ავტორი:

"ჩემს გამზრდელ ოჯახს არასდროს ვყვარებივარ... ვუწყვეტ ყველანაირ დახმარებას, მათთვის ცისნამი მკვდარია!" - რას ედავება ცისნამი საყვარლიშვილი დედასა და ბიძას

"ჩემს გამზრდელ ოჯახს არასდროს ვყვარებივარ... ვუწყვეტ ყველანაირ დახმარებას, მათთვის ცისნამი მკვდარია!" - რას ედავება ცისნამი საყვარლიშვილი დედასა და ბიძას

წლების წინ, ოჯახის დანგრევის შემდეგ, როცა პატარა შვილით მარტოხელა დედად იქცა, ცისნამი საყვარლიშვილმა გადაწყვიტა ბედი ემიგრაციაში ეცადა. პირველად იყო იტალია, შემდეგ ამერიკა, სადაც გერმანელ ბარონზე დაქორწინდა და შეიძლება ითქვას, დღეს ქართველი ბარონესაა.

უდარდელი ამერიკული ცხოვრების მიუხედავად, ახლახანს, ახალგაზრდა ქალი სერიოზული პრობლემის წინაშე დადგა - იძულებულია საკუთარი დედისა და ბიძის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა წამოიწყოს. ამის შესახებ ცისნამმა სოციალურ ქსელში დაწერა:

"2016 წელს ჩემს საკუთარ ბიძას, ჩემი გამზრდელი დედის ძმას გავუგზავნე 30 ათასი დოლარი, რომ ჩემი ფული საქართველოში შეენახა. იცით როგორი წვალებით ნაშოვნი ფული? ბებიებთან რომ ვმუშაობდი და პამპერსებს ვუცვლიდი... ბოლო სამი წელია ამ ფულს უკან ვითხოვ და აღარ მიბრუნებს. რა აღარ ვცადე, ტკბილი სიტყვა, მწარე სიტყვა, ჩხუბი და არაფერმა არ გაჭრა. მამასავით მიყვარდა, საკუთარ სიცოცხლესაც კი ვანდობდი და ფულმა ისე დააბრმავა, ყველანაირ ურთიერთობას ხაზი აქვს გადასმული ახლა.

მთელი ჩემი ცხოვრება ვშრომობ. 17 წლიდან საკუთარ ოჯახს ვინახავ. ჩემი ერთი წლის შვილი დავტოვე, რომ მათ მაგიდაზე საჭმელი ჰქონდათ. ბევრჯერ სიკვდილს გადავარჩინე საკუთარი გამზრდელი დედა, რომელიც სულ იმას მაყვედრის რომ ჩვენ გაგზარდეთ, ფიცარზე დაგდებული აგიყვანეთო და ასე შემდეგ. ჯერ კიდევ სტუდენტმა, პატარა გოგომ მუხლიჩოქა დამხობილმა ვეხვეწე ინგა გრიგოლიას რეაქციაში გაცნობილ მიშა მაჭავარიანს, რომ დედაჩემის ოპერაციის ფული მთავრობას დაეფინანსებინა. მას შემდეგ, მარტო ეგ კი არა, სამი ოპერაცია გავუკეთე ჩემი თანხებით.

მთელი ცხოვრება ვინახავ: დედას, ძმას, ძმის პირველ ცოლს, მეორეს, ახლა მესამეს, მის შვილებს. ალიმენტის გადახდა იყო თუ ჩემი ძმის ვალები, სულ მე ვიყავი. ბევრჯერ ამოვათრიე წუმპედან. პირველი მანქანა, მეორე. რომელი და უკეთებს ამდენს თავის ძმას?

ჩემი გაქირავებული თბილისის ბინებიდან წლებია ფულს იღებენ და კაპიკი არ მომითხოვია არასდროს. როგორც თქვენ გინახიათ ის ფული, ისე მე! მეორე ცოლი წილს სთხოვდა ჩემს ძმას და რომ დამეცვა მისი სოფლის სახლი, რომელიც მე გავარემონტე და უამრავი ფული დავხარჯე, ჩემს სახელზე გადავაფორმე. მხოლოდ მისი დაცვის კუთხით. ახლა კი ამბობენ, ძმას ქონება წაართვაო! აი, რაში მჭირდება?! ახალ სახლს ვიყიდი როცა მომინდება. მზად ვარ ხვალვე გადავაფორმო მათ სახელზე ისევ და ყოფილ ცოლს შეუძლია ქონებაზე დავა განაახლოს.

