რამ გამოიწვია რაჭაში სტიქიური მოვლენები?