ავტორი:

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული თენგო ბარბაქაძის ადვოკატი - "ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ პირს არავითარ ძალადობაში, მითუმეტეს ჯგუფურში მონაწილეობა არ მიუღია"

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული თენგო ბარბაქაძის ადვოკატი - "ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ პირს არავითარ ძალადობაში, მითუმეტეს ჯგუფურში მონაწილეობა არ მიუღია"

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ თენგო ბარბაქაძის ადვოკატი გიორგი ფოფხაძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი თავს უდანაშაულოდ ცნობს.

როგორც მან ჟურნალისტებს სასამართლოს სხდომის დაწყებამდე განუცხადა, ბრალდებული პროკურატურის მიერ გავრცელებულ კადრებში არ ფიგურირებს.

"გუშინ გვიანობამდე ველოდებოდი საქმის მასალების გადმოცემას, რომელიც ძალიან გვიან გადმოგვცეს. ღამის 01:00 საათზე დამიკავშირდნენ და თურმე, კიდევ რაღაც ნაწილი იყო დარჩენილი. გვთხოვეს, რომ 08:30 საათზე მივსულიყავით, თუმცა ვერანაირად ვერ შევძლებდით. მთელი ღამის მანძილზე მუშაობა მომიწია. ასეთი რამ არ გამიგია, აღკვეთის ღონისძიება 09:30 საათზე ჩაინიშნოს და დოკუმენტები ღამის 01:00 საათზე გადმოგვცენ, ისიც არასრულყოფილი.

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირი ბრალს არ აღიარებს და თავს უდანაშაულოდ ცნობს. შუამდგომლობით მივმართავ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, ჯგუფურ ძალადობაზეა საუბარი.

იმედი მაქვს, რომ სასამართლო საქმეს სამართლის პრინციპიდან მიუდგება და არა აჟიტირებული საქმიდან გამომდინარე. პროკურატურის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირი არ ჩანს, არავითარ ძალადობაში, მითუმეტეს ჯგუფურში მას მონაწილეობა არ მიუღია", - აცხადებს გიორგი ფოფხაძე.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული 17 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მცხეთის სასამართლო მსხჯელობს. სხდომა დახურულ რეჟიმში ტარდება.

პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ 17-ვე პირს ბრალდება წარუდგინა ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 225-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით“.

შეგახსენებთ, რომ 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

"ჩემი მანქანის წევრებმა ბუჩქებიდან ამოიყვანეს ერთი პირი, ესაუბრებოდნენ და ამშვიდებდნენ" - რას ყვება ჩვენებაში შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული მორაგბე

სროლა გურჯაანში - გარდაცვლილია ერთი ახალგაზრდა, ერთი კი მძიმედ არის დაჭრილი

"ვაპირებთ, რომ აღკვეთის ღონისძიების საკითხი გავასაჩივროთ სტრასბურგის სასამართლოში" - შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული მორაგბეების ადვოკატი