ავტორი:

"ჩემი ძმის გატაცების საქმეშიც ფიგურირებდა ცნობილი სპორტსმენი..." - 25 წლის წინ მომხდარი ტრაგედია, რომელიც ოჯახს შაქარაშვილის საქმემ ხელახლა გაახსენა

"ჩემი ძმის გატაცების საქმეშიც ფიგურირებდა ცნობილი სპორტსმენი..." - 25 წლის წინ მომხდარი ტრაგედია, რომელიც ოჯახს შაქარაშვილის საქმემ ხელახლა გაახსენა

გიორგი შაქარაშვილის საეჭვო ვითარებაში გარდაცვალების საქმემ, ადვოკატ თამარ თედლიაშვილს საკუთარი ოჯახის ტრაგედია გაახსენა. უფლებადამცველი 90-იან წლებში გორში მომხდარ შემზარავ დანაშაულს იხსენებს, რომელსაც მისი 17 წლის ძმის სიცოცხლე შეეწირა.

თედლიაშვილის თქმით, კრიმინალურ დაჯგუფებას, რომელმაც ახალგაზრდა ბიჭი ჯერ გაიტაცა და შემდეგ განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა, მაშინდელი ცნობილი სპორტსმენი ხელმძღვანელობდა.

ტრაგედია 1994 წლის თებერვალში მოხდა. 17 წლის ვახტანგ თედლიაშვილი საღამოს საათებში გორის ერთ-ერთი ქუჩიდან გაიტაცეს. მეორე დღეს ოჯახს ეზოში გატაცებულის ნივთები და წერილი დაუდეს. კრიმინალები გამოსასყიდის სახით 150 000 აშშ დოლარს ითხოვდნენ.

თამარ თედლიაშვილი 25 წლის წინანდელ ტრაგედიას AMBEBI.GE-სთან საუბარში იხსენებს.

- ძლიერი ოჯახი გვქონდა. მამაჩემი ბამბეულის ქარხნის ერთ-ერთი საამქროს ხელმძღვანელი იყო და მთელი გორი იცნობდა. 90-იან წლებში ადამიანების გატაცება ჩვეულებრივ მოვლენად ითვლებოდა. ჩემი ძმის გატაცებამდე ორი კვირით ადრე, ბამბეულის კიდევ ერთი ქარხნის დირექტორის შვილი ჰყავდათ გატაცებული, მაგრამ იგი უვნებელი დააბრუნეს.

ჩემი ძმა ვახტანგ თედლიაშვილი ქუჩაში მიდიოდა, როდესაც გაიტაცეს. მეორე დღესვე ეზოში ჩამოგვიყარეს მისი ნივთები, სტუდენტის მოწმობა და წერილი, რომელშიც წერდნენ, რომ ბავშვს მხოლოდ თანხის გადახდის შემდეგ დააბრუნებდნენ. იმდენად დიდი თანხა იყო მაშინ ეს, არ ვიცოდით რა გვექნა. საღამოობით ეზოში გვიყრიდნენ წერილებს და მოითხოვდნენ დროულად გადაგვეხადა თანხა, თორემ მოკლავდნენ.

როდესაც ხალხმა გაიგო რაც მოხდა, მთელი გორი დადგა ფეხზე და თანხას გვიგროვებდნენ. ერთხელ აუდიოჩანაწერი ჩამოგვიგდეს ეზოში. ჩემი ძმის ხმა ჰქონდათ ჩაწერილი. ბავშვი მამას სთხოვდა თანხის გადახდას. საუბრის ბოლოს ჩემი ძმა ჩუმდება და ტირილი უვარდება. ჩანაწერში ისმის გამტაცებლის ხმა, რომელიც ვახტანგს უყვირის - მიდი ილაპარაკეო. სწორედ ეს ჩანაწერი აღმოჩნდა მთავარი სამხილი, რომლითაც პოლიციამ დანაშაულის გახსნა შეძლო" - გვიყვება ადვოკატი.

თამარ თედლიაშვილი იხსენებს, რომ გამტაცებლებმა სანდო შუამავალი მოითხოვეს, რომლის მეშვეობითაც ოჯახთან კომუნიკაციას დაამყარებდნენ. თედლიაშვილებმა შუამავლად ოჯახის ახლობელი, ცნობილი "კრიმინალური ავტორიტეტი" მოძებნეს. თუმცა, მოგვიანებით გამოძიებით დადგინდა, რომ სწორედ ამ კრიმინალური ავტორიტეტის იდეა იყო 17 წლის ვახო თედლიაშვილის გატაცება.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ჩვენი არჩეული შუამავალის მიცემული იყო საქმე კრიმინალებისთვის, თავადვე იყო ამ დაჯგუფების ერთ-ერთი წევრი. მოლაპარაკების პროცესში 100 000 დოლარზე ჩამოვიდნენ, მაგრამ ჩვენ მხოლოდ 50 000 აშშ დოლარის მოგროვება შევძელით და შუამავალს გავატანეთ. აღმოჩნდა, რომ მათთვის ეს თანხა არ იყო მისაღები და შუამავალმა ისევ უკან დაგვიბრუნა, თან როგორც ჩანს, უკვე ვახტანგის მოკვლაც ჰქონდათ გადაწყვეტილი.

სანამ სრულად შევაგროვებდით გამოსასყიდს, პარალელურად პოლიცია საქმეს იძიებდა. გამტაცებლები თანხას არ დაელოდნენ და თებერვალში გატაცებული ჩემი ძმა, მარტის დასაწყისში მოკლეს. როგორც შემდეგ ჩვენებებიდან გაირკვა, ჩემს ძმას უთხრეს, მამაშენმა გამოსასყიდი გადაიხადა და უნდა გაგათავისუფლოთო.

