ყველას გვყავს ჩვენი ბავშვობის სუპერგმირი - ზოგს „მარველიდან“, ზოგიერთს „დისი კომიქსიდან“, ზოგს კი საკუთარი ოჯახიდან ან გარემოცვიდან, სრულიად ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც არასდროს დაგვავიწყდება.
ამ სუპერგმირებმა ბავშვობაში გვასწავლეს სხვებისთვის მხარდაჭერა, სირთულეების გადასალახად ძალის პოვნა და უანგარობა, რომელიც ქველმოქმედად გვაქცევს. ახლა კი თავად შეგვიძლია გავხდეთ სუპერგმირები და ამ ყველაფრის მაგალითი სხვა ბავშვებს მივცეთ. ისინი იგრძნობენ რომ მარტო არ არიან; შემდეგ კი სხვების მიმართ განიცდიან იმავე ემპათიას და მათი დახმარების სურვილი გაუჩნდებათ.
როგორ გავხდეთ სუპერგმირი?
პლატფორმის მეშვეობით ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ყოველთვიური სპონსორობის პროგრამაში ჩაერთოს, რომელიც 100 ლარიან პაკეტს ითვალისწინებს და ბავშვის ასაკის შესაბამისი პროდუქტებია გაერთიანებული.
გარდა ყოველთვიური ამანათის გაგზავნისა, სუპერგმირს შეუძლია გახდეს ბავშვის მეგობარი და მენტორი, დაეხმაროს მათ ცხოვრებისეული გამოწვევების გადალახვაში, განათლების მიღების გზების მოძიებაში, პროფესიის არჩევაში, ან თუნდაც უბრალოდ მეგობრული დრო გაატაროს მასთან ერთად.
გაშვებიდან პირველ თვეში პროექტმა „სუპერგმირმა“ უკვე 82 ბავშვის ყოველდღიური ცხოვრება გააუმჯობესა, უკვე დაანახა მათ, რომ გვესმის თითოეული მათგანის ხმა და მზად ვართ დასახმარებლად, თუმცა კიდევ უფრო ბევრი მათგანი საჭიროებს თანადგომას, კიდევ უფრო მეტი ელოდება თავის სუპერგმირს, რომელსაც მცირედითაც კი შეუძლია პატარების ოცნებების ახდენა.
პლატფორმის დამფუძნებლებმა მარიტა გენებაშვილმა და ლეკო შათირიშვილმა გვიამბეს, რომ პროექტის შექმნა ერთი ბავშვის ისტორიამ შთააგონა. ბავშვი მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობდა და მისმა მდგომარეობამ მარიტას მისცა ბიძგი, ახალი Supergmiri.ge-სთვის ჩაეყარა საფუძველი.
„თუმცა მალევე მივხვდით, რომ მარტო ჩვენ ბევრს ვერაფერს გავხდებოდით, ამიტომ დავიწყეთ ფიქრი, ერთი იდეის ქვეშ, ერთ ციფრულ სივრცეში როგორ გაგვეერთიანებინა ბევრი ადამიანი. საერთო იდეალის ძებნისას გაგვახსენდა, რომ ბავშვობაში ყველანი ვოცნებობდით სუპერ ძალაზე, ზოგი ჯადოსნურ ჯოხზე, ზოგიც ჯადოსნურ მოსასხამზე... ამიტომაც გადავწყვიტეთ ჩვენი ბავშვობის ოცნებების ახდენა, რომელიც სინამდვილეში სხვა ბავშვების ოცნებების ახდენას ნიშნავს. ასე გაჩნდა პლატფორმა www.supergmiri.ge“, - გვიამბო მარიტა გენებაშვილმა.
Supergmiri.ge-ს დონორობა შეუძლია როგორც ნებისმიერ ფიზიკურ პირს, ისე მსხვილ ბიზნესებს. მაგალითად, ისეთებს, როგორიც არის კომპანია “სოკარი“ რომელიც პლატფორმის შექმნიდან დღემდე ჩართულია ქველმოქმედებაში და ყოველთვიურად იღებს მის საქმიანობაში მონაწილეობას.
„სუპერგმირი“ არის ახალი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ეხმარება ბავშვებს და ის გამორჩეულია იმით, რომ თითოეულ მათგანს არამარტო ერთჯერად დახმარებას უწევს, არამედ გულისხმობს გრძელვადიან თანამშრომლობას. თანაც ის სუპერგმირები, რომლებიც ამ ბავშვების ოცნებების ახდენაში იღებენ მონაწილეობას, ხდებიან არამარტო სუვილების ამსრულებლები, არამედ მათი მეგობრები, მენტორები და ცხოვრების გზაზე მათ განვითარებაში იღებენ მონაწილეობას. მოხარულები ვართ, რომ „სოკარი“ მსგავსი პროექტის დონორი და მხარდამჭერი გახდა და იმედი გვაქვს, რომ ის უფრო მასშტაბური და წარმატებული გახდება“, - აღნიშნეს „სოკარში“.
პლატფორმა Supergmiri.ge ყველა დაინტერესებულ პირს დაეხმარება, გაიცნოს იმ ბავშვების ისტორიები, რომლებიც თავიანთი ოცნებების ახდენას ელოდებიან.
ამასთან, პროექტი ყოველდღიურად ვითარდება, მას ემატება ახალ ბენეფიციარები და სუპერგმირები მთელი ქვეყნის მასშტაბით.
პროექტის ავტორები გვიამბობენ, რომ მას ასევე, სულ მალე დაემატება ახალი ფუნქციონალი: “საჩუქრის გაგზავნა” რისი საშუალებითაც, ნებისმიერ ადამიანს შეეძლება, კონკრეტულ ბავშვს აჩუქოს საჭირო ნივთი, მაგალითად საყვარელი წიგნი, ან თუნდაც თავისი ბავშვობის ველოსიპედი.