ავტორი:

Wizz air მგზავრებს გაუქმებულ რეისებთან დაკავშირებით 3 არჩევანს სთავაზობს - "სავარაუდოდ, ფრენები მომავალი წლის ზაფხულამდე შეჩერდება"

Wizz air მგზავრებს გაუქმებულ რეისებთან დაკავშირებით 3 არჩევანს სთავაზობს - "სავარაუდოდ, ფრენები მომავალი წლის ზაფხულამდე შეჩერდება"

კომპანია Wizz air-ის კომუნიკაციების ხელმძღვანელის, ანდრას რადოს განცხადებით, მგზავრებს გაუქმებულ რეისებთან დაკავშირებით სამ არჩევანს შესთავაზებენ, რომელთა შორის ერთ-ერთი ბილეთის ღირებულების სრულად ანაზღაურებაა. ამის შესახებ კომუნიკაციების ხელმძღვანელმა „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ, ონლაინ პრესკონფერენციის მიმდინარეობისას განაცხადა.

„სამწუხაროდ, ჩვენ მოგვიწია ფრენების გაუქმება. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაცნობებთ მგზავრებს, რომელთა ფრენებიც გაუქმდა. იმ შემთხვევაში, როდესაც ფრენებს ვაუქმებთ, მგზავრებს ყოველთვის სამ არჩევანს ვთავაზობთ. პირველი: მათ შუძლიათ უფასოდ ნებისმიერი მიმართულებით გადაცვალონ ბილეთი. მეორე შემთხვევაში მგზავრებს თანხის 120% დაუბრუნდებათ „ვიზეარის“ ანგარიშზე, რომლის გამოყნებაც შეუძლიათ 2 წლის განმავლობაში და მესამე ვარიანტი არის თანხის 100%-ის დაბრუნება საბანკო ანგარიშზე.

სამწუხაროა, როდესაც ფრენის გაუქმება გვიწევს, მაგრამ ზოგ შემთხვევაში ეს ხდება, განსაკუთრებით დღეს, როდესაც ხელისუფლება ცდილობს, რომ ვირუსის გავრცელება შეაკავოს. ამიტომ, ასეთი შემთხვევებისთვის, ჩვენ ზემოთჩამოთვლილი სამი არჩევანი გვაქვს,“ - განაცხადა ანდრას რადომ.

მან განმარტება ქუთაისის ბაზაზე დასაქმებულ თანამშრომლებთან დაკავშირებითაც გააკეთა და აღნიშნა, რომ კომპანია არც ერთი თანამშრომლის გათავისუფლებას არ გეგმავს.

„თანამშრომლები, რომლებიც ქუთაისის ბაზაზე მუშაობდნენ სამსახურიდან გათავისუფლებულები არ არიან. ამ ეტაპზე ჩვენ ვიკვლევთ, თუ რა ახალი შესაძლებლობები შეგვიძლია მათ შევთავაზოთ, ასევე ვცდილობთ, შევთავაზოთ, რომ Wizz air-ის სხვა ბაზებზე იმუშავონ. ამ ეტაპზე ჩვენი გეგმა მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოს ბაზაზე ყველა დასაქმებული შევინარჩუნოთ და ვთავაზობთ მათ, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ იმუშაონ იქამდე, სანამ ფრენებს განვაახლებთ. ამ ეტაპზე Wizz air არ აპირებს არც ერთი ეკიპაჟის წევრისა თუ კაპიტნის გათავისუფლებას,“ - განაცხადა კომპანიის კომუნიკაციების ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, დიდი ალბათობით, ფრენები მომავალი წლის ზაფხულამდე იქნება შეჩერებული არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, თუმცა მან ასევე განაცხადა, რომ კომპანია მზად არის ოპერაციების განსაახლებლად, როგორც კი შესაბამისი პირობები იქნება.

"ჩვენ არ ვაუქმებთ და არ ვხურავთ ქუთაისის ბაზას და ამ ეტაპზე არ გვაქვს არანაირი გეგმა. დროებით შეჩერება, სამწუხაროდ, მოგვიხდა ვირუსიდან გამომდინარე, რადგან პანდემია გავრცელებულია უკვე უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში. მუშაობა დროებით შეჩერებული იქნება იქამდე, სანამ მომავალ მითითებებს არ მივიღებთ. აუცილებლად გაცნობებთ, როდესაც ამ გადაწყვეტილების შეცვლა მოხდება.

დიდი ალბათობით, ოპერაციები მომავალ ზაფხულამდე იქნება შეჩერებული, რადგან ჩვენ არ ვიცით, როდის დასრულდება შეზღუდვები.

თუ არაფერი მეშლება, ჩვენ ახლა არ გვყავს თვითმფრინავები ქუთაისის ბაზაში. ისინი სხვაგან განვათავსეთ ჩვენსავე ქსელში და როგორც კი ქუთაისში ოპერაციები განახლდება, რა თქმა უნდა, თვითმფრინავებს უკან დავაბრუნებთ. იქამდე კი სხვა გამოსავლებს ვეძებთ საერთაშორისო და ადგილობრივი შეზღუდვების გათვალისწინებით, შეგვეძლება თუ არა რაიმე სახის ფრენის განხორციელება ქუთაისში.

„ვიზეარი“ აკვირდება საერთაშორისო დონეზე და საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. ჩვენ განვაახლებთ ფრენებს, როგორც კი პირობები ამის შესაძლებლობას მოგვცემს. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა დავემორჩილოთ ყველა იმ წესს, რომელსაც საერთაშორისო თუ ადგილობრივი ხელისუფლებები აწესებენ. იმედი გვაქვს, რომ საქართველოში ფრენებს შეძლებისდაგვარად სწრაფად განვაახლებთ,“ - განაცხადა კომპანიის კომინიკაციების ხელმძღვანელმა.

როგორი იქნება პარკი ბახმაროს ცენტრში, რომელზეც 1 მლნ-ზე მეტი ლარი დაიხარჯება - პროექტის ფოტოები

რამდენიმე ბინა, ანაბრები და 22 300 ლარის ხელფასი თვენახევარში - რა ქონებას ფლობს ვანო ზარდიაშვილი

საზღვრების გახსნის შემდეგ, საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა შეეძლებათ - "ევრონიუსი"