გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის, არჩილ გაგნიძის ადვოკატის ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, „ტოიოტა ქამრის“ 6 მგზავრიდან, ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი არავის მოუკლავს. ამის შესახებ კობაიძემ ჟურნალისტებს მცხეთის რაიონულ სასამართლოში განუცხადა, სადაც ამ წუთებში შაქარაშვილის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს.
როგორც კობაიძემ აღნიშნა, გაგნიძეს რომ შაქარაშვილის გარდაცვალებასთან შეხება არ ჰქონია, ამას ვახტანგ ახვლედიანის ჩვენება ადასტურებს. ადვოკატის თქმით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვს.
„თუ სასამართლო არ მოექცევა საზოგადოების გავლენის ქვეშ და სამართლებრივად შეაფასებს აღნიშნულ საკითხს, დარწმუნებული ვარ, არანაირი სტანდარტი არ არსებობს, რომ აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი სახე გამოიყენონ და დარჩეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პატიმრობაში. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს ისეთ მნიშვნელოვან გარემოებებს, როგორიცაა 199-ე მუხლი, სადაც წერია, რომ თუ სასამართლოს სურვილი აქვს, მაგალითად, ჩამოართვას მაიდენტიფიცირებელი საშუალება - პასპორტი, პირადობა, ყოველ კვირას იაროს საგამოძიებო უწყებაში. აქედან გამომდინარე, თუ ექნება მზაობა სასამართლოს, დარწმუნებული ვარ, აღკვეთის ღონისძიებას შეცვლის. ბრალის დამძიმების შესაძლებლობას არ განვიხილავ. ახვლედიანის ჩვენება პირიქით, საჩვენო გარემოებებზე მიუთითებს. რასაც აქამდე ვიძახდით, რომ გარდაცვლილთან არანაირ შემხებლობაში გაგნიძე არ არის, ახლა დადასტურდა. ხელს გაგნიძეს არავინ ადებს. ცხონებული შაქარაშვილი იმ 6 პიროვნებას არ მოუკლავს. მე თითს არავისკენ ვიშვერ, არც „მერსედესის“ მგზავრებზე და არც სხვაზე. ვინ მოკლა შაქარაშვილი, ამას პასუხი საგამოძიებო უწყებებმა უნდა გასცეს. ყველა ჩვენი ეჭვის შესახებ გამოძიებას ინფორმაცია მივაწოდეთ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თანამშრომლობს გამოძიებასთან ღიად და გამჭვირვალედ; გულწრფელია, რაც მთავარია. მას ჩვენების მიცემაზე უარი არ უთქვამს, გაგნიძემ მოითხოვა საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობა, რაზეც საგამოძიებო უწყებამ უარი თქვა. აქედან გამომდინარე, ჰქონდა მას უფლება უარი ეთქვა, რომ თუ არ მაძლევთ საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობის საშუალებას, რათა ჩემი ჩვენება გადამოწმდეს, მაშინ შენ როგორ უნდა გენდო?! ამ ეტაპზე საგამოძიებო უწყების ნება არ არსებობს, თუ ასეთი ნება იქნება, გაგნიძე მზად არის გამოვიდეს და საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობა მიიღოს“, - განაცხადა კობაიძემ.
ცნობისთვის, გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის, დაზარალებულ ვახტანგ ახვლედიანის ახალი ჩვენების მიხედვით, შაქარაშვილს ბოლომდე მორაგბე არჩილ გაგნიძე და ბრალდებული ნიკოლოზ რევაზიშვილი არ გაკიდებიან. აღნიშნული ჩვენება, რომელიც საქმის მასალების ახალ, 22-ე ტომშია, „ინტერპრესნიუსმა“ მოიპოვა. ჩვენებაში ახვლედიანი საუბრობს, რომ მან დაინახა თუ როგორ მისდევდა ფეხბურთელს სამი, თხელი აღნაგობის ახალგაზრდა, რომლებიც მას მანამდე ნანახი არ ჰყავდა.
ვახტანგ ახვლედიანი წინა ჩვენებებისგან განსხვავებით, ამჯერად დეტალურად იხსენებს მომხდარს და განმარტავს, რომ წინა გამოკითხვებისას, ის აღელვებული იყო, რის გამოც დეტალების გახსენება უჭირდა. ის დაწვრილებით ჰყვება იმ ეპიზოდის შესახებ, საიდანაც გიორგი შაქარაშვილის კვალი დაიკარგა. ასევე საუბრობს, თუ როგორ გაჩერდა არაგვის ხიდის მიმდებარედ „ტოიოტას“ მარკის ავტომობილი. ახვლედიანის ჩვენებით, მან გარკვეული პირები სატელევიზიო რეპორტაჟებიდან ამოიცნო.
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17 პირიდან 11-ის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. აღნიშნულ სხდომაზე დაკავებული 11 პირის მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება - პატიმრობა გადაისინჯება.