გუშინ "რუსთავი 2“-ის ეთერში "ფარული კონვერტის" მორიგი გადაცემა გავიდა, რომლის სტუმარიც მოდელი გიორგი ნაზღაიძე გახლდათ. გადაცემის კონკრეტული მონაკვეთები რამდენიმე საზოგადოებისთვის ცნობილი სახისთვის შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა. მათ შორის გახლდნენ ჟურნალისტი და პროდიუსერი მაკა რაზმაძე და მომღერალი თემურ თათარაშვილი.
მაკა რაზმაძის გაღიზიანება მისმა ფოტოშარჟმა გამოიწვია, რომელიც გადაცემაში აჩვენეს, იმ სტატუსით, რომ ნაზღაიძე ცნობილ ადამიანებზე ხუმრობდა. თუმცა მაკასთან შედარებით, უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა თემურ თათარაშვილი.
მისი მისამართით მოდელის მიერ გაჟღერებულმა ბრალდებამ თითქოს, მას ერთ-ერთ საღამოზე ფეხზე ხელი დაადო, შოკისმომგვრელი აღმოჩნდა თათარაშვილისთვის.
"დღეს შედარებით ფრთხილი პოსტი დავწერე, არ მინდოდა მძაფრად მეთქვა ის, რასაც სინამდვილეში ჩემგან და არამარტო ჩემგან იმსახურებს "ფარული კონვერტი", რომელსაც გადაცემასაც ვეღარ ვუწოდებ, ისე დაბლა დაეშვა და გაბანძდა უკვე. სიბინძურის და ცილისწამებების ბუდედ გადაიქცა.
ამიტომ ამაზე აღარც შევჩერდები. მინდა პირდაპირ ტელევიზიას და მის ხელმძღვანელებს მივმართო: რას ერჩით ამ ტელევიზიას? რატომ აბანძებთ და უკარგავთ ყველანაირ ფასს და ღირსებას? ბატონ ქიბარ ხალვაშს ამისთვის ვგულშემატკივრობდით ამდენი ადამიანი, რომ სიბინძურეები ბოლოს ჩვენსკენ მოემართათ ამ ტელევიზიიდან?
კატეგორიულად ვითხოვ ბოდიშის მოხდას და ვაცხადებ რომ არასდროს აღარ იქნება ჩემი ფეხი ამ ტელევიზიის არც ერთ გადაცემაში სანამ „ფარული კონვერტიდან“ ბოდიშს არ მომიხდიან საჯაროდ! სამარცხვინოა რაც ხდება და მოგმართავთ ბატონო ქიბარ და ბატონო პაატა სალია! ცილისწამება და ბოროტი ტყუილების ტირაჟირება არის დასჯადი! გთხოვთ აღკვეთოთ ეს მარაზმი თქვენს ტელევიზიაში, რომელსაც ასე ვგულშემატკივრობდი აქამდე! ველოდები ბოდიშს!“ - დაწერა თემურ თათარაშვილმა სოციალურ ქსელში და პოსტზე ტელეკომპანიის მფლობელი ქიბარ ხალვაშიც მონიშნა.
მალე ტელევიზიის ოფიციალური გვერდიდან გადაცემის სრული ჩანაწერი წაშალეს და ახალი ატვირთეს, სადაც ეს სკანდალური კითხვა-პასუხი ამოჭრილია.
აღნიშნულ თემაზე წერს მაკა რაზმაძეც, რომელიც როგორც აღმოჩნდა, გადაცემის გასვლამდე ია ფარულავასთან ერთად საერთო მეგობრების წრეში ისვენებდა და მოულოდნელად ჟურნალისტმა ერთი დღით ადრე სახლში დაბრუნება გადაწყვიტა.
მაკა რაზმაძე სოციალურ ქსელში ია ფარულავა მონიშნა და ტელეწამყვანს საჯაროდ მიმართა:
"პაროდიები ბევრი გაუკეთებიათ ჩემზე და თითქმის ყველა მათგანი მომწონს და მეც კარგად ვიცინი ხოლმე საკუთარ თავზე. ჩემი წარბების შესახებაც ბევრი მიცინია პაროდიებზე და არც ეს მიკვირს. მაგრამ ასეთი მდაბიო და დაბალი დონის "შუტკა" არასდროს არავის უკადრებია ჩემთვის კი არა, საკუთარი თავისთვის რაც შენ დაუშვი შენს გადაცემაში. კოლეგიალობაზე აღარ ვლაპარაკობ - ეს ან იცი, ან არა ადამიანმა და თუ არ გესმის ვეღარავინ აგიხსნის.
მესტიაში ერთად ვიყავით ერთი სამეგობრო და თურმე სად ვარ, სწორედ იმ დღეებში რეები მოგიმზადებია... ზურგს უკან გყვარებია ჩხლართაობა ჩემო ია, და რა ძალიან ცუდია ეს! თან რად გიღირდა 3 პროცენტიან რეიტინგად?
3 პროცენტს ორი დღის გახსნილ "იბერიაშიც" კი არ ვწერდით არათუ ამხელა "რუსთავი-2ზე" და მანდ ჰგონიათ, რომ გადაცემა აქვთ და ამ დაბოლებებით კმაყოფილდებიან? ამდენი ადამიანის განაწყენება და შეურაცხყოფა და დაკარგვა თუ გიღირდა 3 პროცენტიან რეიტინგად კი ბატონო,ასე გააგრძელე" - წერს მაკა რაზმაძე.
ამ ეტაპზე თემურ თათარაშვილი და მაკა რაზმაძე დამატებითი კომენტარისგან თავს იკავებენ, თუმცა როგორც მაკამ AMBEBI.GE-სთან საუბარში აღნიშნა, მას სულ არ აინტერესებს ნაზღაიძის მიერ გაკეთებული კოლაჟი, მისი წყენა ია ფარულავას მიერ ამ თემის გადაცემაში გამოყენებამ და არაკოლეგიალურმა საქციელმა გამოიწვია.