საქართველოში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობა 1085-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 4-ით გაიზარდა და 911-ს შეადგენს.
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო 24 საათში გამოვლენილი 12 ახალი შემთხვევიდან 3 პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია.
“დაგვემატა 12 ახალი დადასტურებული შემთხვევა - სულ 1085 დადასტურებული შემთხვევაა. გამოჯანმრთელებულების რიცხვი გაიზარდა 4-ით და გახლავთ 911. ამ მონაცემების გათვალისწინებით, 196 პაციენტი მკურნალობს კოვიდცენტრებში. 5 პაციენტი აქედან არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი. 2 არის ახალი დადასტურებული შემთხვევა გაჩიანის წყაროდან, 2 იმპორტირებულია. სამი ინფიცირებულის წყაროს მოძიება გრძელდება“, - განაცხადა ეზუგბაიამ.
რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოს, მარინა ეზუგბაიას თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული 30 პაციენტიდან, ორის მდგომარეობა მძიმეა.
„ჩვენი ცენტრის მონაცემი ასეთია: გუშინ გვყავდა 28 დადასტურებული შემთხვევა, არავინ არ გამოჯანმრთელებულა. დაგვემატა 2 ახალი შემთხვევა და გვყავს 30 დადასტურებული შემთხვევა. ამ 2 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 1 იმპორიტრებულია, ერთი კი გაჩიანის წყაროდანაა. ორივეს მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის. 2 მძიმე პაციენტია თუმცა, მათთან სტაბილიზაცია მიღწეულია, მესამე დღეა დაავადების პროგრესირება არ შეიმჩნევა, ალბათ, ასე გაგრძელდება“,-განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
შეგახსენებთ, ბოლო მონაცემების თანახმად, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 16 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 5724 მოქალაქე იმყოფება.