ავტორი:

"33 წლის ვიყავი მეუღლე რომ დამეღუპა, ხუთ შვილთან ერთად მარტო დავრჩი" - ქალი, რომელმაც ტრაგედიის შემდეგ დაწყებული საქმე წარმატებულ ბიზნესად აქცია

"33 წლის ვიყავი მეუღლე რომ დამეღუპა, ხუთ შვილთან ერთად მარტო დავრჩი" - ქალი, რომელმაც ტრაგედიის შემდეგ დაწყებული საქმე წარმატებულ ბიზნესად აქცია

სოციალური პროექტი "ქალები საქართველოდან" წარმოგიდგენთ 46 წლის მზია შარაშიძეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ციხისფერდიდან. იგი ამჟამად ჩურჩხელების ბიზნესით არის დაკავებული, თუმცა საქმის წამოწყებას წინ ტრაგედია უძღოდა. მზია შარაშიძე 33 წლის იყო, როდესაც მეუღლე დაეღუპა. მას 5 შვილი დარჩა და მძიმე დღეების მიუხედავად, ძალა მოიკრიბა და ოჯახის სარჩენად საკუთარი საქმე წამოიწყო.

"15 წლის გავთხოვდი, 16 წელი მეუღლესთან შევასრულე. მანამდე წესიერად ნანახიც არ მყავდა, ერთადერთხელ, ბახმაროში, დედაჩემის რესტორანში შემოვიდა სიგარეტის საყიდლად. თვითონ შავგრემანი ბიჭი იყო, ბახმაროს მზეც თავისებურ ფერს აძლევს ადამიანს, მაშინ უცხოელები არ იყვნენ ჩვენს ქვეყანაში დიდად და რომ გადიოდა, დედაჩემს ვკითხე - დე, ნეტა, ქართველია ეს ბიჭი, ქართულად კი დამელაპარაკა, მაგრამ ისეთი შეხედულება აქვს-მეთქი.

აქედან სამი დღე არ იყო გასული, მომიტაცა, ისე წამიყვანა, საერთოდ არ ვიცნობდი. მაშინ ისეთი დრო იყო, დიდი სირცხვილი იყო უკან მობრუნებული შვილი. დავრჩი და გავხდით მეუღლეები. პირველი ერთი წელი ძალიან გამიჭირდა, გამირთულდა მასთან ურთიერთობის ჩამოყალიბება, მაგრამ მალევე შვილი შემეძინა, შვილზე გადავიტანე სიყვარული და მივეჩვიეთ ერთმანეთს. ძალიან თბილი ხასიათის იყო, ჭიშკრის გადაღმა ისე არ გადავიდოდა, ჩემთვის საჩუქარი არ მოეტანა. ბავშვივით მივლიდა, ისედაც ბავშვი ვიყავი. ასე გავხდით 5 შვილის პატრონი, 28 წლის ასაკში უკვე ხუთივე მყავდა.

მეუღლე რომ დამეღუპა, 33 წლის ვიყავი. ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და ექიმთან რომ მივედით, უკვე დაგვიანებული იყო. სადაც კი შეიძლებოდა, ყველგან წავიყვანე, სამი წელი ვაცოცხლეთ ხელშეწყობით. რომ გარდაიცვალა, 42 წელი მერე შეასრულა. მაშინ უფროსი შვილი 16 წლის მყავდა. ისეთი კრიზისი მქონდა, ერთი წელი დედაჩემი დარჩა ჩემთან. ძალიან გამიჭირდა ამის გადალახვა, მე და ჩემი ქმარი მარტო ვცხოვრობდით და ახლა მე დავრჩი მარტო ხუთ შვილთან ერთად.

ექვსი თვის განმავლობაში ვერაფრით ვეგუებოდი მომხდარს, მაგრამ ბოლოს, ჩემი შვილების მოწყენილ სახეებს რომ ვუყურებდი, ძალიან განიცდიდნენ, მამა რომ აღარ ჰყავდათ და დედაც ასეთ მდგომარეობაში იყო, ერთ დღესაც საკუთარ თავს ვუთხარი - მზია, შენ ძლიერი ქალი ხარ, ხუთი შვილი გააჩინე, იმათ უნდა ეპატრონო და არავის იმედად არ უნდა იყო-მეთქი. ასე წამოვდექი ფეხზე ნელ-ნელა. იმაზე მწყდება გული, რომ მაშინ ჩემს შვილებს უნივერსიტეტში ჩაბარების დრო ჰქონდათ და ვერ შევძელი, ხელი შემეწყო, ამის თავი აღარ მქონდა. იმაზე ვფიქრობდით, თავი როგორ გაგვეტანა და სხვისი ხელის შემყურე არ ვყოფილიყავით.

