ავტორი:

"ნიღბიანმა გადაგვირბინა, საქარე მინას ქვა ესროლა და სიბნელეში გაუჩინარდა" - უკავშირდება თუ არა ზუგდიდი-თბილისის რეისის ინციდენტი მძღოლების "გარჩევებს"?

"ნიღბიანმა გადაგვირბინა, საქარე მინას ქვა ესროლა და სიბნელეში გაუჩინარდა" - უკავშირდება თუ არა ზუგდიდი-თბილისის რეისის ინციდენტი მძღოლების "გარჩევებს"?

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშთან გვიან ღამით ინციდენტი მოხდა. სატრანსპორტო კომპანია "გლობუსის" ავტობუსს, რომელსაც მგზავრები თბილისის მიმართულებით გადაყავდა, ახალგაზრდა მამაკაცმა ქვები დაუშინა და საქარე მინა ჩაუმსხვრია.

მომხდარის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ლალი პაპასკირი წერს, რომელიც ინციდენტს თავად შეესწრო:

"წუხელ ღამის 1-ელ საათზე გამოვედით ზუგდიდის სადგურიდან თბილისის მიმართულებით, შპს “კივის“ (სატრანსპორტო კომპანია ,,გლობუსი“) ავტობუსით...დაახლოებით 30 წუთის შემდეგ, სოფელ ცაიშთან ტრასაზე არსებულ ზებრა გადასასვლელზე, შავნიღბიანმა კაცმა გადაგვირბინა, მანქანის საქარე მინას, მარჯვენა მხრიდან ქვა ესროლა და სიბნელეში გაუჩინარდა...

მძღოლმა მოასწრო დამუხრუჭება, მაგრამ იმდენად ძლიერად შევქანდით, ყველანი აქეთ-იქით გადავცვივდით. რომ არა ზებრაზე ოდნავ შენელებული სვლა (როგორც მძღოლმა თქვა, ხელმარცხნივ მდგომი ადამიანი შენიშნა, მგზავრი ეგონა და ამის გამოც შეანელა), ავტობუსი აუცილებლად გადაბრუნდებოდა... მანქანაში ჩართული იყო კამერა, რომელმაც ფაქტი დააფიქსირა, მაგრამ არ ვიცი იდენტიფიცირება რამდენად შესაძლებელი იქნება, რადგან ბნელოდა და თან მამაკაცს ნიღაბიც ეკეთა...

ქვა ზუსტად იმ ადგილას მოხვდა, სადაც ბანერი იდო, რომელმაც შეაკავა, თორემ წინ მჯდომი, გამცილებელი გოგონა აუცილებლად დაშავდებოდა...

ახლა რაშია საქმე - რამდენიმე წლის წინ, დაშლის პირას მისული, გაჩანაგებული ავტობუსების მძღოლებმა და მათმა მეპატრონეებმა, ყველა ღონე იხმარეს, რომ ზუგდიდის მიმართულებით კომპანია “მეტრო ჯორჯიას,“ რომელიც ბევრად კომფორტულია როგორც ავტომანქანის, ასევე, მომსახურების კუთხით, - ამ რეისზე არ ევლო. იყო დაპირისპირებები, ღია და ფარული მუქარები, ერთი სიტყვით, “მეტრო“ დანებდა.

დიდი ალბათობით, (უდანაშაულობის პრეზუმფცია არ მავიწყდება, თუმცა, თითქმის დარწმუნებული ვარ) იგივე ხდება, ამ შპს-სთან დაკავშირებითაც...მძღოლმა ადგილზე გამოიძახა პატრული, რომელიც შემთხვევის ადგილზე 10 წუთში მოვიდა და თავის მხრივ, საექსპერტო-კრიმინალისტური სამსახური გამოიძახა...

