"დედას შვილი ყავდეს ცუდად და ვერ ჩამოვიდეს, დედას შვილი მოუკვდეს და ქვეყანაში ვერ ჩაფრინდეს, რაღა ვიწამო მაგათი? 15 გაჭირვებული ქალია აქ, ზოგს შვილი მოუკვდა და გაუუქმდა ფრენა, ზოგს რეანიმაციაში ყავს დედა, ზოგს მეუღლე დაეღუპა... როგორი გამწარებული ვარ მე - შვილი მომიკვდა! ორჯერ ბილეთი ავიღე და გამიუქმდა, ორმოცისთვისაც ვერ ჩამოვდივარ" - ეს იტალიაში მყოფი ქართველი ემიგრანტი ქალის, მარინას წერილია.
ქალს 5 ივნისს 33 წლის შვილი გარდაეცვალა საქართველოში და კორონავირუსის პანდემიის გამო ჩაკეტილი საზღვრების გამო, შვილის დაკრძალვაზე ჩამოსვლაც ვერ მოახერხა.
მარინას მსგავსად, უამრავ ემიგრანტს სურს სამშობლოში ჩამოსვლა, რამდენიმე თვით, ან სამუდამოდ დაბრუნება, თუმცა ფრენების სიმცირე, ბილეთების სიძვირე და 2-კვირიანი კარანტინის აუცილებლობა აფერხებთ.
მთავრობის ადმინისტრაციასთან ემიგრანტების ოჯახის წევრებმა აქცია გამართეს და ხელისუფლებას მიმართეს, ნუ გასწირავენ ემიგრანტებს და მათ დასაბრუნებლად სპეც-რეისები დაინიშნოს.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ნონა მოდებაძე-გელაშვილი გვეუბნება, რომ მისი შვილი ამჟამად პოლონეთშია და უკან დაბრუნებას ვერ ახერხებს:
"მე ემიგრანტის დედა ვარ, მაგრამ ამჟამად ყველა ემიგრანტის დედაც ვარ, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი მეხმიანება, რომლებმაც ბილეთები იყიდეს, გაუუქმდათ, საელჩოებს უკავშირდებიან, სხვადასხვა ქვეყნიდან ცდილობენ დაბრუნებას.
ხელისუფლებისგან გვაინტერესებს, თუ ჩვენ COVID-19-თან თანაცხორება გვიწევს, რატომ არ ხსნიან საჰაერო სივრცეს? აანონსებენ, რომ სექტემბერში იქნება პანდემიის მეორე ტალღა. რა იცი, რომელი ტალღა იქნება? ესპანეთმა საზღვრები გახსნა, ევროკავშირმა სხვადასხვა ქვეყანაში გახსნა საზღვარი, მათ შორის საქართველოსთან. ამერიკაზე და იტალიაზე ძლიერები ვართ? პანდემიას რით ვებრძვით, ემიგრანტების იქ გაჩერებით?
ემიგრანტებს შორის ბევრი უმუშევარია, ბევრი შიმშილობს, ბევრს სახლიც კი არ აქვს, ზოგი ცხოვრობს, მაგრამ ცოტა ხნით წამოსვლა უნდა, ზოგს დედა ჰყავს ცუდად, ზოგს ქმარი გარდაეცვალა და ვერ მოდის
ჩემს შვილსაც უთხრეს და პოლონეთში საქართველოს ელჩმა მეც ეს მითხრა, პოლონეთში საქართველოდან 500 ადამიანი იყო და 400 დავაბრუნეთო, სოციალური ქსელის კომენტარებში კი მწერენ, რომ 450 ადამიანი დავითვალეთ, მხოლოდ ქალაქ პოზნანშიო. ჩემი შვილი ცდილობს, ვაჟკაცურად გაუძლოს, დეპრესიას არ აჰყვეს - უნდა, ჩამოიყვანონ, მაგრამ მე აქ დგომას არ მთხოვს და ამას მხოლოდ მის გამო არ ვაკეთებ, ვინც მწერს, მათ შვილებზე კიდევ უფრო ვდარდობ.
ეს უკვე კონსტიტუციის, მე-14 მუხლის დარღვევაა, რომელიც ითვალისწინებს, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს უფლება, შემოვიდეს საქართველოში. მთავარია, მოვითხოვოთ კონსტიტუციით გათვალისწინებული მუხლის თანახმად ამ ხალხისთვის საჰაერო სივრცის გახსნა, ჯანდაცვის რეკომენდაციების გათვალისწინებით, თუნდაც ორკვირიან კარანტინშიც მოხდეს საქართველოს მოქალაქეების მოთავსება" - აღნიშნავს ნონა მოდებაძე-გელაშვილი.
