ავტორი:

BTU-ს სტუდენტის მიერ შექმნილი ფრილანსერული პლატფორმა საქართველოში დასაქმების პროცესის გამარტივებას შეუწყობს ხელს

BTU-ს სტუდენტის მიერ შექმნილი ფრილანსერული პლატფორმა საქართველოში დასაქმების პროცესის გამარტივებას შეუწყობს ხელს

ფრილანსინგი ანუ დასაქმება თავისუფალი პირობებით წლიდან წლამდე უფრო და უფრო პოპულარული ხდება. 2020 წელი კი ამ მიმართულებით განსაკუთრებული აღმოჩნდა, რადგან კოვიდ19–ით გამოწვეული პანდემიის პირობებში ძალიან ბევრ კომპანიას საქმიანობის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა მოუწია და შესაბამისად, გაიზარდა მოთხოვნა ფრილანს თანამშრომლებზეც.

ეს ტენდენცია აქტუალურია საქართველოშიც. რამდენიმე თვის წინ კი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერტიტეტის სტუდენტმა ალექსანდრე თავხელიძემ მეგობრებთან ერთად შექმნა ქართული ფრილანსერული პლატფორმა Wempler, რომელიც ერთმანეთთან დამსაქმებელსა და ვაკანტორს აკავშირებს. აპლიკაციის / საიტის გამოყენებით ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერი უნარებით, ნებისმიერი კადრისა თუ სამსახურის პოვნა შეეძლება. საიტზე / აპლიკაციაზე მომხმარებელს აქვს საკუთარი პროფილი, სადაც გამოკვეთილია მისი უნარების და Skill -ების ჩამონათვალი, რეიტინგი, სამუშაო გამოცდილება, სასურველი ანაზღაურება და სასურველი სამუშაოს ტიპი.

როგორც თავხელიძე განმარტავს, კომპანიის მისიაა დასაქმება და ანაზღაურების გამომუშავება მარტივი გახდეს და ახალგაზრდებს დასაქმების მეტი შესაძლებლობა მიეცეთ.

„მსგავსი საიტი/აპლიკაციას საქართველოს ბაზარზე არ არსებობს. პროექტი სასარგებლო იქნება უპირველესად იმით, რომ იმ ადამიანების დაასაქმებს, რომლებსაც პროფესიული განათლება, შეიძლება, არ გააჩნიათ, მაგრამ უნარებისა თუ ნიჭის დამსახურებით შეუძლიათ გარკვეული სამუშაოს შესრულება. ჩვენ გვინდა, რომ ადამიანებმა მათი დაუფასებელი უნარებისა და ნიჭის ხარჯზე იშოვონ ის ყოველდღიური ფული, რომელიც კვლევების მიხედვით სტუდენტების დაახლოებით 70 პროცენტს სჭირდება,“ – განმარტავს თავხელიძე.

ალექსანდრესთან ერთად გუნდის წევრები არიან დავით ბერძენიშვილი და გიორგი ჯავახიძე. მათ ჩაატარეს კვლევა, როგორც სოციალურ ქსელში ასევე უნივერსიტეტებში. გამოკითხულების 78 % ამბობს, რომ არსებობის შემთხვევაში გამოიყენებს აქტიურად მსგავს საიტს

ამჟამად საიტის დიზაინი სრულად მზადაა და იგი საჭიროებს მხოლოდ კოდინგს. რაც შეეხება აპლიკაციას, გუნდი მუშაობს „ვემპლერის“ აპლიკაციის მხოლოდ IOS ვერსიაზე და მისი გაშვება დაგეგმილია უახლოეს პერიოდში.

ამ ეტაპზე Wempler-ის მთავარი მიზანი არის საქართველოს ბაზარზე დამკვიდრება და განვითარება.