15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც "მწვანე სკოლაში" მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, პოლიციაში დაკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 2019 წლის 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სირაძის საქმეზე გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ჩოლოიანი ჩვენების იძულებით მიცემის ბრალდებით დააკავეს. ამ ცოტა ხნის წინ, ამ საკითხზე განცხადება გააკეთა ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტის მეუფე ნიკოლოზმა. მისი განმარტებით, თავის დროზე ეკლესია დარწმუნდა, რომ ეს შესაძლოა ყოფილიყო შემთხვევითობა, ამიტომ 15 წლის ლუკა სირაძეს წესი აუგო.
„ჩვენ კარგად გავერკვიეთ სიტუაციაში და დავრწმუნდით, რომ ნამდვილად არ არის გამორიცხული, რომ ეს იყო შემთხვევითობა. ამ შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია, რომ ვილოცოთ მისთვის, შეგვიძლია, რომ წესი ავუგოთ, გავაგრძელოთ ლოცვა. ამ განცხადების გაკეთება გახდა საჭირო იმიტომ, რომ ახლა განახლდა საუბარი და ამ განახლებულ საუბარში, აბსოლუტურად, დარწმუნებით არის საუბარი, რომ ეს იყო თვითმკვლელობა. თუ ამ 7 თვის განმავლობაში გამოჩნდა რაიმე ახალი გარემოებები, რაც ჩვენ არ ვიცით, თუ აღმოჩნდა, რომ ნამდვილად თვითმკვლელობაა, მაშინ თხოვნა მაქვს ყველასთვის, რომ გაგვაგებინეთ, ჩვენც უნდა ვიცოდეთ“, - განაცხადა მეუფემ.
ამ თემაზე „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა ლუკა სირაძის ძმამ, ბექა სირაძემ, რომელმაც განაცხადა:
"საპატრიარქომ მოგვცა წესის აგების უფლება, რადგან არ არის დადასტურებელი ლუკას გარადაცვლების მიზეზი, არავის დაუნახავს რა მოხდა. მეუფის განცხადების საფუძველი, სავარაუდოდ, გახდა ის, რომ მედიაში ხშირად მომხდარს იხსენიებენ თვითმკვლელობად და არა უბედურ შემთხვევად. მეუფემ თქვა ისიც, რომ ჩოლოიანს თითქოს ბრალი წაყენებული აქვს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით, არადა, მას ბრალდ ჩვენების იძულებით ჩამორთმევა ედება. სასურველია მეუფე ნიკოლოზმა გადაამოწმოს ინფორმაცია. ვფიქრობ, სანერვიულო არაფერი აქვთ, რომ თითქოს წესის აგების უფლება თუ მოგვცეს, ეს პრობლემაა და თვითმკვლელობის შემთხვევაში ისინი შეწყვეტენ ლოცვას. ეს არავის დაუდასტურებია, არც ოჯახს, არც ექსპერტებს, გამოძიებაც მიმდინარეობს..."