23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის მამის, ჯუმბერ ბაჩალიაშვილის განცხადებით, მოითხოვს, რომ მისი შვილის კომპიუტერი ამერიკის ფედერალურმა ბიურომ გახსნას, საქმე კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიძიოს.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, უნდობლობის მიზეზი გამომძიებლის, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მხრიდან გაკეთებული განცხადებაა, რომელმაც უარყო, რომ მას კომპიუტერის გახსნის შესახებ უთხრა, რომ მისი შვილი „დიდი პრობლემის წინაშე“ იყო.
„ჩემი მოთხოვნაა კომპიუტერი გახსნას ამერიკის ფედერალურმა ბიურომ და აუცილებლად დაესწროს ჩვენი ადვოკატი. საქმე გამოიძიოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ჯერ ეს პიროვნება მეუბნება, აგერ მაგაზე ვმუშაობო, შენი გოგო რა დიდი პრობლემის წინ არისო. ამის შემდეგ ვურეკავ, აღარ პასუხობს. გუშინ გამოდის და თავისი ნათქვამი სიტყვები უკან მიაქვს, ამბობს, ასეთი რამე ტყუილიაო. ასეთი უღმერთობა არ შეიძლება. მაგას შეეშალა, წამოცდა ესეიგი არ აწყობდათ ეგრე, წაშალეს და მერე მეუბნება ვერ გავხსენითო. ამიტომაც მინდა, რომ კომპიუტერი ამერიკის ფედერალურმა ბიურომ გახსნას და შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიძიოს საქმე. ადამიანი უნამუსოდ რომ გამოდის და მაგას იძახის, მისგან ყველაფერი მოსალოდნელია. შეიძლება წაშალეს უკვე, ვერ გაიგებ. საქმე წინ არ წასულა“,-აღნიშნა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.
შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის მამამ, ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ პირი, რომელიც მასთან მივიდა და შვილის კომპიუტერის გახსნის შემდეგ უთხრა, რომ „თამარი შარში იყო“, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლადო ბაჭულაშვილია.
ამ განცხადების შემდეგ ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლადო ბაჭულაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში დაიბარეს. ლადო ბაჭულაშვილმა კატეგორიულად უარყო თამარ ბაჩალიაშვილის მამის განცხადება, თითქოს მისი შვილის კომპიუტერის გახსნის შემდეგ, მან უთხრა, რომ „თამარი შარში იყო“.