სს „ვანრიკაგროს“ აქტივები აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამოცხადებულ საჯარო აუქციონზე 2020 წლის 29 ივნისს გაიყიდა.
აუქციონის სასტარტო ფასი 4 570 302 ლარს შეადგენდა. საჯარო აუქციონზე გამართული ვაჭრობის შედეგად, გამარჯვება ქართულმა კომპანია შპს „ეფკომ“ მოიპოვა და მძაფრი კონკურენციის პირობებში, 85 ბიჯის შემდეგ, სს „ვანრიკ აგროს“ აქტივები 12 339 817 ლარად შეიძინა.
აღსანიშნავია, რომ სს „ვანრიკაგროს“ მიმართ, მისი დირექტორის მიმართვის საფუძველზე, 2019 წლის მარტში დაიწყო გაკოტრების საქმისწარმოება, რამაც სს „ვანრიკ აგროს“ მისცა შესაძლებლობა, ამ წარმოების პერიოდში აუქციონით გადაეცა აქტივები სარგებლობაში შპს „ეფკოსთვის“. ამის შედეგად, ლურჯი მოცვის ნარგავები განადგურებას გადაურჩა და მოსავლის აღებაც მოხერხდა. მნიშვნელოვანია, რომ „ვანრიკ აგროში“ შექმნილი მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, „საპარტნიორო ფონდის“ მიერ დაგეგმილმა და ინვესტორისთვის საჯაროდ აუქციონზე შეთავაზებულმა ფინანსურმა სტრუქტურამ შესაძლებლობა მისცა ფონდს, მაქსიმალურად დაებრუნებინა საკუთარი ინვესტიცია, დაეფინანსებინა ახალი პროექტი და შესაბამისად, ხელი შეუწყო დამატებითი ინვესტიციის მოზიდვასა და სამუშაო ადგილების შექმნას.
შპს „ეფკო“ კომპანიაში დამატებითი ინვესტიციების განხორციელებასა და ლურჯი მოცვის პლანტაციის 280 ჰექტარზე გაფართოებას გეგმავს, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის დასაქმების რეალური შესაძლებლობა გახდება. რაც შეეხება „საპარტნიორო ფონდის“ ინვესტიციას, მისი დაბრუნება 7 წლის განმავლობაში განხორციელდება.
შეგახსნებთ, სს „ვანრიკ აგრო“ 2015 წელს დაარსდა და მის მთავარ საქმიანობას ლურჯი მოცვის მოყვანა, გადამუშავება და რეალიზაცია წარმოადგენდა. კომპანიის მფლობელობაში იყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში მდებარე მიწის ნაკვეთი ნაწილობრივ განაშენიანებული ლურჯი მოცვის პლანტაციითა და გადამამუშავებელი საწარმოო ხაზით.
NS