ავტორი:

აჭარის მთავრობის 32 წლის თავმჯდომარე კალაძის მხარდაჭერით და მამის გავლენებით - რა ქონებას ფლობს თორნიკე რიჟვაძე?

აჭარის მთავრობის 32 წლის თავმჯდომარე კალაძის მხარდაჭერით და მამის გავლენებით - რა ქონებას ფლობს თორნიკე რიჟვაძე?

თორნიკე რიჟვაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ 2018 წლის ივლისში აირჩიეს. მაშინ ის 29 წლის იყო. მანამდე იყო "საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორი; ასევე მუშაობდა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე; რიჟვაძე პროფესიით სამართალმცოდნეა.

  • ვინ არის თორნიკე რიჟვაძე?

2018 წლის ივლისში, როდესაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ თანამდებობა დატოვა, აღნიშნულ თანამდებობაზე რამდენიმე პირი განიხილებოდა, მათ შორის იმჟამად "საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის" დირექტორი, თორნიკე რიჟვაძე, თუმცა იმხანად 29 წლის ახალგაზრდის ასეთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე შერჩევა, ბევრისთვის წარმოუდგენელი იყო, თუმცა საბოლოოდ სწორედ ის შეირჩა.

ბუნებრივია მაშინვე გაჩნდა კითხვა, რა ფაქტორებმა შეუწყო ხელი მის ასეთ დაწინაურებას?

  • კალაძის "პროტეჟე"?

ერთ-ერთ ასეთ ფაქტორად დასახელდა თბილისის ამჟამინდელ მერთან, კახა კალაძესთან ახლობლობა. რიჟვაძე სწორედ კალაძის ენერგეტიკის მინისტრობის დროს დაწინაურდა ამ სფეროში. სამინისტროში იკავებდა სხვადასხვა თანამდებობებს, მათ შორის იყო ენერეგტიკის მინისტრის მოადგილეც. დღემდე ბევრი მიიჩნევს, რომ ის კალაძის კადრია, შესაბამისად, "ქართულ ოცნებაში" კალაძის გავლენების შემცირება შესაძლოა პირდაპირ აისახოს რიჟვაძის კარიერულ წინსვლაზე.

თავის დროზე ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა კალაძემაც.

"თორნიკე რიჟვაძე ჩემი მინისტრობის დროს, ჩემი მოადგილე არ ყოფილა. მე რომ წამოვედი, ილია ელოშვილის მოადგილე იყო. თუმცა, მას ვიცნობ. ჩვენ დიდი ხანი გვიწევდა თანამშრომლობა, ის იყო ერთ-ერთი სერიოზული კომპანიის "ტატა ჯგუფის" მთავარი იურისტი და იმ პროექტებს ხელმძღვანელობდა, რომელიც განხორციელდა აჭარაში. დაახლოებით 400 მილიონის ინვესტიცია განახორციელა ამ კომპანიამ. რიჟვაძე არის უპატიოსნესი ადამიანი, მოწესრიგებული, განათლებული და ვფიქრობ, ასეთი ახალგაზრდები სჭირდება დღეს ჩვენ ქვეყანას", - აცხადებდა იმხანად კახა კალაძემ.

  • მამის გავლენები

აღსანიშნავია, რომ თორნიკე რიჟვაძის მამა დავით რიჟვაძე წლებია სამართალდამცავ უწყებაში მუშაობს და დღესდღეობით აჭარაში ერთ-ერთ გავლენიან ადამიანად მიიჩნევა. ის წლების განმავლობაში აჭარის პოლიციის ხულოს, შუახევისა და ხელვაჩაურის სამმართველოებში მუშაობდა და იკავებდა წამყვან თანამდებობებს. ამჟამად კი გახლავთ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს უფროსის მოადგილე, თუმცა, როგორც აჭარაში ამბობენ, მისი გავლენებიც უნდა ვეძებოთ შვილის წარმატების უკან.