დავიწყე ჩურჩხელების გაკეთება, მაგრამ არ ვიცოდი, როგორ მზადდებოდა. მეგონა, ყურძნის ბადაგს დავწურავდი, მოვადუღებდი თათარასა და ფელამუშს და გავაკეთებდი ჩურჩხელას, მარა ასე მარტივად არ გამოვიდა ეს ყველაფერი, პირიქით, ძალიან რთული აღმოჩნდა. კონკრეტული დრო სჭირდება, განსაზღვრული გრამები... გავაკეთებდი, უგემრიელესი და ულამაზესი იყო, მაგრამ გაშრობას რომ დაიწყებდა, ტყდებოდა. მთელი ჩურჩხელა ძვირი ღირს, გატეხილი არავის უნდა და თუკი უნდა, დაბალ ფასში. რამდენიმე თვეში, როგორც იქნა, გამოვიმუშავე ტექნოლოგია და გავაკეთე ისეთი ჩურჩხელა, რომ არ ტყდებოდა, არც ობდებოდა, არც ხმებოდა. ძალიან რთულია იმის გადმოცემა, რამდენი ვიწვალე, სასურველ შედეგამდე რომ მივსულიყავი.

დავიწყე სიარული ბათუმის აგრობაზარში. აქ, ჩვენთან, მატარებლის გაჩერებაა გზაზე, “ელექტრიჩკა” ჩამოივლის და 50 თეთრად ჩადიხარ ბათუმში. ჩურჩხელებს ისე ვფუთავდი, რომ ყველანაირად დაცული ყოფილიყო და ყუთებში ვალაგებდი. უფროს ბიჭს სახლში ვტოვებდი, იქაურობისთვის რომ მიეხედა და უმცროსი - მე დამყვებოდა. ბაზარში ჩემი ადგილი არ მქონდა, მაგრამ დილით რომ ჩავდიოდი და ყუთები ჩამქონდა, მაგიდას ვიქირავებდი, დავაწყობდი ჩემს ჩურჩხელებს და დავდგებოდი. რომ გავყიდდი და გასინჯავდნენ, რა გემრიელიაო და მობრუნდებოდნენ, ათ ცალს, ოც ცალს კიდევ იყიდდნენ.

რიგი დადგა და ბაზრის ხალხიც დაინტერესდა, ვიღაც ქალია მოსული, ჩურჩხელას ყიდისო. ფასზე ჰქონდათ ცოტა გართულება, მათ იაფად უნდოდათ, მე უფრო ძვირად მინდოდა გამეყიდა, იმდენს ვმუშაობდი და ბავშვებსაც ვამუშავებდი, პატარები იყვნენ, ხელები სულ დაჩხვლეტილი ჰქონდათ ჩურჩხელების აცმაში. ძალიან დიდი შრომა იყო, სულს და გულს ვდებდი ამ ჩურჩხელებში. თავი გავაცანი ყველას, მომხმარებლები გავიჩინე, მაღაზიებსაც მიჰქონდათ, ყველგან და ყველაფერში ვეძებდი საშველს და სახიდებელს. ძალიან რთულია, როცა ობლების დედა ხარ, არ გინდა, შვილებს რამე მოაკლდეს და ყველაფერს უძლებ.

ახლა ჩურჩხელების ბიზნესი მაქვს, ვაწარმოებ და ვყიდი, ვიღებ შეკვეთებს და ამით ვცხოვრობთ. საშუალება არ მქონდა, რომ საწარმო სახლს გარეთ, ეზოში გამეკეთებინა, ფინანსური რესურსები აღარ მეყო. ამიტომ, სახლის ქვეშ გამოვჭერით მიწა და იქ ავაშენეთ, ყველანაირად დაცული და სუფთა გარემო მაქვს, მაქსიმალურად ვცდილობ, ადამიანი რომ მოვა და ნახავს, კმაყოფილი დარჩეს. სანამ კორონავირუსის პანდემია დაიწყებოდა, საშუალოდ, 20 000 ჩურჩხელას ვაკეთებდი თვენახევარში. ქალები მყავდა დაქირავებული, რომლებიც მეხმარებოდნენ. ახლა რასაც ვაკეთებ, ზღვაში წვეთია ეს რაოდენობა.

არანაირი ტექნიკა არ გამაჩნია, ყველაფერს ხელით ვაკეთებთ, მაგრამ ბევრნაირი ჩურჩხელა მაქვს ჩემი დარქმეული სახელწოდებებით. ვამზადებ ჩირებით, ვამზადებ ე.წ “გორგოლაჭებს,” კლასიკურ კახურ ჩურჩხელებს, უძაფო ასაწონ ჩურჩხელებს, ვაკეთებ ბროწეულის წვენითაც... ვცდილობ, მრავალფეროვანი არჩევანი მქონდეს. ჩემი ჩურჩხელების შეძენა შეიძლება თბილისში, ქუთაისსა და ბათუმშიც. მონაწილეობას ვიღებ გამოფენებში. ყოველი წლის შემოდგომაზე ბათუმში იმართება სოფლის ტურიზმის ფესტივალი “განდაგანა”, ტურისტები ჩამოდიან, ხალხი იკრიბება, ჩემი ჩურჩხელების დეგუსტაციას ვაწყობ, ადგილზე ვამზადებ, თავიანთი ხელით ვავლებინებ თათარაში, ვაგემოვნებინებ ჩურჩხელებს და ვყიდი. ეს ყველაფერი სტიმულს მაძლევს.