თვალებახვეული წაიყვანეს გორის ერთ-ერთი სოფლის ტყეში, დააყენეს წინასწარ გათხრილ საფლავთან და ექვსი ტყვია დაახალეს. თითომ თითო ტყვია ესროლა...

ცხედრის ადგილსამყოფელი აპრილში გავიგეთ და მიცვალებული დავკრძალეთ. საქმე ისეთივე რეზონანსული იყო, როგორც ახლა გიორგი შაქარაშვილის საქმეა. საზოგადოების უდიდესი ინტერესი არსებობდა, რის გამოც პოლიციამ მალევე გახსნა დანაშაული.

ამ საქმეს იძიებდა როგორც გორის, ისე თბილისის პოლიცია. გორის პოლიციის განყოფილების უფროსი იყო გელა ცალქალამანიძე, ახლა გარდაცვლილია. ფაქტობრივად, მან გახსნა ეს დანაშაული და მისი მადლიერი ვიქნები მთელი ცხოვრება. აუდიოჩანაწერი, რომელშიც გამტაცებელი ჩემს ძმას უყვირის, გელა ცალქალამანიძისთვის საქმის გასაღები აღმოჩნდა - მან კრიმინალის ხმა იცნო.

გამტაცებელს საუბრის თავისებური მანერა ჰქონდა. ასო რ-ს ვერ ამბობდა და "ილაპარაკეს", მაგივრად ამბობდა "ილაპალაკეს"

პოლიციელმა ხმა და საუბარი ერთ-ერთ ცნობილი კრიმინალის ხმას მიამსგავსა და მართალიც აღმოჩნდა. იქამდე, სანამ საგამოძიებო მოქმედებებსაც აწარმოებდა პოლიცია, კრიმინალების დაჯგუფების წევრების უმრავლესობამ ქვეყანა დატოვა. მაგრამ პოლიცია გაქცეულის გარშემომყოფებზე, საახლობლო წრეზე აგრძელებდა მუშაობას.

ასე გამოვლინდა ბანდის კიდევ ერთი წევრი, რომელსაც წერილების დაწერა და ჩვენს ეზოში გადმოყრა ევალებოდა. კალიგრაფიულმა ექსპეტიზამ დაადგინა ნაწერის იდენტობა ერთ-ერთ ეჭვმიტანილთან. ეს იყო მანქანების მღებავი, სოფელ ატენში მცხოვრები პირი, რომელმაც გამოძიებას სრული ინფორმაცია მიაწოდა. შვიდკაციანი ბანდიდან მხოლოდ ორის დაჭერა მოხერხდა. მათ 25-წლიანი პატიმრობა შეეფარდათ, თუმცა სასჯელი სრულად არ მოუხდიათ და ახლა თავისუფლები არიან. დანარჩენებმა ქვეყნის დატოვება შეძლეს.

დაჯგუფების ერთ-ერთი მეთაური იყო ილია ქერდიყოშვილი, რომელიც საქართველოდან გაიქცა. მალე ის ცხინვალში საკუთარმა ბიძაშვილმა მოკლა. კიდევ ერთი წევრი კი, რომელიც პოლიციის განყოფილებაში გამოსაკითხად მიიყვანეს, სამართალდამცველებს ხელიდან დაუსხლტა, მეექვსე სართულიდან გადახტა და ადგილზევე გარდაიცვალა. არსებობდა ვერსია, თითქოს პოლიციელებმა გადმოაგდეს. თუმცა, დაზუსტებით არ ვიცი რა მოხდა.

რატომ გამახსენა ჩვენი ოჯახის ტრაგედია გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებამ?

ჩემი ძმის გატაცების საქმეში მაშინ ფიგურირებდა ცნობილი სპორტსმენი, მოჭიდავე, რომლის სახელსა და გვარს შეგნებულად არ დავასახელებ. ახლა უცხოეთში ცხოვრობს. ევროპის ჩემპიონი იყო ჭიდაობაში და ისე კარგად ახასიათებდნენ, ყველას გაუკვირდა. არ ჩაიდენდაო, მაშინაც ამბობდნენ. ბევრი დამცველი გამოუჩნდა. თვითონ კარგი ოჯახიდან იყო, კარგი ოჯახის სიძე. მაგრამ ფაქტია, რომ იგი ხელმძღავნელობდა იმ ბანდას, რომელმაც ჩემი ძმა გაიტაცა და სასტიკად მოკლა.

ერთადერთი ის მამშვიდებს, რომ ბევრი სხვა საქმისგან გასხვავებით ჩემი ძმის საქმეც არ ჩაიფარცხა, რადგან საზოგადოების ინტერესი იყო მაღალი. დანაშაული გახსნილია, რამდენიმემ სასჯელი მოიხადა, რამდენიმე დანაშაულიდან მალევე გარდაიცვალა, დაჯგუფების ორ წევრს კი პასუხი დღემდე არ უგია და უცხოეთში წავიდნენ და უკან დაბრუდნენ თუ არა არ ვიცი" - უამბო თამარ თედლიაშვილმა AMBEBI.GE-ს.

"ნიკა გაღიზიანდა, რომ მისი სტუმრები წავიდნენ სახლიდან... ნეკას უთხრა, შენ აიძულეო" - რას იხსენებს დოროყაშვილის ნათესავი და როდის დაკითხავენ ჩოგბურთელის შვილს?

"მე ხომ არ გამოვხატავ აგრესიას?" - ვრცელდება ვიდეოკადრები, გოგი წულაიას საქმიდან

"ბებიამ არასრულწლოვნები დააჩოქა და მისი შვილიშვილისთვის ბოდიში მოახდევინა, მოხდა ფაქტის ვიდეოგადაღება" - პროკურატურა ლაგოდეხში მომხდარ ფაქტზე