ავტორი:

ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით, BTU-სა და მასპინძლობის მენეჯმენტის ინსტიტუტის მიერ ტურიზმის სექტორის შესახებ კვლევითი ანგარიში გამოქვეყნდა

ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით, BTU-სა და მასპინძლობის მენეჯმენტის ინსტიტუტის მიერ ტურიზმის სექტორის შესახებ კვლევითი ანგარიში გამოქვეყნდა

ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა, მასპინძლობის მართვის ინსტიტუტთან ერთად, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით მსოფლიოში ტურიზმის სექტორის გამოწვევებთან დაკავშირებით კვლევის ანგარიში და რეკომენდაციები გამოაქყვენა. კვლევა საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით მიმდინარეობდა.

კვლევასთან დაკავშირებით გაიმართა ონლაინ კონფერენცია, რომელშიც უცხოელი და ქართველი ექსპერტები, ასევე, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის მოადგილე, მანუელ ბატლერი იღებდნენ მონაწილეობას.

ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა ნინო ენუქიძემ კონფერენციის მონაწილეებს კვლევის მთავარი მიგნებები გააცნო და განიხილა ტურიზმის სექტორის გამოწვევები, COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული კრიზისის დაძლევის შესაძლებლობები და ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ანალიზის საფუძველზე რეკომენდაციები. კვლევაში რეკომენდაციები გაცემულია როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერიოდში.

კვლევის მიგნებების განხილვისას მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის მოადგილე, მანუელ ბატლერი მიესალმა საქართველოს მთავრობისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მცდელობას, ქვეყანაში სექტორის ფუნქციონირება აღდგეს. მანვე აღნიშნა, რომ „შთამბეჭდავია ტურიზმის სექტორთან დაკავშირებით მომზადებული ანგარიში, რომელსაც გაეცნო“.

„ვფიქრობ, რომ ეს კვლევა ასახავს 23 ქვეყანაში ტურიზმის აღდგენის პროცესის მთავარ ელემენტებს. გავეცანი კვლევას და მიმაჩნია, რომ მასში ასახულია ძალიან ბევრი საინტერესო საკითხი და მე მინდა, კვლევის ავტორებს ამ ინიციატივისთვის მივულოცო“,“ - აღნიშნა მან კონფერენციის დასრულების შემდეგ.

ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორის, ნინო ენუქიძის განცხადებით, მათი მიზანია, მაქსიმალურად მოხდეს კვლევის ინტერნაციონალიზაცია და მის მომზადებაში არაერთი უცხოელი ექსპერტი სწორედ ამიტომ ჩაერთო.

„სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა ისიც, რომ 23 ქვეყანაში ჩატარდა აღნიშნული კვლევა. ამ საკითხების განსახილველად ახლა ძალიან აქტუალური პერიოდია, რადგან ჩამოთვლილი ქვეყნები ჯერ კიდევ მუშაობენ ანტიკრიზისულ გეგმაზე და სტრატეგიულ დოკუმენტზე. შესაბამისად, ის, რომ ეს ქვეყნები გამოთქვამენ მზაობას, ჩვენ მიერ წარდგენილ კვლევით ანგარიშს გაეცნონ და შესაბამისი რეკომენდაციები გაითვალისწინონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის“, - აღნიშნა ნინო ენუქიძემ.

ანგარიშში განხილულია მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის შემდეგი დასკვნები:

· 2020 წელს საერთაშორისო ტურიზმი დაახლოებით, 80%-ით შემცირდება;

· პანდემიის გამო, მსოფლიოს მასშტაბით ტურიზმის ინდუსტრიაში შემცირდება 50 მილიონი სამუშაო ადგილი;

· ყველაზე მეტად, აზიის ქვეყნები დაზარალდებიან,

· ეპიდემიური აფეთქების შემდეგ და ინდუსტრიის აღსადგენად დაახლოებით, 10 თვე იქნება საჭირო

რეკომენდაციების თანახმად, სასურველია, დაწესდეს მკაცრი რეგულაციები ავიაკომპანიების მიერ მგზავრთა გადაყვანასთან დაკავშირებით და თითოეულ შემთხვევაზე განისაზღვროს მგზავრთა განლაგების წესი გადაფრენის დროს. მკვლევართა გუნდმა სავალდებულო კარანტინთან დაკავშირებითაც წარადგინა რეკომენდაციები.

ამასთან, კვლევაში განხილულია მცირე და საშუალო კომპანიების მიმართ სასურველი საგადასახადო პოლიტიკა და შეღავათები, რომელიც ქვეყნებს COVID-19-სგან მიყენებული ზიანის მოკლე ვადებში დაძლევაში დაეხმარება.

კვლევაში მონაწილე ექსპერტები არიან სონია ტატარი - აღმასრულებელი ლიდერი, რომელსაც ბიზნესის ფართო მენეჯმენტის კუთხით 26-წლიანი გამოცდილება აქვს და INSTEAD კორპორაციული მართვის ცენტრს ხელმძღვანელობდა; კარლოს დიეზ დე ლა ლასტრა ბიუგი - Les Roches Marbella-ს (სასტუმრო მენეჯმენტის სკოლა შვეიცარიაში) გენერალური დირექტორია; ფერნანდო კორტინასი გლობალური აღმასრულებელი და ასოცირებული პროფესორი IE ბიზნესის სკოლაში; ელენე შარიქაძე - სასტუმრო „რადიუსის“ გენერალური მენეჯერი და „სასტუმროების მართვის კომპანიის“ საოპერაციო განყოფილების დირექტორი; ალვარო ჰიდალგო - ბიზნესის ადმინისტრაციის სპეციალისტი, ესპანეთის ფინანსური ანალიტიკოსების ინსტიტუტის წევრი; სინ ჰენრი რიქარდი - სამაგისტრო პროგრამის დირექტორი Cranfield School of Management-ში და ჯონ რაიანი - უფრო ლექტორი ფინანსებში, დუბლინის Trinity College-ის მაგისტრის ხარისხის მფლობელი.

კვლევითი ანგარიშის ავტორები: მიხეილ ბატიაშვილი, მანანა უგულავა, ნინო ენუქიძე, მარი დგებუაძე