აქციის კიდევ ერთი მონაწილე, არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის" ხელმძღვანელი მანანა ანდღულაძე ამბობს, რომ სახელმწიფომ პანდემიის დროს ბევრი ემიგრანტი სამშობლოში დააბრუნა, თუმცა მათი დიდი რაოდენობა კვლავ სამშობლოს საზღვრებს გარეთ, დუხჭირ მდგომარეობაში რჩება.
"ზალკალიანი უაზრო პოლიტიკურ განცხადებებს რომ აკეთებს, მაგას ჯობია, მისი უწყება და თვითონ ემიგრანტებს დაეხმარონ - შეიმუშავონ სქემა, ან ისევ სპეცრეისები დანიშნონ, ან რაღაც გადაწყვეტილებამდე მივიდნენ, რომ საბოლოოდ, ეს ხალხი ჩამოვიდეს.
გამოდის პრემიერ-მინისტრი და იძახის, პირველ აგვისტომდე ფრენები შეწყდაო - ამაზეა საუბარი. ბილეთები ახლა ძალიან ბევრს გაუუქმდა და აღარ აქვთ საშუალება, ხელახლა შეიძინონ. სახელმწიფო რისთვის არსებობს? თუ გამოდიხარ, აკეთებ ასე მოულოდნელად განცხადებას და ამ ფრენებს წყვეტ, მაშინ იმის ვალდებულებაც აიღე, რომ რაღაცნაირად დაეხმარო ამ ხალხს.
ჩვენ ამას ვითხოვთ, თორემ პანდემია, რთული ვითარება რომაა, ეგ ყველაფერი ძალიან კარგად ვიცით. ხალხს ბოლო კაპიკები ჰქონდათ დარჩენილი, რითაც საქართველოში აპირებდნენ დაბრუნებას - ელემენტარულად, საჭმელზეა ლაპარაკი. ზოგიერთი ქართველი ერთმანეთს იცნობს, ეხმარებიან ერთმანეთს, ზოგს ბინა აღარ აქვს, ვიღაც ქართველი ნაცნობის ოჯახში ცხოვრობს.
გამოსავლად პირველ რიგში ვხედავ, რომ საქართველოს საელჩოები სხვადასხვა ქვეყანაში გაიხსნას - არ ვამბობ, რომ დაკეტილია, მაგრამ უფრო აქტიურად ამუშავდნენ, მიიწვიონ საქართველოს მოქალაქეები, გაერკვიონ ინდივიდუალურად, რა და როგორ ხდება და იმის მიხედვით გადაწყვიტონ, ვინ როგორ წამოვა.
მთავარი, ყველაზე დიდი პრობლემა ემიგრანტისთვის, უცხო ქვეყანაში ყოფნის დროს უყურადღებოდ დარჩენაა, პირველ რიგში, შენივე სახელმწიფოსგან, ეს ყველაზე დიდი ტკივილია“, - აღნიშნავს მანანა ანდღულაძე.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სტატისტიკით, სპეციალური რეისებით ქვეყანაში უკვე 12 720 ემიგრანტი დაბრუნდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებისთვის უცხო ქვეყნიდან ჩამოსვლის შემდეგ 2-კვირიანი კარანტინი კვლავ მოქმედებს. თუმცა, ესეც პრობლემას წარმოადგენს ემიგრაციიდან დროებით დაბრუნებულებისთვის - მაშინ როცა ისინი სამშობლოში ერთი ან ორი თვით ახერხებენ ჩამოსვლას, არ სურთ კარანტინში ორი კვირის გატარება, თუმცა მზად არიან, საკუთარი ხარჯებით ჩაიტარონ ტესტი კორონავირუსზე.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში AMBEBI.GE-ს განუცხადეს, რომ ამჟამად არსებობს რეგულარული რეისები გარკვეული სიხშირით, რითაც მოქალაქეებს შეუძლიათ, ისარგებლონ:
- მსოფლიოში დაწესებული უპრეცედენტო შეზღუდვების გათვალისწინებით, როდესაც ჩაკეტილი საზღვრების გამო, ფაქტობრივად შეუძლებელი იყო გადაადგილება, სახელმწიფო დადგა, როგორც მათი სამშობლოში დაბრუნების ხელშეწყობის აუცილებლობის, ასევე სამშობლოში გამომგზავრებამდე მათთვის ადგილზე დახმარების გაწევის საჭიროების წინაშე.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საკოორდინაციო საბჭოსთან კოორდინაციით ეფექტიანად მოახერხა აღნიშნული ამოცანების შესრულება და პანდემიის ყველაზე კრიტიკულ პერიოდში, როდესაც მსოფლიოს ყველა ქვეყნის საზღვრები იყო ჩაკეტილი და შეზღუდვები იყო დაწესებული საერთაშორისო ფრენებზე, განახორციელდა 73 ჩარტერული რეისი, სამშობლოში ორგანიზებულად დაბრუნდა 13 000-მდე საქართველოს მოქალაქე, ხოლო ადგილზე პირველადი საჭიროების დახმარება გაეწია 22 000-მდე ადამიანს, ამაში შედიოდა ხშირ შემთხვევაში, როგორც თავშესაფრით უზრუნველყოფა, ასევე საკვებით, მედიკამენტებით მომარაგება და სხვა.
ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდგომ და მას შემდეგ, რაც მსოფლიოში დაწესებული მკაცრი შეზღუდვები ეტაპობრივად გაუქმდა, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სახელმწიფოს ორგანიზებით ჩარტერული რეისების შეჩერების შესახებ, თუმცა ფრენები ევროპის მიმართულებით არ შეჩერებულა და კომპანია „აირზენას“ მიეცა საშუალება, ეწარმოებინა კომერციული ფრენები ევროპის მიმართულებით ბაზარზე არსებული საჭიროების გათვალისწინებით და დღეის მონაცემებით, მხოლოდ ივლისის თვეში უკვე დაგეგმილია 12 კომერციული რეისი (კვირაში 3 ფრენა), რაც კარგი შესაძლებლობაა ჩვენი მოქალაქეებისთვის, დაგეგმონ გამომგზავრების მარშრუტები და სურვილის შემთხვევაში ჩამოვიდნენ სამშობლოში.
აღსანიშნავია, რომ მაისის მეორე ნახევარში დაგეგმილ რეისებზე, ვიდრე მიღებულ იქნებოდა გადაწყვეტილება ჩარტერული ფრენების შეჩერების შესახებ, უკვე საგრძნობლად იყო შემცირებული საქართველოში დაბრუნების მსურველთა რაოდენობა
ბუნებრივია, ვითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ შესაძლოა, ყოველთვის არსებობდეს ადამიანების გარკვეული რაოდენობა, ვინც საჭიროებენ სამშობლოში გამომგზავრებას, ყოველ ასეთ შემთხვევაში, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები მზად არიან, დაეხმარონ ჩვენს მოქალაქეებს გამომგზავრების მარშუტების დაგეგმვაში.
გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ სრულყოფილად საერთაშორისო ფრენები ჯერ არ აღუდგენია არც ერთ სახელმწიფოს. გამომდინარე იქიდან, რომ პანდემიასთან დაკავშირებული სურათი მსოფლიოში კვლავ არასტაბილური და ცვალებადია, საქართველოს სახელმწიფოს უმთავრესი ამოცანაა, შეინარჩუნოს ეპიდგავრცელების მხრივ დღეს ქვეყანაში არსებული სურათი, რაც უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, სახელმწიფოს ჯანდაცვის სისტემისთვის, ეკონომიკისა და უსაფრთხოებისთვის“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ცნობისათვის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი ამსტერდამის, ვენისა და თელ-ავივის მიმართულებით ჩარტერულ რეისებს შემდეგი განრიგით გეგმავს:
4 ივლისი, თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენა 06:50, მოფრენა 17:15);
6 ივლისი, თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);
11 ივლისი, თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენა 06:50, მოფრენა 17:15);
18 ივლისი, თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენა 06:50, მოფრენა 17:15);
20 ივლისი, თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);
25 ივლისი, თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენა 06:50, მოფრენა 17:15);
27 ივლისი, თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);
ვენის მიმართულებით ჩარტერული რეისების შესრულება შემდეგი განრიგით იგეგმება:
5 ივლისი, თბილისი - ვენა - თბილისი (გაფრენა 16:30, მოფრენა 00:10 +1);
12 ივლისი, თბილისი - ვენა - თბილისი (გაფრენა 16:30, მოფრენა 00:10 +1);
თელ-ავივის მიმართულებით ჩარტერული რეისი შემდეგი განრიგით შესრულდება:
2 ივლისი, თბილისი - თელ-ავივი - თბილისი (გაფრენა 07:10, მოფრენა 13:15)
"ჯორჯიან ეარვეისის" ვებ-საიტის მონაცემებით, აგვისტოს პირველ რიცხვებში ბილეთები სხვადასხვა ქალაქიდან თბილისის მიმართულებით დაახლოებით, 1000 ლარის ფარგლებშია. მაგალითისთვის, პირველ აგვისტოს რეისი ამსტერდამი-თბილისი 1041 ლარი ღირს, ვენა-თბილისი 2 აგვისტოს - 945 ლარი.
საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, დღეს ან ხვალ გახდება ცნობილი, გაუხსნის თუ არა ევროკავშირი საქართველოს საზღვრებს.
როგორც ზალკალიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველო არის 15 უსაფრთხო ქვეყნის სიაში, თუმცა ამას სჭირდება ოფიციალური დადასტურება ევროკავშირის მხრიდან. მისივე თქმით, დადასტურების შემდეგ ევროკავშირს ექნება კონკრეტული რეგულაციები, რასაც ის საქართველოს მოქალაქეებს დაუწესებს და მინისტრის თქმით, ამ რეგულაციებს მთავრობა შეასრულებს.