სხვადასხვა დროს, დავით რიჟვაძის სახელი არაერთ სკანდალს დაუკავშირდა, მაგალითად, როგორც გამოცემა "ბათუმელები" წერს, ის 2014 წელს თანამდებობის ბოროტად გამოყენების მუხლით იყო ბრალდებული თავის კოლეგასთან, არჩილ ანთაძესთან ერთად. საქმე შეეხებოდა 2014 წელს, ბათუმის პოლიციის პირველ განყოფილებაში შესულ შეტყობინებას - მოქალაქემ პოლიციას აცნობა, რომ მას ველოსიპედი მოპარეს. შეტყობინების ადგილზე გავიდნენ განყოფილების უფროსი არჩილ ანთაძე და მისი მოადგილე დავით რიჟვაძე. ორივე თანამდებობის პირმა გადაწყვიტა, რომ ეს შეტყობინება შს სამინისტროს სტატისტიკაში არ უნდა ასახულიყო, როგორც დანაშაული - შეტყობინება გაფორმდა, როგორც ნივთის დაკარგვა.

დანაშაულის ჩადენა ორივე პოლიციელმა აღიარა. საქმეში ჩაერთო პროკურატურა, რის შემდეგაც ორივე თანამდებობის პირთან გაფორმდა განრიდება. ამის მიუხედავად, ბრალდებული არჩილ ანთაძე ბათუმის პოლიციის პირველი განყოფილების უფროსობიდან ბათუმის განყოფილებაში უბნის ინსპექტორის უფროსის თანამდებობაზე, დავით რიჟვაძე კი, რომელიც ბათუმის პოლიციის პირველ განყოფილებაში მოადგილედ მუშაობდა, ბათუმის პოლიციის მე-2 განყოფილების უფროსად დანიშნეს.

  • ახალგაზრდა ლიდერის ქონება

თორნიკე რიჟვაძემ ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2019 წლის 30 სექტემბერს შეავსო.

თორნიკე რიჟვაძის საკუთრებაშია 68,76 კვ მ ფართობის ბინა თბილისში, რომელიც 2017 წელს 61 000 აშშ დოლარადაა შეძენილი, ასევე 50 კვ.მ ფართობის კომერციული ფართი, რომელშიც 2014 წელსაა ნაყიდი და გადახდილია 65 000 აშშ დოლარი. რაც შეეხება მის საბანკო ანგარიშებს, საანგარიშო პერიოდში "საქართველოს ბანკის" სახელფასო ბარათზე ერიცხებოდა 6054,18 ლარი, იმავე ბანკის საკრედიტო ბარათზე კი ერიცხებოდა 3554,44 ლარი, "თიბისი" ბანკის საბარათეზე - 60,7 აშშ დოლარი, HSBC-ის მიმდინარეზე 5,81 ფუნტი სტერლინგი.

დეკლარაციის შევსების მომენტში რიჟვაძეს ნაღდი ფულის სახით დანაზოგად 5500 აშშ დოლარი და 4000 ლარი ჰქონდა.

დეკლარაციის მიხედვით, რიჟვაძე არის 25%-იანი წილის მფლობელი "შპს აჭარა ბერრის ლიმითედ საქართველო"-ში, რომლიდანაც შემოსავალში მითითებულია ნული ლარი.

რაც შეეხება საქმიანობიდან აღებულ ანაზღაურებას, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორის თანამდებობაზე 2018 წელს 7 თვის განმავლობაში აიღო 55177,72 ლარი, ხოლო აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე 2018 წელს 5 თვეში 24 463,64 ლარი.

თორნიკე რიჟვაძემ 2018 წელს კომერციული ფართის იჯარისთვის 5896,728 ლარი ჰქონდა შემოსავლის სახით, "საქართველოს ბანკში" იპოთეკური სესხისთვის მისმა გასავალმა 3869,48 აშშ დოლარი შეადგინა.

რიჟვაძის მეუღლის საკუთრებაშია 59,6 კვ.მ ფართობის ბინა ბათუმში. 340,7 კვმ ფართობის საცხოვრებელი სახლი ხულოში, რომელიც 2010 წელს მემკვიდრეობით მიიღო. მემკვიდრეობით აქვს მიღებული 400 კვმ ფართობის მიწის ნაკვეთი ხულოში. მისსავე მფლობელობაშია მსუბუქი ავტომობილი Toyota Camry, რომელიც 2016 წელს 8 500 აშშ დოლარად აქვს შეძენილი.

რაც შეეხება თორნიკე რიჟვაძის ოჯახის სხვა წევრებს, მას ჰყავს და, ნონა რიჟვაძე, რომელიც ერთ-ერთ ბანკში მუშაობს და მშობლები. წაიკითხეთ სრულად