ავტორი:

9 ივლისიდან, ჟურნალ "გზასთან" ერთად, მკითხველს ელის დოჯსონის "რაფლეზიას" შეძენა შეუძლია

9 ივლისიდან, ჟურნალ "გზასთან" ერთად, მკითხველს ელის დოჯსონის "რაფლეზიას" შეძენა შეუძლია

9 ივლისიდან მკითხველი ჟურნალ "გზასთან" ერთად სპეციალურ ფასად მიიღებს გამომცემლობა "პალიტრა L"-ის კონკურსის "გახდი ბესტსელერის ავტორი" მორიგ წიგნს. ეს არის ამ პროექტის გამარჯვებულის, ელის დოჯსონის პირველი რომანი "რაფლეზია".

მისი სპეციალური ფასია 8.50 ლარი, ჟურნალთან ერთად - 10,50 ლარი.

შეგახსენებთ, რომ გამომცემლობა "პალიტრა L" და ქართველი ავტორები გაერთიანდნენ, რათა პროექტ "გახდი ბესტსელერის ავტორის" გამარჯვებული წიგნები მკითხველისთვის უფრო ხელმისაწვდომი იყოს და მისი შეძენა ჟურნალ"გზასთან" ერთად სპეციალურ ფასად იყოს შესაძლებელი.

"რაფლეზიას" წაკითხვის შემდეგ ეგზოტიკურ და სულისშემძვრელ სამყაროში გადაინაცვლებთ, რომელიც არასოდეს დაგავიწყდებათ. აქვე დავძენთ, რომ ეს წიგნი ნათარგმნია ინგლისურსა და ინდურ ენებზე. ელის დოჯსონთან საინტერესო საუბარში კი ერთი საინტერესო დეტალიც გავარკვიეთ - მისი ფსევდონიმის საიდუმლო!

- ელის, "რაფლეზია" სწრაფად აიტაცა მკითხველმა. ალბათ ბევრს ისიც აინტერესებს, როგორ დაიბადა ფსევდონიმი ელის დოჯსონი.

- ელისი თითქმის ფსევდონიმიც აღარ არის, ასე ბავშვობიდანN შემარქვეს. უფრო სწორად, ალისას მეძახდნენ ჩემი განუსაზღვრელი ფანტაზიის გამო, მე კი "ელისად" გადავაკეთე... ამ სახელს "დოჯსონიც" მშვენივრად მოერგო. ასე რომ, ეს ფსევდონიმი ჩემი ნაწილია.

რაც შეეხება "რაფლეზიას", მოდი, ზუსტად ისევე აღვწერ, როგორც წიგნშია: "ინდონეზიაში ამ ყვავილს "გახრწნილ ყვავილს" უწოდებენ, იმიტომ, რომ სხვა ლამაზი ყვავილების მსგავსად მას არა აქვს კარგი სუნი. პირიქით, საშინლად ყარს, ისე, როგორც ცხოველის გახრწნილი ხორცი. დიდხანს ვერ გაჩერდები მის სიახლოვეს".

ალეგორიულად თუ შევხედავთ, ადამიანიც ასეა, შორიდან, სხვისი თვალით, ძალიან ლამაზად ჩანს მისი ცხოვრება. გგონია, ბედნიერია, წარმატებული, ცხოვრებით დამტკბარია, რეალურად კი საკმარისია მიუახლოვდე, გაიცნო და მერე დაინახავ, რომ ეს ბრწყინვალე ცხოვრება მოჩვენებითია. რეალურად კი ლპება, კვდება საკუთარ დარდში, პირად პრობლემებში, წარსულის ტკივილებსა და შეცდომებში. აი, სწორედ ამაზეა ჩემი რომანი - იმ ცხოვრებაზე, რომელიც შესაძლოა უცხო თვალით წარმტაცი ჩანს, მაგრამ თუ იქ ჩაიხედავ, აუტანელია. სიუჟეტი ავაგე ჩემს ოცნებაზე, რომელიც ვერ ავიხდინე, არადა, სულაც არ იყო შეუძლებელი. ძალიანაც მარტივი ოცნება გახლდათ - მაროკოში მინდოდა მოგზაურობა, მაგრამ რატომღაც ვერ წავედი. ბოლოს დავჯექი და დავიწყე იმ წიგნის წერა, სადაც მოქმედება მაროკოში ვითარდება.

- რატომ მაინცდამაინც მაროკო?

- ალბათ, იმიტომ, რომ მაროკო გზაა ფანტაზიებისა და ეგზოტიკისკენ. ამ აფრიკულ ქვეყანაში სხვადასხვა კულტურა შეერწყა ერთმანეთს - არაბულით დაწყებული და ევროპულით დამთავრებული, რაც მაგნიტივით გიზიდავს. ამიტომაც დავიწყე წერა მაროკოულ ამბავზე, რომელმაც მეორე სიცოცხლე დააწყებინა ადამიანს, რომელიც მიიჩნევდა, რომ მის სიცოცხლეში ყველაფერი ლამაზი დამთავრდა და მხოლოდ დადგენილი წესებით უნდა იცხოვროს. მაგრამ მერე მომეჩვენა, რომ რასაც ვწერდი, ყალბი იყო და ყველაფერი მივატოვე. მერე, ჩემდა საბედნიეროდ, გამოცხადდა გამომცემლობა "პალიტრა L"-ის კონკურსი და ვიფიქრე, იქნებ სულაც არ ვწერ ყალბად-მეთქი და ნაწერი წარვადგინე. ფრთები შემასხა ავტორიტეტული ჟიურის მოწონებამ და წერა განვაგრძე.

