ავტორი:

4 შვილი და საჯარო მოხელეობის გამოცდილება - ვინ არის ერთადერთი ქალი "ქართული ოცნების" მაჟორიტართა სიაში?

4 შვილი და საჯარო მოხელეობის გამოცდილება - ვინ არის ერთადერთი ქალი "ქართული ოცნების" მაჟორიტართა სიაში?

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ ქვეყნის მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. საინტერესოა, რომ 30-კაციან სიაში მხოლოდ ერთი ქალბატონია.

ნინო ლაცაბიძე მმართველი პარტიის სახელით რუსთავში იბრძოლებს. ის გახლავთ თბილისის საკრებულოს მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი სწორედ მმართველი პარტიიდან.

ნინო ლაცაბიძე დაბადებულია 1985 წელს. სხვადასხვა დროს სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალური მეცნიერებებს (ბაკალავრი), ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტში, სადაც საბანკო საქმის მიმართულებით მაგისტრის ხარისხი მიიღო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში - საჯარო მმართველობისა და ბიზნესინჟინერიის მიმართულებით.

ჰყავს მეუღლე ვაჟა ბრაგვაძე და 4 შვილი.

ბოლოს ქონებრივი დეკლარაცია ნინო ლაცაბიძეს 2019 წლის 16 ოქტომბერს შეუვსია, რომლის თანახმადაც ის ფლობს საცხოვრებელ სახლს ფოთში (54კვ.მ.), რომელიც როგორც ირკვევა, 2009 წელს აჩუქეს და ასევე მიწის ნაკვეთს შეკვეთილში, რომელიც 10 000-ს დოლარად 2009 წელს შეუძენია. თბილისში 2 ბინას ფლობს (53.7 კვ.მ და 47, 8 კვ.მ) მისი მეუღლე ვაჟა ბრაგვაძე, ორივე 2016 წელს არის შეძენილი და თითოეულში გადახდილია 25 000 დოლარი. ვაჟა ბრაგვაძე ასევე ფლობს მემკვიდრეობით მიღებულ ბინას რუსთავში.

დეკლარაციის შევსების მომენტში ნინო ლაცაბიძეს „თიბისი ბანკში“ გახსნილი ჰქონდა 4 ანგარიში და მათგან სამზე ირიცხებოდა შემდეგი თანხები: 989 , 230 და 1334 ლარი.

ხოლო მის მეუღლეს 2 მიმდინარე ანგარიშზე ერიცხებოდა: 268,13 და 3 ლარი, საკრედიტო ანგარიშზე კი - 860 ლარი. დეკლარაციის შევსებამდე ბოლო ერთი წლის განმავლობაში ნინო ლაცაბიძემ საკრებულო წევრის თანამდებობაზე მიიღო 30 000-ლარიანი სახელფასო შემოსავლი. ხოლო მისმა მეუღლემ საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე მიიღო 10930,46 ლარი, ხოლო ამავე სამსახურის ადმინისტრაციის უფროსის პოზიციაზე 78878,09 ლარი.

ჩვენი ინფორმაციით, ნინო ლაცაბიძის მამა წლების განმავლობაში საჯარო მოხელე გახლდათ და რუსთავის მერის მოადგილის პოსტს იკავებდა.