ავტორი:

"რომ უყურებდი, მოგინდებოდა გეკოცნა, ჩახუტებოდი" - როგორ იხსენებენ გიორგი შაქარაშვილს მეგობრები

"რომ უყურებდი, მოგინდებოდა გეკოცნა, ჩახუტებოდი" - როგორ იხსენებენ გიორგი შაქარაშვილს მეგობრები

19 წლის გიორგი შაქარაშვილს მეგობრები იხსენებენ. გარდაცვლილი ფეხბურთელის შესახებ მათ TV პირველის ეთერში, "რეაქციაში" ისაუბრეს, რომელიც შაქარაშვილს მიეძღვნა. მეგობრების თქმით, ის ყველაზე სუფთა, კეთილი და უკონფლიქტო ადამიანი იყო, რომელიც იმაზეც კი ბევრს დარდობდა, თუ ფეხბურთის თამაშის დროს ფეხს შემთხვევით მოწინააღმდეგეს მიარტყამდა.

მათი თქმით, შაქარა მადრიდის "რეალის" გულშემატკივარი იყო. ფეხბურთელებს შორის კი, კრიშტიანუ რონალდუ და ლეო მესი მოსწონდა.

მეგობრები ჰყვებიან, რომ "შაქარას" საფლავზე უამრავი ადამიანი მიდის და სხვადასხვა ნივთები მიაქვთ. მისმა სტილისტმა კი, ის ნივთები მიიტანა საფლავზე, რომელიც გიორგის ძალიან უყვარდა - თმის ჟელე და სავარცხელი. ვნახოთ, რა ჰყვებიან გიორგი შაქარაშვილის მეგობრები:

გიორგი მამუჩიშვილი: "მიჭირს დაჯერება და აქ მსხდომებს ჯერ არავის არ გვაქვს გააზრებული რასთან გვაქვს საქმე, საერთოდ ვერ ვხდებით. ყოველი საღამო, დილა, მთელი ეს პერიოდი იწყება გიორგიზე ფიქრით. სულ ველოდებით გიორგის, უბანშიც რომ ვართ, სტადიონზე, სტადიონს გარეთ, ყველგან სადაც ვართ და იმის განცდა გვაქვს, რომ ისევ მოვა, თავისი განსხვავებული სიარულის მანერით, ისევ ისე გაგვიცინებს და ისევ ისე გაგვეხუმრება. ძალიან კარგი იუმორი ჰქონდა და რაც უნდა ცუდად ვყოფილიყავი, რა პრობლემაც უნდა მქონოდა, გიოს გამოჩენა, მასთან საუბარი ორი წუთი მაინც, ყველა პრობლემას მიხსნიდა. საკმარისი იყო თვალებში შეხედვა. უზომოდ ნიჭიერი იყო, როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ.“

ოლეგი: "ძალიან მიჭირს შაქარაზე საუბარი. პირველი კლასიდან ერთად მოვდიოდით. გაწონასწორებული და პასუხისმგებლიანი ადამიანი იყო. მიზნად ჰქონდა, წარმატებული ფეხბურთელი გამხდარიყო და ნელ-ნელა მიდიოდა წინ. თავისი დაბადების დღეც რომ ყოფილიყო და იმ დღეს ვარჯიში ჰქონოდა, არ აღნიშნავდა და ვარჯიშზე წავიდოდა.“

ილია გულისაშვილი: "ყოველთვის თავდაუზოგავად შრომობდა წარმატებისთვის. როგორც სტადიონს გარეთ იყო სუფთა, ისეთივე სუფთა იყო მოედანზეც. ყველას აჩვენებდა თავისი თამაშით, თავისი ხასიათით, რომ ის იყო სუფთა ადამიანი. 19 წლის ბიჭმა ისეთი სითბო და სიყვარული დაგვიტოვა, რომელსაც ბევრი 100 წელიწადში ვერ შეძლებდა. უსუფთავესი და უკეთილესი იყო, მაგალითი იყო ყველასთვის. ისეთი იყო, რომ უყურებდი, მოგინდებოდა რომ გეკოცნა, ჩახუტებოდი.“

ერო სადოევი (გიორგის სტილისტი) - "თმის მოვლა უყვარდა, სულ მოდიოდა, როცა შემოდიოდა, სულ ღიმილით შემოდიოდა და ხასიათზე მაყენებდა ხოლმე. ბოლოს, 18 ივნისს ჩემთან იყო, დაივარცხნა და მერე წავიდა. ბედნიერი და მხიარული იყო. მომწერა, დაბადების დღეზე ვარ წასასვლელიო და მოვალ დავივარცხიო.“

მარიამ ჯახუა: "შეყვარებული არ ჰყოლია, კარიერაზე იყო უფრო მეტად გადართული და კარიერას უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა. ბევრ გოგოს მოსწონდა.".

მარიამ გადიცკი: "გიორგი უბანში, სტადიონზე გავიცანი, ჩვენ მისი მოწინააღმდეგე გუნდის მხარდასაჭერად ვიყავით მისულები. ისე გამოანათა სტადიონზე, ისე კარგად ითამაშა, 12 წლის იყო და იმ დღიდან ყველას გულებში შემოაღწია. ბოლოს ისევ სტადიონზე ვნახე. თუ მეგობრები სადმე ერთად წავიდოდით, სულ ყურადღებას გვაქცევდა, არ არსებობდა რაიმე დეტალი გამოჰპარვოდა. სულ გვეკითხებოდა, ხომ მშვიდობით მიხვედით? გვეუბნებოდა, მე აგაცილებთ."

მარიამ ეგაძე: "ბანაკეტი იყო დღე, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება. განსაკუთრებით ვემზადებოდით, მაგრამ გიორგი უფრო განსაკუთრებულად ემზადებოდა ამ დღისთვის. მწერდა, რა ჩავიცვა, მიგზავნიდა თმის ფოტოებს, როგორ გავიკეთო თმა და ყველას ანალოგიურად. მეგობრებს ახსოვთ, თუ როგორ ემზადებოდა ამ დღისთვის. რეალურად, ეს იყო დღე, როცა კლასიკურად პირველად უწევდა ჩაცმა. მთელი ბანკეტის განმავლობაში არც დაღლილა.“

შეგახსენებთ, რომ 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.

4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. მომხდარზე დაკავებულია 17 პირი, მათ შორის არიან მორაგბეები, ძიუდოისტი და ფეხბურთელი. ყველა დაკავებულს მცხეთის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, გიორგი შაქარაშვილი გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა. ამავდროულად, გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში.

ექსპერტიზის დასკვნისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და გამოძიება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ნაწილში წარიმართება აღნიშნული კვალიფიკაციით.

ღუდუშაურის კლინიკაში სამი ტყუპი დაიბადა - "სახლში გავაცილებთ, სადაც პატარა ძამიკო ელოდებათ"

„ჯორჯიან მანგანეზმა“ საფეხბურთო ტრადიცია აღადგინა და ჭიათურაში ამხანაგური მატჩების სერია დაიწყო

რა არის “ენერჯი დიეტა” და როგორი კვების რეჟიმია რეკომენდირებული მწარმოებლის მიერ წონაში კლებისთვის