ჩემი გმირი 51 წლის ფრანგი ანტუანია. რატომ ფრანგი? ამასაც ვიტყვი - ყოველთვის მოიძებნება ვინმე, რომელიც დაიჩემებს, რომ წიგნში აღწერილი ამბავი მის რომელიმე ნაცნობს შეემთხვა, ჩემს ფრანგზე კი ამას ვერ იტყვიან. ასე რომ, ის ქალიც, ანა-ლიზა, რომელმაც ანტუანს სიყვარული აჩუქა, ფრანგია. ისინი სწორედ მაროკოში მივლინებისას გაიცნობენ ერთმანეთს და სწორედ მაშინ, როდესაც ანტუანს ცოლი უღალატებს და ამით აფიქრებინებს, რომ ნამდვილი ცხოვრება დამთავრდა, იწყება მეორე სიყვარული და ანტუანის მეორე სიცოცხლე.

- საოცრად გულისმომკვლელად აღწერს ანტუანი თავის განცდებს: "ეს ყველაფერი ჩაის პაკეტს მაგონებს. ჰო, კარგი, ერთჯერადს არა, ჩაის ფოთლები იყოს თუნდაც, თან, ინდონეზიური და უმაღლესი ხარისხის; ფაიფურის ჩაიდანში ჩაყრილს თავიდან კარგი ფერი და არომატი რომ აქვს, ყოველი ახალი წყლის დასხმაზე კი ნელ-ნელა ფერმკრთალდება, და ბოლოს, უსუსურად გაჭინთული ამაოდ ცდილობს ქაფქაფა წყლის მორიგ ულუფას ოდნავ მაინც უცვალოს ფერი. ჰო, აი, მე და მაღიეჟენი ახლა ფერგასული ჩაის ფოთლებივით ვყრივართ ფაიფურის ფინჯანში, აღარაფერი გვეშველება"...

- სწორედ ასეა, მაგრამ როდესაც ფიქრობ, რომ არაფერი გეშველება, შესაძლოა სწორედ მაშინ დაიწყოს ყველაზე ნამდვილი, ის, რაც აქამდე არ განგიცდია, და მიხვდე, რომ არაფერი მთავრდება. ანტუანიც ასე იწყებს ახალ სიცოცხლეს. ის მაროკოში მივლინებაში მიდის და გაიცნობს ანა-ლიზას, ქალს, რომელიც სულაც არ არის ისეთი გარეგნობის, რომლის შეყვარებაზე ვინმე იოცნებებს, მაგრამ მას აქვს უნარი, მიანიჭოს ადამიანებს ბედნიერება და შეატკბობინოს სიცოცხლის ჯადოსნურობა. იმას, რომ ანა-ლიზა სულაც არ არის ლამაზი, საგანგებოდ გავუსვი ხაზი - ის დაბალი და მსუქანია, მაგრამ მთავარი მისი სულია და ეს ყოველთვის ასე უნდა იყოს - თუ სიყვარულს ღრმა სულიერება არ ახლავს, ის ბედნიერებად ვერ იქცევა.

- გეთანხმები. მხოლოდ გაფიქრებაც კი შეგძრავს იმის წარმოდგენაზე, რას განიცდის ადამიანი, რომელსაც სიცოცხლე დამთავრებული ჰგონია და ამ დროს აღმოაჩენს, რომ თურმე ყველაფერი თავიდან იწყება. ეს ის ემოციური შოკია, რომელიც "რაფლეზიას" ახლავს.

- კი. სხვათა შორის, მართლაც ბევრს უთქვამს, რომ "რაფლეზიას" კითხვისას მართლაც შოკი მიიღო - ჯერ ბედნიერების, სიცოცხლის თავიდან დაწყების შოკი, მერე კი შოკი წიგნის დასასრულის გამო. ეს მკითხველზე იმდენად მოქმედებს, რომ ბევრჯერ მთხოვეს, წიგნი გააგრძელეო, რაც, რა თქმა უნდა, არ გამოვა.

ამბავი, რომელიც იმდენად ლამაზია, რომ უფრო დიდი ემოციის წარმოდგენა ძნელია, იქვე უნდა დასრულდეს, ამ სილამაზეს არაფერი უნდა შეეხოს.

- გეთანხმები. სამაგიეროდ, უკვე სხვა წიგნები გაქვს. ასეთივე ემოციური და კარგი, როგორც მკითხველი, ისე გეუბნები.

- გმადლობ. მწერლისთვის ბედნიერებაა, როცა მკითხველი ამას ეუბნება.

„გახდი ბესტსელერის ავტორი 2020“-ის სამი  გამარჯვებული უკვე დასახელდა

მოუსმინე წიგნებს: ერიხ მარია რემარკი, "ნასესხები სიცოცხლე" (თავი პირველი)

როგორ მივიღოთ ახალი წიგნები უსარგებლო მაკულატურის სანაცვლოდ?