ასევე დედაჩემმა ჩაიდინა კრიმინალი და ჩემი ოქრო, ჩემი შვილის ოქრო, მომავალი, ჩემს დაუკითხავად სამ სხვადასხვა ბანკში, მეზობელი გოგოს დახმარებით ჩადო. მებადება კითხვა - რატომ? ნუთუ თბილისში გაქირავებული ბინებიდან აღებული თანხა არ ჰყოფნიდათ? ასე რატომ მომექცა საკუთარი დედა? რატომ მომატყუა? ახლა როცა პასუხს ვთხოვ დედაჩემს, აქეთ მიკივის და მეუბნება რომ გველის წიწილი გავუზრდივარ! ავრცელებს ტყუილებს ჩემსა და ჩემი ქმრის შესახებ და მთელ სანათესაოს აძულებს ჩემს თავს.

აწი მათ ვუწყვეტ ყველანაირ დახმარებას და მათთვის ცისნამი მკვდარია. როგორც მამაჩემი მოკვდა, ისე მოკვდნენ ჩემთვის დედაჩემიც და ჩემი ძმაც. ჩემი შვილი მალე ჩემთან ჩამოვა და მაქეთ აღარასოდეს გამოვიხედები! გაიხარეთ ჩემო მტრებო, იბედნიერეთ, მინდა იცოდეთ რომ ჩემს გამზრდელ ოჯახს არასდროს ვყვარებივარ! მათ მხოლოდ ჩემი ფულები უნდოდათ. როდესაც 2 თვის ბავშვით ყოფილმა ქმარმა მიმატოვა, სწორედ ამ ძმამ არ მიმიღო სახლში, გამობრუნებულ დას არ შემოვუშვებო და არც იმ ბიძამ შემიფარა.

ერთადერთი მამაჩემს ვუყვარდი, უსინათლო კაცს და ის უკვე ცოცხალი აღარაა. დედაჩემს არასდროს ვყვარებივარ. ბავშვობაში თხის რძეს ყიდულობდა მეზობლისგან და მე არ მასმევდა, მარტო ჩემს ძმას ასმევდა. ყველაფერი კარგი მხოლოდ მისთვის ემეტებოდა, რადგან მისი საკუთარი შვილია. მე მხოლოდ ფულის საშოვნელი მანქანა ვიყავი. ემიგრანტებო ფრთხილად! არ აღმოჩნდეთ იგივე სიტუაციაში! მე აქ დავასრულე მათზე ყველა შრომა და ამაგი! საქართველოში გამოხედვაც არ მინდა" - წერს ცისნამი საყვარლიშვილი სოციალურ ქსელში.

რა გამოხმაურება მოჰყვა ოჯახის მხრიდან სკანდალურ სტატუსს, ამის გასარკვევად ქართველ ემიგრანტს AMBEBI.GE ამერიკაში დაუკავშირდა:

- ცისნამი, როგორც ვიცი, შენი შვილი დედაშენთან იზრდება და არ გქონდა შიში რომ ბავშვს ამ დამოკიდებულებით პრობლემები შეექმნებოდა?

- ჩემი შვილი ჩემს გამზრდელ დედასთან და ძმასთან აღარ არის. ბავშვს არასდროს არაფერს ეტყოდნენ, რადგან მათთან იზრდებოდა და ძალიან უყვართ. ირაკლი ახლა მამის მშობლებთან არის და სულ მალე ამერიკაში ჩამოვა. მისი საბუთები პროცესშია და ყველაფერი საემიგრაციო სამსახურზეა დამოკიდებული. ირაკლის მამაც ამერიკაშია და ერთი სული აქვს ბავშვი აქ როდის ჩამოვა.