შეშლილივით მოვარდა ავტობუსის მეპატრონეც, რომელიც არ მალავდა, რომ ყველა გზით ებრძვიან, რადგან მგზავრებს, დაშლის პირას მისული ავტობუსებით მგზავრობას, 5 ლარიანი ფასსხვაობის გამო, მოწესრიგებული ტრანსპორტი გვირჩევნია... თუმცა, როგორც ჩანს, წლებია "გარჩევები" არ დასრულდა და ისინი პოზიციებს არ თმობენ. ავტობუსის მეპატრონე ლამის მოთქვამდა - ამდენ ადამიანს რამე რომ მოსვლოდა, სად ჯანდაბაში წავსულიყავიო...

თითქმის 5 საათი ცდილობდა ეპოვნა ალტერნატიული ტრანსპორტი, რათა როგორმე თბილისში ჩამოგვეღწია. სამართალდამცველებმა, ავტობუსიც და მისთვის ნასროლი ქვაც (რომელიც იქვე ეგდო და ზედ შუშსი ნამსხვრევებიც კი იყო შერჩენილი) ნივთმტკიცებად დაიტოვეს. ავტობუსში 20 მგზავრი ვისხედით. ჩვენს შორის ბავშვებიც იყვნენ. ხუთსაათიანი წვალების შემდეგ, მიკროავტობუსით გამოგვიშვეს თბილისში. როგორც მივხვდი, ამ კომპანიის მგზავრთა გადაყვანას ყველა ერიდებოდა. მიზეზი ალბათ ნათელია...

შინაგან საქმეთა სამინისტრო, მინდა მჯეროდეს, რომ საქმეს გამოიძიებთ და ვიღაც ვიგინდარებს, რომლებმაც თავიანთი არაკეთილსინდისიერი, ბინძური ინტერესების გამო, წუხელ ამდენი ადამიანი ფაქტობრივად სასიკვდილოდ გაგვწირა - ეს არ შერჩება!.. რომ არაფერი ვთქვათ, ჯანსაღი კონკურენციის არარსებობაზე, რომელიც წლებია ამ სფეროში გრძელდება.და კიდევ - დარწმუნებული ვარ, ამის გამკეთებლები არც შემდეგში შეჩერდებიან.პ.ს. პოსტი ვრცელი და ემოციურია, მაგრამ წუხელ, მე და დანარჩენმა მგზავრებმა სიკვდილს თვალებშით ჩავხედეთ..." - წერს პაპასკირი.

კომპანია "გლობალის" მენეჯერი დათა დიდიშვილი ფიქრობს, რომ ქვები ავტობუსს მიზანმიმართულად დაუშინეს.

"ჩვენ გუშინ დავიწყეთ აქცია, რომლის ფარგლებში, მოქალაქეები, რომლებიც ჩვენი ავტობუსით ზუგდიდიდან თბილისიის მიმართულებით იმგზავრებენ, უკან დაბრუნებას უფასოდ შეძლებენ. გვიან ღამით, როცა რეისს ასრულებდა, ჩვენი კომპანიის ავტობუსი, სოფელ ცაიშთან დახვდა ნიღბიანი ახალგაზრდა მამაკაცი, ავტობუსს დაუშინა ქვები და საქარე მინა ჩაუმტვრია. თვითონ გაიქცა შემთხვევის ადგილიდან .

მძღოლმა დარეკა 112-ში, ადგილზე იმყოფებოდა ყველა შესაბამისი სამსახური და გატარდა საჭირო ღონისძიებები. მსგავსი შემთხვევა აქამდე არ ყოფილა და ეს უკავშირდება თუ არა ჩვენს აქციას არ ვიცი, ამას გამოძიება დაადგენს. მიზანმიმართულად რომ არის გაკეთებული, ცალსახად ჩანს,“- განუცხადა "ინტერპრესნიუსს" სატრანსპორტო კომპანია "გლობალის" მენეჯერმა დათა დიდიშვილმა.

როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევიდან, 4 სატვირთოს მძღოლია - ვინ არის დანარჩენი 7-ის ინფიცირების წყარო

როგორ ვისარგებლოთ იპოთეკური სესხების სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამით?

იმერეთში ყირიმ-კონგოს ცხელებით საშუალო ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა