ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე "კაწრო" საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე დაიბარეს.
როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, ბილანიშვილის დაკითხვა რამდენიმე წუთში დაიწყება.
ცნობისთვის, "მთავარმა არხმა" გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში კვალი ავთანდილ ბილანიშვილამდე, იგივე "კაწრომდე" მიდის.
ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ამტკიცებს, რომ აქამდე ტელევიზიით არგასულ კადრებში ჩანს, როგორ ხვდება დიდუბის სადგურთან მანქანით ჩამოყვანილი გურამ ამირხანაშვილი (შაქარაშვილის მეგობარი, რომელიც მცხეთიდან თავდამსხმელებმა მანქანით წამოიყვანეს) მამაკაცს, რომელიც სავარაუდოდ, სწორედ ბილანიშვილია.
"კაწროს" შაქარაშვილის საქმესთან კავშირზე "მთავარმა არხმა" არაერთი რეპორტაჟი მოამზადა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, 19 წლის ფეხბურთელის ბურუსით მოცული საქმის ცხელ კვალზე გამოძიება ვიღაცას არ აძლევდა ხელს, რადგან დაკავებული "ნახალოვკელი" მორაგბეები ავთანდილ ბილანიშვილის დაჯგუფებიდან არიან, ბილანიშვილი კი, თავის მხრივ "ოცნების" ხელისუფლებასთან დაახლოებული პირია - ის ბერა ივანიშვილის უახლოესი მეგობარია.