დედაჩემს მაგრად შეეშალა, როცა ჩემი ოქრო ჩემი თანხმობის გარეშე, მეზობელი გოგოს სახელით სამ ბანკში ჩადო და გაფანტა. იქ ჩემი შვილის ნათლობის ჯვრებია, მისი მამის ნაჩუქარი ოქროულობა. ეს ირაკლის ქონებაა. რატომ არ მითხრა რომ დამატებით ფული სჭირდებოდა? მე გავუგზავნიდი. მთელი ცხოვრება ხელისგულზე ვატარებდი და პატივს ვცემდი. ახლა ისე დამწყვიტა გული, რომ ალბათ დიდი ხანი დამჭირდება, სანამ ამ ყველაფერს ვაპატიებ.

- ბიძა ან მისი ოჯახი თუ დაგიკავშირდა შენი სტატუსის შემდეგ?

- სამი წელია ვეხვეწები, ჩემი 30 000 დოლარი დამიბრუნოს. ჰგონიათ ვინაიდან ამერიკელი ქმარი მყავს, ჩემს ფულს აღარ მოვთხოვდი. ჩემი თანხმობის გარეშე, ჩუმად აიღო და დახარჯა, მიითვისა, გაფლანგა. ეს არის დანაშაული და პასუხი მოეთხოვება. ძალიან გაბრაზდა მთელი ოჯახი და სანათესაო, როცა საჯაროდ დავწერე ეს ყველაფერი, ამბობენ რომ თურმე გველის წიწილი გავუზრდივარ მათ.

მადლიერი ვარ რომ გამზარდეს, მაგრამ ცხვირში არ უნდა ამოადინო ადამიანს - ბავშვობიდან ეგ მესმის, ჩვენ გაგზარდეთ. მსხვერპლად შევეწირე ჩემს ოჯახს, მადლობა გაზრდისთვის, მაგრამ ფულის მიტაცება დანაშაულია. იმის მაგივრად რომ ბოდიში მომიხადონ, აქეთ მიტევენ და ოჯახის შემარცხვენელი გამომიყვანეს. ჩემს მდგომარეობაში დარწმუნებული ვარ ბევრი ემიგრანტია, თუმცა მათ გამბედაობა არ ჰყოფნით, რომ ამაზე ხმამაღლა ისაუბრონ. დიახ, ჩვენ ფულის საშოვნელი მანქანები ვართ და ჩვენი ოჯახები საქართველოში ამ ფულს ისე ანიავებენ, როგორც უნდათ.

- შენმა მეუღლემ თუ იცის ამ ამბის შესახებ?

- დიახ, არაფერს ვუმალავ. ჩვენ მარტო ცოლ-ქმარი კი არა, საუკეთესო მეგობრები ვართ. გაკვირვებულია, რადგან დედაჩემი ყოველ დღე მესენჯერით გვესაუბრებოდა და ეს აქედან ღიმილით ეუბნებოდა: "I love you Mamma". სამწუხაროდ, დედაჩემმა თავისი ძმის მხარე დაიჭირა და მე რომ ჩემს ფულს ვითხოვ, მხარი მე არ დამიჭირა. დედამ, რომელიც ბევრჯერ სიკვდილს გადავარჩინე, მომატყუა. თვალებში მიყურებდა და მატყუებდა. სწორედ ჩემი მეუღლე, ალექსანდრე მეხმარება, რომ ბავშვობაში მიღებული ყველა ტრავმა დავძლიო, ყოველ კვირა ფსიქოლოგთან მაქვს სეანსები...

- სამართლებრივად აპირებ ბრძოლის გაგრძელებას?

- ავიყვანე ადვოკატი, უძლიერესი თავის საქმეში, ქალბატონი მანანა ფურცხვანიძე, რომელიც წლებია ძალადობისგან დაცვის ეროვნულ ქსელში მუშაობს. მე ვარ მსხვერპლი და დაზარალებული ახლა და ქალბატონი მანანა, კანონის დაცვით მოაგვარებს ყველა ჩემს პრობლემას. მე მჯერა მისი.

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"

"კორონავირუსი არსად გამქრალა... შეიძლება ყოველ წუთს იფეთქოს" - ამირან გამყრელიძე

"200 კაცი რომ ნასვამი იქნება, რომელ დისტანციის დაცვაზეა ლაპარაკი?" - იმნაძის თქმით, ქორწილი, ქელეხი და იუბილე ისევ არ არის რეკომენდებული