გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ლაგოდეხის ნაკრძალში 16 წლის სოფი ნიკოლეიშვილის გარდაცვალების ფაქტზე ბრალდებული ორი პედაგოგი აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვა. საქმეზე სასამართლო სხდომა 24 აგვისტოს ჩაინიშნა.
პროკურატურამ სკოლა „ალბიონის“ კლასის დამრიგებელსა და სპორტის მასწავლებელს - პედაგოგებს ნ.ს.-ს და ვ.ქ.-ს ბრალდება წარუდგინა გულგრილობის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
რეზონანსულ საქმესთან დაკავშირებით, სკოლა "ალბიონი" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"დღეს სოციალური ქსელი მასობრივი ინფორმაციის წყაროდ არის ქცეული. ჩვენი პოსტიც საინფორმაციო ხასიათისაა.
ცოტა უხერხულია, ვისაუბროთ, როგორ განიცდის სკოლა „ალბიონი“ სოფის ტრაგედიას. ვინც ჩვენს სკოლას იცნობს, კარგად იცის, რომ ეს ერთი დიდი ოჯახია. ამ დიდმა ოჯახმა სოფი დაკარგა; სკოლაში თითქოს შეწყდა სუნთქვა, მდუმარებამ დაისადგურა. დერეფნებში სიჩუმე, ცრემლი და გლოვა დადიოდა. სოფის თანაკლასელები უცებ გაიზარდნენ, თითქოს ბავშვობას გამოეთხოვნენ კიდეც. სოფის საკლასო ოთახში მისი მერხი სოფის კუთხედ იქცა, საკლასო ოთახის შესასვლელთან კი მისი ფოტო ჩამოკიდა დირექციამ, წარწერით - „ამ კლასში სწავლობდა ყველასათვის საყვარელი სოფი ნიკოლეიშვილი“.
სკოლაში შეწყდა საგაზაფხულო ღონისძიებების აღნიშვნა, მეთორმეტე კლასელებმა უარი თქვეს გამოსაშვებ საღამოებზე, სკოლის დარბაზიდან აღარ ისმოდა მოსწავლეების ცეკვა-სიმღერის ხმა. არ ჩატარდა სკოლის მუსიკალური ბენდის საანგარიშო კონცერტი. სკოლას აღარ ეზეიმებოდა...
სკოლიდან მასწავლებლები, თანაკლასელები, სკოლელები ხშირად მიდიოდნენ სოფის საფლავზე. სექტემბერში, სასწავლო წლის დასაწყისში, პირველ დღეს, სკოლის ორივე სასწავლო ნაწილი თანაკლასელებთან ერთად იყვნენ მისულები... რასაკვირველია, გულწრფელი ცრემლებითა და მწუხარებით. სოფი ხომ სკოლას ძალიან უყვარდა!
ტრაგედია უსაზღვროა... ტკივილი - მოუშუშებელი. მიზეზი - უბედური შემთხვევაა, რომელსაც სკოლა „ალბიონის“ დირექტორი, ბ-ნი ალექსანდრე ჯავახიშვილი, კარგად იცნობს. მასაც უბედურმა შემთხვევამ წაართვა შვილი. მისი დედისერთა ქალიშვილი ავტოსაგზაო შემთხვევით გარდაიცვალა. მანქანას შვილის თანაკლასელი მართავდა. მანქანის მგზავრებიდან მხოლოდ თამუნა ჯავახიშვილისთვის აღმოჩნდა მგზავრობა საბედისწერო. რთული იყო, თუმცა შვილმკვდარმა დედ-მამამ გააცნობიერა, რომ ბედისწერისა და უბედური შემთხვევის წინაშე ყველა და ყველაფერი უძლურია. უძლურია თვით მშობლების სიყვარულიც...
სოფის ტრაგედიამ სკოლის დირექტორს თითქოს გაუხსნა შვილის გარდაცვალებით გამოწვეული იარები, განუახლა მწუხარება, ცრემლი, უფრო მეტიც, გაუტოლა ტკივილი ტკივილს. 30 წელია, ბატონი სანდრო ამ დიდი სიცარიელით ცხოვრობს, სიცარიელეს მომავალი თაობების აღზრდით ივსებს და სწორედ ეს - მოზარდებზე ზრუნვა, მათი სიყვარული აძლევს ძალას, რომ იცხოვროს... ბ-ნ ალექსანდრე ჯავახიშვილს თავად აქვს განცდილი ეს ტრაგედია, ამიტომაც თანაგანცდა არც სკოლის დირექტორს გასჭირვებია და არც იმ გარემოს, რომელმაც სოფი ამ სკოლაში გადმოსვლის დღიდან შვილივით მიიღო...
ტრაგედია დიდია, ტკივილი - უკურნებელი! ამ ტკივილით ცხოვრების გაგრძელება ძალიან რთულია... რთულია ოჯახისთვის, რთულია სკოლისთვის და ყველა იმ ადამიანისათვის, რომლებიც სოფის იცნობდნენ" - ვკითხულობთ "ალბიონის" განცხადებაში, რომელიც სკოლის "ფეისბუქის" გვერდზე გავრცელდა.