ავტორი:

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა - კადრები სასამრთლოდან

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა - კადრები სასამრთლოდან

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული 11 პირი კვლავ პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ მაია ოშხარელმა მიიღო.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა.

ადვოკატებმა ბრალდებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენეს. ისინი დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების 5 000-დან 10000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდნენ.

პროკურატურამ კი, ბრალდებულების კვლავ პატიმრობაში დატოვების შუამდგომლობა დააყენა.

სასამართლო პროცესზე ბრალდებულებმა სიტყვით ისარგებლეს. 11 პირიდან ბრალს 10 არ აღიარებს, მხოლოდ ერთი - ფეხბურთელი ირაკლი წაქაძე აღიარებს ბრალს ნაწილობრივ, მას მხოლოდ აგარაკის ეპიზოდში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით ძალადობას ედავებიან.

საქმის პროკურორი დავით ყაზარაშვილი არ გამორიცხავს, რომ საქმეზე ბრალდებულებს ბრალი განზრახ მკვლელობის ნაწილში, უახლოეს მომავალში დაუმძიმდეთ, მათ შორის არასრულწლოვნებსაც. როგორც ყაზარაშვილმა ჟურნალისტებს მცხეთის რაიონულ სასამართლოში პროცესის დასრულების შემდეგ განუცხადა, ახალი ბრალდების წარდგენა საკმარისი მტკიცებულებების შეგროვებისთანავე მოხდება.

„იცით, რომ განზრახ მკვლელობის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. მათ შორის, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიღების შემდეგაც უამრავი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩატარდა. რაც შეეხება ბრალდების დამძიმებას, არ არის გამორიცხული, როგორც არასრულწლოვნების, ასევე სრულწლოვანი ბრალდებულების მიმართ. შესაძლებელია, უახლოეს პერიოდში ბრალდებულებს დაუმძიმდეთ ბრალდება. აღნიშნული იქნება მაშინვე, როგორც კი საკმარისი მტკიცებულებები იქნება“, - განაცხადა პროკურორმა და დასძინა, რომ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს 109-ე, 143-ე, 225-ე მუხლების ნაწილში და ჯერჯერობით 109-3 მუხლი ცალკე გამოყოფილი არ არის.

რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიებას, რაზეც სასამართლომ დღეს იმსჯელა, როგორც პროკურორი აცხადებს, მოსამართლემ აღნიშნულ საკითხზე ბრალდებულებთან მიმართებაში ცალ-ცალკე იმსჯელა, თუმცა, როგორც პროკურორი განმარტავს, საქმეში ბრალდებულ 14-ვე პირს ჯგუფური დანაშაული აქვს ჩადენილი, ისინი მოქმედებდნენ ერთობლივად და მათი პატიმრობის დასაბუთებაც ერთიანი იყო.

„სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და 11-ვე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა ძალაში დატოვა. რაც შეეხება საფუძვლებს და არგუმენტებს, რითაც ეს გადაწყვეტილება იყო განპირობებული, არსებობდა მიმალვის, მტკიცებულებების განადგურების, ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.

ბრალი არცერთ პირს არ უღიარებია. ერთ-ერთმა ბრალდებულმა განაცხადა, რომ ნაწილობრივ აღიარებს დანაშაულს, თუმცა, რაში გამოიხატებოდა ეს ნაწილობრივ აღიარება, არ ვიცი. დამატებითი კითხვები დაისმება გამოძიების პროცესში. სასამართლო არ არის ის ადგილი, სადაც მოწმის გამოკითხვა გამოძიების ეტაპზე ხდება. გადაწყვეტილების მისაღებად მნიშვნელოვანი იქნებოდა სრულყოფილი თანამშრომლობა, რასაც ადგილი დღემდე არ აქვს. შეუძლია მას ან მისმა ადვოკატებმა მოგვმართონ და პირველივე განცხადების შემთხვევაში შევალთ საპატიმრო დაწესებულებაში და ხელახლა გამოვკითხავთ. თუმცა, აღნიშნული პირის მიერ დანაშაულის ნაწილობრივ აღიარება არ არის ისეთი არსებითი გარემოება, რომელიც საფუძვლად დაედებოდა აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას“, - განაცხადა დავით ყაზარაშვილმა.

ცნობისთვის, დაკავებულებიდან ნაწილს სისხლის სამართლის კოდექსის მხოლოდ 126-ე, ნაწილს კი, 225-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.

რაც შეეხება კიდევ 6 დაკავებულს, რომლებიც არასრულწლოვნები არიან, მათი სასამართლო პროცესი 31 ივლისს გაიმართება.

ფოტოები: "საზოგადოებრივი მაუწყებელი"

"თუ წყალში არ მოხვდებოდა, გიორგი შაქარაშვილს დაზიანებები არ მოკლავდა" - ექსპერტი

"ტრაგედიამდე 1 კვირით ადრე ბაჩალიაშვილის სამსახურეობრივ ელექტრონულ ფოსტაზე პაროლი იყო შეცვლილი" - ადვოკატი

"ბრალის დამძიმებას არ ველოდით... ეს გაუმართლებელია" - შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების ადვოკატები პროკურატურის გადაწყვეტილებაზე