„ფენიქსი“ ქართული ინტერაქციული წიგნია, რომელიც მკითხველს ამბის ბევრნაირ განვითარებას და არჩევანის შესაძლებლობას აძლევს. აქ სწორედ მკითხველი იღებს მონაწილეობას სიუჟეტის ფორმირებაში, ირჩევს გაგრძელებას და თავად ადგენს მისთვის სასურველ ალტერნატიულ რეალობას. თხუთმეტი ნაწილისგან შემდგარ რომანს რვა განსხვავებული დასასრული აქვს. ხაზებთან ერთად ჟანრებიც იცვლება.
ინტერაქციულ რომანში მკითხველს ბევრი სიურპრიზი ელის, მაგრამ სანამ საინტერესო თამაშში ჩაერთვებით, რამდენიმე სპოილერი წაიკითხეთ:
სპოილერი 1. ამბავს სამი მთავარი გმირი გიყვება
„ფენიქსს“ სამი მთავარი გმირი ჰყავს: სალი, ვატო და გიგა. თხრობა თხუთმეტივე წიგნში პირველ პირში მიმდინარეობს, ოღონდ პერსონაჟები მონაცვლეობენ. ამბავს ხან სალი ჰყვება, ხან ვატო, ხანაც გიგა. ზოგჯერ გარკვეული მომენტები მეორდება, ოღონდ სხვა გმირის რაკურსით, რაც ძალიან საინტერესოს ხდის ნაწარმოებს.
სპოილერი 2. შენ შეგიძლია მთავარი გმირების ბედისწერა შეცვალო
„ფენიქსი“ რამდენიმენაირად ვითარდება. მკითხველს შეუძლია საყვარელი გმირები „გადაარჩინოს“ და ისეთი რეალობა შეადგინოს მათთვის, როგორსაც თავად ისურვებს.
სპოილერი 3. თუ ყურადღებით წაიკითხავ, წიგნში ავტორებსაც აღმოაჩენ
„ფენიქსში“ გვხვდებიან პერსონაჟები, რომელთა რეალური პროტოტიპებიც ავტორები არიან. ყურადღებით დააკვირდით და ამოიცანით წიგნის ოთხი ავტორი: ელის დოჯსონი, ტორესა მოსი, ნიკოლას მაჩაბელი და თეა ინასარიძე.
სპოილერი 4. შენ გაიგებ იმას, რაც არ იციან წიგნის გმირებმა
ხაზები, რომლებსაც ერთმანეთთან არ აქვს კავშირი, ზოგჯერ უცნაურად იკვეთება. მაგალითად, მთავარი გმირი ხვდება რომელიმე პერსონაჟს, რომელსაც იმ კონკრეტულ ხაზში არ იცნობს, მაგრამ სხვა ალტერნატიულ რეალობაში გაიცნო. ან ხვდება ადგილას, რომლის შესახებაც არაფერი იცის, მაგრამ იცის წიგნის მკითხველმა, რომელსაც ყველა ხაზი აქვს წაკითხული. ამგვარად, „ფენიქსის“ ყველა ხაზის წაკითხვა ერთგვარი აზარტია.
სპოილერი 5. წიგნში ნახსენები ზოგიერთი, ერთი შეხედვით, დაუჯერებელი ფაქტი, ადგილი და საგანი - რეალურად არსებობს
მაგალითად, კუნძული: ბამა და გურუს არტეფაქტები. სოფელი „მგლის საწოლი“, სადაც მთავარი გმირები იმალებიან და ა.შ.
„ფენიქსის“ პირველი სამი წიგნი უკვე გამოვიდა. დანარჩენი ნაწილები ეტაპობრივად გამოიცემა. „ასტროიდი“ - ამბის დასაწყისია, რომელსაც ორი ალტერნატიული გაგრძელება აქვს: „ჩაფერფვლა“ და „გადატვირთვა“.