პოლიტიკური პლატფორმა "გირჩი" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობის წასახალისებლად, "Tesla"-ს ავტომობილებს გაათამაშებს. შეთავაზება ეხება 31 ოქტომბერს გასამართ არჩევნებს და ამომრჩეველს, რომელიც ხმის მიცემის უფლებას გამოიყენებს და ნებისმიერ პარტიას მისცემს ხმას.
"გირჩის" ინფორმაციით, Tesla-ს პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც "ცესკოს" ამომრჩეველთა ერთიან სიაშია რეგისტრირებული და 31 ოქტომბერს, მისთვის სასურველ პარტიას მისცემს ხმას.
ამისთვის საჭიროა, ამომრჩეველი დარეგისტრირდეს "გირჩის" პორტალზე (girchi.com) Tesla-ს პროექტში. 31 ოქტომბერს წავიდეს საარჩევნო უბანზე და მისცეს ხმა სასურველ პარტიას. ამის შემდეგ, 31 ოქტომბერსვე ხმის მიცემის შემდეგ გადაიღოს სელფი საარჩევნო უბანთან (ისე, რომ გამოჩნდეს უბნის ნომერი). საარჩევნო უბნების დახურვამდე (21:00 საათამდე) გამოაქვეყნოს ეს ფოტო საკუთარ ფეისბუქ გვერდზე #მევიყავიარჩევნებზე.
"როგორც ცნობილია, პარლამენტში გასულ პარტიებს მიღებული ხმების მიხედვით, ყოველ წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გარკვეული თანხები ეკუთვნით. "გირჩს" მიაჩნია, რომ პოლიტიკური პარტიების დაფინანსება ბიუჯეტიდან არასწორი და არასამართლიანია. ზუსტად ამის გამო, პოლიტიკოსები და მათი პარტიები მეტწილად არაგულწრფელები და კორუმპირებულები არიან.
სწორედ ამიტომ, "გირჩი" ახალი პრაქტიკის დამკვიდრებას ცდილობს, როდესაც პოლიტიკოსებს და პარტიებს მხოლოდ მათი მხარდამჭერები და ამომრჩევლები დააფინანსებენ და არა განურჩევლად ყველა საქართველოს მოქალაქე. ამის მაგალითს "გირჩი" და მისი პოლიტიკოსები იძლევიან.
ახალ პარლამენტში მოხვედრის შემდეგ, "გირჩი" ამ დაფინანსების გაუქმების შესახებ კანონპროექტს შეიტანს. ხოლო მანამ სანამ ეს დაფინანსება გაუქმდება, "გირჩი" მისთვის განკუთვნილ საბიუჯეტო თანხას სხვადასხვა კანონიერი ფორმებით გადასახადის გადამხდელებს დაუბრუნებს.
"გირჩი" არ აპირებს, რომ გადასახადების გადამხდელებისგან ფული აიღოს. ბევრი ვიფიქრეთ რა გვექნა ამ ფულისთვის და გადავწყვიტეთ ის გამოვიყენოთ არჩევნებზე მოქალაქეების მისვლის მოტივაციის გასაზრდელად. პარტიისთვის განკუთვნილი საბიუჯეტო ფულით შევიძენთ ავტომობილ Tesla-ს, რომელსაც გავათამაშებთ. რაც უფრო მეტ ხმას მიიღებს "გირჩი", მით მეტი იქნება საბიუჯეტო დაფინანსება, მით მეტი Tesla-ები გათამაშდება" - აცხადებს "გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.
"გირჩის" ინფორმაციით, ჯამში რამდენი ტესლა გათამაშდება შემდეგი 4 წლის განმავლობაში დამოკიდებულია იმაზე, რამდენ ხმას მიიღებს "გირჩი" და შესაბამისად რამდენი იქნება პარტიისთვის კანონით განსაზღვრული წლიური საბიუჯეტო დაფინანსება.