შრომა თუ გიყვარს, სოფლის ცხოვრება ძალიან კარგია. რისი მოყვანაც შეიძლება, ყველაფერი გვაქვს. გვაქვს კარტოფილის მოსავალი, ყანები დათესილი, თხილისა და წაბლის მოსავალი. ვწურავ ღვინოს, მაქვს შავი და წითელი ადესას ჯიშის ყურძენი, ჩხავერი. სეზონურად ბიჭები თურქეთში გადადიან სამუშაოდ. პანდემიის გამო, ახლა შემოსავალი ნაკლები მაქვს, ბაზრები დაკეტილი იყო და აქედან გამომდინარე, მარტო მაღაზიებს ვაწვდიდი პრუდუქციას. მუშაობაც ნაკლები მიწევდა და სოფლის საქმეებს უფრო მივყავი ხელი, ვაპირებ, მოცვის, ჟოლოსა და მაყვლის პლანტაციები გავაშენო, გავაკეთე ბაღჩები, კიტრს, ლობიოს, პომიდროს სახლში ვკრეფ, სახლში მოწეული ჯანსაღი საკვები გვაქვს. ახლა საზღვარიც ჩაკეტილია თურქეთთან და უმცროსი ბიჭი კახეთშია წასული სამუშაოდ, მარწყვის კრეფასა და ვენახის გასხვლაზე იყო, ახლა ატმის კრეფა იწყება... ყველანაირად მეხმარებიან, რომ ხელმოკლედ არ ვიყოთ.

ვაპირებ ბიზნესის გაფართოებას. ფინანსთა აკადემიაში გავიარე კურსები, სადაც ბევრი რამე ვისწავლე. მომხმარებელი ჩემს ჩურჩხელებს “მზიას ჩურჩხელის” სახელით იცნობს და მინდა, ბრენდირებული იყოს ჩემი პროდუქტი. საქართველოში ჩურჩხელას ძალიან ბევრი ადამიანი აკეთებს და კონკურენციისაც არ მეშინია, ვცდილობ, სულ სიახლეებით შევიდე ბაზარზე და მყავს ერთგული მომხმარებელი.

გადავწყვიტე, მურაბები და კომპოტებიც გავაკეთო. ვაპირებ თაფლისა და შოკოლადის გოზინაყების დამზადებას და როგორც ჩურჩხელას, ისე ვაწარმოებ “მზიას გოზინაყს.”ყველაფერი ძალიან დიდ სახსრებთან და შრომასთანაა დაკავშირებული და მე და ჩემი შვილები ამას გავუმკლავდით. რაც ყველაზე რთული იყო, ის ეტაპი გავიარეთ. ახლა ლოგოს მივიღებთ და შტრიხკოდს მოგვანიჭებენ. ბევრი გეგმა მაქვს და სულ ვცდილობ, წინ წავიდე. ყველაზე კარგი გრძნობაა, როცა შენი შრომის შედეგს ხედავ."

ავტორი: ნინო გამისონია

ფოტო: ნინო ბაიდაური

პროექტი ხორციელდება ქალთა საინიციატივო ჯგუფის „ქალები საქართველოდან“ (ავტორები: მაიკო ჩიტაია, იდა ბახტურიძე, ნინო გამისონია, ფოტოგრაფები: გედა დარჩია, ნინო ბაიდაური, სალომე ცოფურაშვილი, სოფო აფციაური) მიერ.

პლატფორმა შეიქმნა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) დაფინანსებით. ამჟამად, ახალი ინტერვიუების ჩაწერა და სტატიების ნაწილის მომზადება ხდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.

კორონავირუსით ინფიცირების 1 089  ახალი შემთხვევა და 18 გარდაცვლილი - რამდენი ტესტი ჩატარდა ბოლო დღე-ღამეში და როგორია შედეგები რეგიონების მიხედვით

რას საქმიანობს ლევან ვასაძის ულამაზესი ქალიშვილი, რომელიც მამის ბრენდის სახეა - თათა ვასაძის ფოტოები

"თავიდან ისე უნდოდათ საქმის წაყვანა, რომ ყველაფერში დამნაშავე კოვიდ-სასტუმროს ექიმი გამოსულიყო" - რატი თორდია შვილის საქმეში გამოვლენილ დარღვევებზე