შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული თ.ი. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე, თბილისში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 19 ივლისს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1988 დაბადებულ კ.თ.-ს ცივი იარაღით ზურგის არეში ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
"კურიერის" ინფორმაციით, გარდაცვლილი ყოფილი პოლიციელი, კახაბერ თეგეტაშვილია, რომელიც ბოლო წლებში საზღვარგარეთ ცხოვრობდა და საქართველოში ახალი დაბრუნებული იყო.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ფოტო მასალა: "რუსთავი 2"